ქალი მეუღლის გულთან ერთად იყო დაკრძალული

womanარქეოლოგებმა საფრანგეთში, ქალაქ რენში, სენ–ჟოზეფის სამლოცველოში გათხრებისას არისტოკრატი ქალის სამარხს მიაკვლიეს. 359 წლის წინ გარდაცვლილი ქალბატონის ნეშტი კარგად იყო შემონახული. თუმცა მეცნიერები უფრო მეტად სხვა დეტალით დაინტერესდნენ. ძვირფას ტანსაცმელში გამოწყობილი ქალი, ქვის კუბოში მეუღლის გულთან ერთად იყო დაკრძალული.

ეს უნიკალური აღმოჩენა შარშანდელია, მაგრამ მეცნიერებს ნეშტის შესასწავლად და მის შესახებ მაქსიმალური ინფორმაციის მოსაპოვებლად ერთი წელიწადი დასჭირდათ. კერძოდ, მათ შეძლეს გარდაცვლილის ვინაობის დადგენა. ის ფრანგი ლუიზა დე კუენგო აღმოჩნდა ბრეტანის რეგიონიდან.

ლუიზა ფრანგი დიპლომატის, გრაფ დე ბრეფეიაკის მეუღლე იყო და 1656 წელს გარდაიცვალა. ქალის სხეული საკმაოდ კარგად იყო შემონახული და ამაში დიდი წვლილი მის ძვირფას კაბას მიუძღოდა.

ასევე ქვის კუბოში აღმოაჩინეს გარდაცვლილის თავსაბურავი და ფეხსაცმელი. საინტერესოა, რომ სენ–ჟოზების სამლოცველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილ სხვა 800 საფლავში მხოლოდ ჩონჩხის ფრაგმენტებს მიაკვლიეს.2869

ლუიზა დე კუენგოს ნეშტი იმდენად კარგად იყო შემონახული, რომ ექსპერტებმა შეძლეს მისი სიკვდილის მიზეზის დადგენაც კი. სპეციალისტების აზრით, მას კენჭები ჰქონდა თირკმელში და საკმაოდ სერიოზული პრობლემები – ფილტვებში.

როგორც ჩანს, დიპლომატი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ქალმა მონაზვნობა არჩია. ამის მიუხედავად, ლუიზა დე კუენგოს გარდაცვალების შემდეგ გრაფ დე ბრეფეიაკის გული მაინც მასთან ერთად დაკრძალეს.

არისტოკრატი ქალის ნეშტს თავიდან დაკრძალავენ, მის ტანსაცმელს კი რესტავრაციის შემდეგ მუზეუმში განათავსებენ.

Leave a comment

Your email address will not be published.


*