ქართლ–კახეთის საშინაო და საგარეო მდგომარეობა XVIII საუკუნის შუა ხანებში

ქართლ–კახეთის ძალაუფლების განმტკიცება და გაფართოება.

Full_Portrait_of_Nadir_Shah

ნადირ შაჰი

1745–1750 წლებში ქართლ–კახეთი ძალას იკრებდა და რეგიონში გავლენას იფართოებდა. ეს პროცესი უმტკივნეულო არ ყოფილა. ჯერ იყო და ამდენ ნაფერებ ქართველებს მოულოდნელად ნადირ შაჰი შემოსწყრა და უზარმაზარი გადასახადი (200 000 მ.) შეაწერა. მეფეები ომისთვის მოემზადნენ, ხალხი მთებში გახიზნეს. შემდეგ ყაენი თითქოს მოლბა, ქვეყანას გადასახადი აპატნია; მაგრამ ერეკლე მეფე თავისთან დაიბარა. ქართველი პოლიტიკოსები ერეკლეს წასვლას არ გაუპირდნენ და ეს მისია თეიმურაზმა იკისრა. არავინ იცის, რით დამთავრდებოდა მისი ვიზიტი ერანის ცბიერ გამგებელთან, მაგრამ ნადირს თეიმურაზთან შეხვედრა თურმე არ ეწერა. იგი 1747 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა.

ერანის საქმეები კვლავ აიშალა. ტახტის მაძიებლები ერთმანეთს დაერივნენ, თუმცა ქართველი მეფე ყველასთან ახერხებდა კეთილი ურთიერთობის დამყარებას.

1749 წელს თეიმურაზ მეფე სამშობლოში დაბრუნდა.

ერანის კარზე დაწყებულმა არეულობებმა ამიერკავკასიაშიც გაართულა სიტუაცია. მცირე სახანოები ერთმანეთს დერივნენ. სუსტები და დაჩაგრულები საშველად დიდი ავტორიტეტის მქონე საქართველოს მიმართავდნენ და გაწეული დახმარების სანაცვლოდ მორჩილებას და ხარკს სთავაზობდნენ. ასე დაიქვემდებარეს და დახარკეს 1749 წელს ერევნის სახანო. იმავე წელს ქრისტიანმა მეფეებმა ნახიჭევანის ბამან ხანის მფარველობაც იკისრეს და დაიქვემდებარეს.

განჯის შავერდი ხანმა მეფეებს გაძლიერებული ყარაბაღის ფანა ხანის წინააღმდეგ სთხოვა დახმარება და ისეთივე ხარკი და მორჩილება იკისრა, როგორიც ერევნის ხანმა. მეფეებმა ეს საკითხიც დადებითად გადაწყვიტეს.

ყარაბაღის ლაშქრობის ძლევამოსილი დასრულება გარკვეული ეტაპი იყო ქართლ–კახეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ბარგუშეთში ქართველებმა და ყარაბაღის ფანა ხანმა ერეკლესა და თეიმურაზის სასურველი ხელშეკრულება დადეს, რომელშიც ხანი ქართველთა პირველობას აღიარებდა და მის მოკავშირეობას კისრულობდა. ქართველთა ძალა და ავტორიტეტი მთელ კავკასიაში გახდა ცნობილი.

ერანში ტახტისთვის ბრძოლა გრძელდებოდა. ქართველთა სასურველი პრეტენდენტი შაჰ როჰი იყო. მაგრამ მისი ტახტზე აყვანა ვერ მოხერხდა. ტახტის გარშემო დიდი ცილობა გრძელდებოდა. მეფე ერეკლემ ერთ–ერთი მთავარი პრეტენდენტის ალი გარდან ხანის წინააღმდეგ გაილაშქრა და თავრიზამდეც კი მიაღწია, მაგრამ მისი წინსვლა ავღანთა საპასუხო მოქმედებამ შეაფერხა, რომლებმაც ტახტის პრეტენდენტის აზატ ხანის მეთაურობით არეზი გადმოლახეს და ნახიჭევანს და ერევანს დაემუქრნენ. 4 000–იანი რაზმით ერეკლე ერევნის სახანოში გადავიდა. მის წინააღმდეგ 18 000–იანი ლაშქრით აზატ ხანი გამოეშურა, პირველ შეტაკებაში მათ ქართველთა მოწინავე რზმი დაამარცხეს, მაშინ ძირითად შენაერთებს თვით ერეკლე ჩაუდგა სათავეში და ისე ხერხიანად და ნიჭიერად წარმართა ბრძოლა, რომ მტრის 4–ჯერ აღმატებული ლაშქარი სასტიკად დაამარცხა, გააქცია და უამრავი ნადავლი დაატოვებინა. ეს იყო ქართველთა ბრწყინვალე ოპერაცია, რომელიც სამხედრო ხელოვნების ნებისმიერ სახელმძღვანელოს დაამშვენებდა.

ქართველთა გამარჯვებების ექო ძილს უფრთხობდა მაჰმადიან ხანებს, რომლებიც შიშობდნენ, რომ ქრისტიანები ერანში თავის კანდიდატს გაამეფებდნენ და ამის წინააღმდეგ ზომებს გეგმავდნენ.

ქვეყნის პოლიტიკური გაძლიერება ქრისტიანობის განმტკიცენაშიც გამოიხატა. საქართველოს ოსური მოსახლეობა ინტენსიურად ექცეოდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე.

ქართლ–კახეთის სამეფოს გაძლიერების პროპორციულად მწვავდებოდა ჭარ–ბელაქნის საკითხი. ეს იყო დაღესტნის მოავაზაკო ელემენტების მეზობელ ბარელებზე თავდასხმის ფორპოსტი. ქართველთა გაძლიერება დაღესტნელთა თარეშის აღკვეთას გამოიწვევდა, შესაბამისად ქართლ–კახეთის წინააღმდეგ მათი ამხედრება კანონზომიერი იყო. თავის მხრივ ვერც ქართველები დაიგულებდნენ თავს მშვიდად, ვიდრე ამ პერმანენტულ თავდასხმებს არ შეაჩერებდნენ.

Nadershahtomb

ნადირ შაჰის საფლავი

1750 წელს ლეკებმა ქართლ–კახეთზე გენერალური შეტევა წამოიწყეს. მათმა 7 000–იანმა ლაშქარმა ერთდროულად კახეთს და ყაზახს შეუტია. ქართველებმა ენერგიული მოქმედებით ამ საფრთხის უკუგდება მოახერხეს: მტერი სასტიკად დაამარცხეს და ახლა უბატონო თემების დაპყრობის სამზადისს შეუდგნენ. მაგრამ ამ მნიშვნელოვან წამოწყებას შაქი–შირვანის ხანი აჯი ჩალაბი აღუდგა წინ. 1751 წელს ჭარელების წინააღმდეგ გალაშქრებულ მეფეებს მოულოდნელად სწორედ მის რაზმთან მოუხდა შეტაკება. მტრის სამხედრო ფანდზე წამოგებული ქართველები 15 თებერვალს აგრი–ჩაის ნაპირებთან სასტიკად დამარცხდნენ.

ეს მარცხი ერთგავარად გაანელა იმ ხანებში ყარაბულახთან აზატ ხანზე ბრწყინვალე გამარჯვებამ; მაგრამ აჯი ჩალაბის დასჯა ამიერკავკასიაში ქართველების პრესტიჟს უკავშირდებოდა. მის წინააღმდეგ გასალაშქრებლად გამზადებულმა მეფეებმა მოულოდნელად შეიტყვეს, რომ მოკავშირე ხანებმა (განჯა, ერევანი, ყარაბაღი, ნახიჭევანი) მათ უღალატეს და მტრის მხარეს გადავიდნენ. მეფეებმა ბრძოლისგან თავის არიდება გადაწყვიტეს, მაგრამ უკან გამობრუნებულებს მტერმა გზა გადაუკეტა და 1752 წლის აპრილში, ფიცხელ ბრძოლაში ქართველები კვლავ დამარცხდნენ.

ვითარებამ კრიტიკული ხასიათი მიიღო. მეფეები სამი თვე ემზადებოდნენ შერყეული პრესტიჟის აღსადგენად. ამ ხანებში მეზობელი ხანებისგან წაქეზებული ლეკები საქართველოს ერთი წუთითაც არ ასვენებდნენ.

აჯი ჩალაბის რაზმები თბილისიდან 60 კილომეტრზე იდგნენ. ერთდროულად ქართლ–კახეთის ტერიტორიაზე ავართა დიდი ლაშქარი მოქმედებდა. ამასობაში ქართველებმა მზადება დაასრულეს. ერთი პირობა რუსებსაც კი სთხოვეს დახმარება, მაგრამ იქიდან კვლავ უარი მიიღეს. ამ მოსალოდნელ უარს მეფეთა განზრახვა არ შეუნელებია. 1 სექტემბერს თბილისიდან 20 კილომეტრზე მათ ლეკთა დიდი ლაშქარი გაანადგურეს. 5 სექტემბერს კი აჯი ჩალაბის ლაშქარს გადამწყვეტი ბრძოლა გაუმართეს ყაზახისა და შამშადილის საზღვარზე, თულქი–თაფასთან და ერთიანად გაჟლიტეს. ამასთან, სამაგალითოდ დასაჯეს ყაზახი და შამშადილოელი მოღალატეები.

1752 წლის ელჩობა რუსეთში. 

ქართველებმა ამიერკავკასიაში მდგომარეობა განიმტკიცეს. აზატ ხანმაც ხელი აიღო საქართველოს დაპყრობის განზრახვაზე და ზავი შემოთვალა.

მაგრამ ეს დროებითი წარმატება იყო და ყველაფერი ერანში განვითარებულ მოვლენებზე იქნებოდა დამოკიდებული. მით უმეტეს, რომ მეფეების პოლიტიკით შეშფოთებული თურქეთი ყოველმხრივ მათ ვნებას ესწრაფვოდა,

Carle_Vanloo,_Portrait_de_l’impératrice_Élisabeth_Petrovna_(1760)

იმპერატორი ელისაბედ I პეტრეს ასული

ამ ხანებში ქართველთა პოლიტიკაში რამდენიმე საკიტხი მომწიფდა, რომელტა გადაწყვეტა ძლიერი გარეშე ძალის ჩარევის გარეშე შეუძლებელი ჩანდა: სპარსეთის დასუსტებისა და თურქეთის ანტიქართული განწყობის ვითარებაში ასეთ ძალად მხოლოდ რუსეთის სახელმწიფო შეიძლება გამოსულიყო.

ამ მიზნით 1752 წლის 30 მაისს რუსეთში გაიგზავნა ელჩობა მიტროპოლიტ ათანასე თბილელისა და თავად სვიმონ მაყაშვილის მეთაურობით.

საკითხები, რომელთა დაყენებაც ელჩებს ევალებოდათ, სააშკარაოზე გამოსატანი არ იყო, თუმცა ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ იგი პირველ რიგში ერანში მოსალოდნელ ხელისუფლების საკითხებს ეხებოდა. იქ ვიტარება ჯერ კიდევ გაურკვეველი იყო. ქართველებმა კარგად იცოდნენ თურქების ინტერესები ამ რეგიონში და ქვეყნის სათავეში მათი ორიენტაციის პიროვნების გაყვანის მისწრაფება. ითვალისწინებდნენ რა ქართველ პოლიტიკოსთა დიდ ავტორიტეტს და ქართული სამხედრო შენაერთების ძალას და გავლენას, თურქები ვარაუდობდნენ, რომ თუ რუსეთის სურვილიც იქნებოდა, ამ პრობლემის მათთვისაც მისაღები გადაწყვეტა არ გაჭირდებოდა, მით უმეტეს, რომ ამგვარი გადაწყვეტა ქართველებსაც ხელს აძლევდათ.

უფრო აშკარა და დაუფარავი სათხოვარი ლეკთა საკითხის მოგვარებაში დახმარების თხოვნა იყო.

და ბოლოს მესამე სათხოვარი, რომლის გამჟღავნებამაც, ჩვენი აზრით, გადაწყვიტა ელჩობის ბედი, ქართლის ტახტზე რუსეთის მიერ თეიმურაზის მეფობის აღიარება იყო. რუსეთის და ერანის ხელშეკრულებით ქართლის ტახტი ვახტანგის სახლისშვილს უნდა დაეკავებინა; ვახტანგის სახლისშვილები კი იმ დროს პეტერბურგში იმყოფებოდნენ და თავის უფლებებზე ხელის აღებას არ აპირებდნენ. ყველაფერი კი იმან გადაწყვიტა, რომ ელჩობის მთავარი ხელმძღვანელი, ათანასე თბილელი, ქართლის სამეფის წარმომადგენელი და ვახტანგის სახლისშვილთა ინტერესების დამცველი გამოდგა. ამიტომ მან ისე მოახერხა, რომ რუს პოლიტიკოსთა წინაშე ეს საკითხი საერთოდ არ დააყენა, რის გამოც მას ქართველ მეფეებთან პასუხისგება მოუწევდა და ამიტომ სამშობლოში ვერ დაბრუნდა.

1752 წლის ელჩობა ფაქტობრივად ჩაიშალა.

ქართლ–კახეთის ურთიერთობა ამიერკავკასიის პოლიტიკურ ერთეულებთან.

p1040336

ერეკლე II

ჩაშლილ ელჩობას უშედეგოდ არ ჩაუვლია. ყოველ შემთხვევაში, მისი საიდუმლო მუხლები ქართველთა ერანში შეჭრის განზრახვის და სასურველი შაჰის ტახტზე აყვანის თაობაზე გავრცელდა და ამიერკავკასიის სახანოებამდე თავისებური შეფერილობით მიაღწია: “ქართველებს ერანის ტახტის ხელში ჩაგდება, ერანის და მისი ქვეშევრდომი გაქრისტიანება სურთ” და ა. შ.

ამ ხმების გავრცელებას ევროპელი თანამედროვენიც ადასტურებდნენ. მაგალითად, ინგლისელ მოგზაურს, ჰანვეისაც მიაჩნდა, რომ ერეკლე შაჰის ტახტისთვის იბრძოდა, თუმცა ქრისტიანობისა და, აგრეთვე, თურქეთთან მოსალოდნელი დაპირისპირების გამო, ამ მიმართულებით მის შესაძლო წარმატებას ერთობ საეჭვოდ მიიჩნევდა.

ასე იყო თუ ისე, ერანის ცენტრალური ხელისუფლების სისუსტემ ამიერკავკასიის საქმეები კიდევ უფრო აირია და მათ მოწესრიგებაში ქართველი მეფეები სასიცოცხლოდ იყვნენ დაინტერესებულნი. წესრიგის აღსადგენად კი საკუთარი ძალაუფლების განმტკიცება იყო საჭირო.

ლეკების წინააღმდეგ ბრძოლას უშუალოდ ერეკლე II ხელმძღვანელობდა და ამ საქმეს უდიდეს ენერგიას ახმარდა: არსებული ცნობით, ფაქტობრივად იგი გამუდმებით ცხენიდან არ ჩამოდიოდა და ყაზახთა ურდოებს დასდევდა. ხშირად 2–3 დღე უნაგირზე თავმიდებულს ეძინა და მუდამ მზად იყო ახალ ბრძოლაში ჩასაბმელად.

იმ ხანებში გათამამებულმა ლეკმა ავაზაკებმა მოქმედების გეგმა შეცვალეს და წვრილ–წვრილი ძარცვების პარალელურად ქართლ–კახეთის ერთიანი განადგურება გადაწყვიტეს.

1754 წელს ხუნძახის ბატონმა დიდ ლაშქარს მოუყარა თავი და ალაზანი გადმოლახა. ერეკლე მხნედ შეეგება რიცხვმრავალ მომხვდურს. სასტიკი ბრძოლა 10 აგვისტოს გაიმართა მჭადიჯვართან, დუშეთის მიდამოებში. ერეკლეს სიმხნემ და სამხედრო ნიჭმა ომის ბედი ქართველთა სასარგებლოდ გადაწყვიტა. ბრძოლის ერთ–ერთი მონაწილის სიტყვით, რომ ვთქვათ, “რა გასჭირდა ომი, ბრძანა ბატონმა დაქვეითება ჯარისა; გადახტა თვით მეფე ერეკლე ცხენიდან და უბრძანა დაქვეითება ყოველთა. – “ეს არის დღე ვაჟკაცობისაო და სიყვარული სჯულისაო”. გამხნევებულმა ქართველებმა გულსრულად შეუტიეს მტერს. მათ პირადი გმირობით თვით ერეკლე აძლევდა მაგალითს: დაერივნენ ქართველები თოფებისა და ზამბურაკების ცემით და გააქციეს მომხვდურები. “წავიდა ეს დამარცხებული ჯარი, გაიარა და დახვდნენ კახნი და დაუმარცხეს. მივიდა ხუნძახის ბატონი სირცხვილეული დაღესტანს”…

ქართველები ზეიმობდნენ, თუმცა ლეკთა წვრილ–წვრილი შემოტევები მაინც გრძელდებოდა.

ყვარლის ციხის გმირული დაცვა.

14

ყვარლის ციხე

მჭადიჯვართან განცდილმა მარცხმა ხუნძახის ბატონს, ნურსალ ბეგს, ჭკუა ვერ ასწავლა. მიყენებული სირცხვილის მოსაწმენდადიგი გულდაგულ შეუდგა ახალი შემოტევისათვის მზადებას. მტელი დაღესტანი და ჭარ–ბელაქანი ფეხზე დააყენა. ოციათასიანი ლაშქარი შეჰყარა და ყვარლის ციხეს მიადგა.

ქართველებიც საგანგებოდ მოემზადდნენ. ხალხი ციხეებში შეიყვანეს. მტერი ყვარლის ციხის პირდაპირ დადგა. გაჩაღდა ომი, მოალყეებმა მაღალი კიბეები დაამზადეს ისე, რომ შიგ ციხეში ჩაისროდნენ თოფს. მეციხოვნეთა გასამხნევებლად ერეკლემ ციხეში დამხმარე რაზმის შეგზავნა გადაწყვიტა: მოხალისე თავადი, აზნაური თუ გლეხი 206 ვაჟკაცი შეგროვდა.  რაზმმა დიდი გმირობით გაიკვალა გზა და ციხეში შევიდა. თან თოფისწამლის მარაგი შეიტანა. მეციხოვნეებმა გაათმაგებული ენერგიით გაშალეს ბრძოლა. ამავე დროს ერეკლემ მარბიელი რაზმები ჭარის დასარბევად გაგზავნა და იქიდან უამრავი საქონელი გამოზიდეს. მოალყე ჭარელები შეშფოთდნენ და სახლში წასვლა გადაწყვიტეს. ნურსალ ბეგი ერთხანს ახერხებდა მოალყეთა შეჩერებას, მაგრამ ბოლოს თავდამსხმელთა რაზმი დაიშალა. ერეკლემ ჯარს მათთან შებმა კი არ უბრძანა, არამედ ალაზნის პირას გააჩერა, რათა უკან გაბრუნებული ჭარელები ალყაში მოექციათ. მეფის ხერხმა გაჭრა. ჭარელებმა ციხე მიატოვეს: ამის გამო მათსა და ლეკებს შორის უთანხმოება ჩამოვარდა და ერთმანეთს დაერივნენ.

საბოლოოდ ნურსალ ბეგმა, შურისძიების ნაცვლად, ახალი მარცხი იწვნია.

1756 წელს დაღესტნელებს ახალი ორგანიზატორი, კოხტა ბელადი გამოუჩნდათ. 1757 წელს ისინი ლიახვის ხეობას მოადგნენ, მაგრამ ქართველებმა მათი დამარცხებაც მოახერხეს. ეს დროებითი სულის მოთქმა იყო.

მტრებით გარშემორტყმული ქართლ–კახეთი მოკავშირის და დამხმარე ძალის ძიების აუცილებლობის წინაშე დადგა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*