ქვაში ნაკვეთი ინდოეთის ქალაქები

ელორა სოფელია ინდოეთის შტატ მაჰარაშტრაში, ქალაქ აურანგაბადიდან ჩრდილოეთით, 29 კილომეტრში. იუნესკომ 1983 წელს აქ შემონახულ კლდოვან მღვიმეთა სისტემა, მრავალრიცხოვანი ტაძრებით, მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. ეს უზარმაზარი კომპლექსი მსოფლიოში ყველაზე დიდი მონოლითურ კლდეში ნაკვეთი სტრუქტურაა.

ბაზალტის კლდისგან აგებული ჩორანანდრის ბორცვზე 100-ზე მეტი მღვიმეა. მათგან ღიაა 34. გახსნილი მღვიმეებიდან სამხრეთში 12 მღვიმე ბუდისტურია, ცენტრში არსებული 17 – ინდუისტური, ხოლო ჩრდილოეთით 5 – ჯაინისტური. ტაძრების სამივე ჯგუფი, თავისი ღვთაებებითა და მითოლოგიური პერსონაჟებით, ერთმანეთთან ახლოს არის აგებული, რაც ძველ ინდოეთში არსებულ რელიგიურ ჰარმონიას ადასტურებს. ყველა ეს ძეგლი ინდუისტური დინასტიების დროს არის შექმნილი.

მღვიმეთა კომპლექსი VI-IX საუკუნეებში აიგო. მათგან ყველაზე ცნობილი და მნიშვნელოვანია კაილაში N16 (იგივე “კაილასანათჰა”). ეს სამხრეთში მცხოვრები ტომების – დრავიდების კარგად შემორჩენილი ხუროთმოძღვრული ნაგებობის ნიმუშია და ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს ძეგლს წარმოადგენს. გადმოცემით, მის შექმნა 7 ათასმა ადამიანმა 150 წელიწადი მოანდომა.

ტაძარი ერთიან მონოლითურ კლდეში გამოკვეთილი ეზოს სიღრმეშია. შესასვლელის თავში კლდეში ნაკვეთი შივას, ვიშნუსა და სხვა ღვთაებების კოლოსალური ქანდაკებებია. მათ უკან ლოტოსის ყვავილზე მწოლიარე ქალღმერთ ლაქშმის დიდი ქანდაკებაა, რომელიც სპილოებით არის გარშემორტყმული. ეზოს სამხრეთ და ჩრდილოეთ ბოლოებში გიგანტური სპილოები დგას. ტაძრის გარშემოც სპილოების, ლომების თუ გრიფების დიდი ზომის ქანდაკებებია სხვადასხვა პოზებში. თავად ტაძარი შივას სახელობისაა, თუმცა შიგნით ვიშნუსა და სხვა ღვთაებების ქანდაკებებით არის სავსე. შემორჩენილი წარწერის თანახმად, “ეს დიადი შენობა ბორცვზე ააგო ელაპურის კრიშნარაჯამ” (ადრე ელორას ელაპური ერქვა).

ბუდისტურ ჯგუფში არსებული მღვიმეებიდან ორი უნიკალურია და ორივე წარმოადგენს დარბაზს, ცენტრში სატრაპეზო სკამებითა და ბუდას ქანდაკებით უკანა ნაწილში – ასეთი განლაგება ინდოეთში სხვაგან არსად არის. აქ არის მონასტრები და მთავარი ბუდისტური სამლოცველო დარბაზი…

ელორას თითქმის ყველა მღვიმე უნიკალური და საინტერესოა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ელორამდე (ამავე შტატის ტერიტორიაზე 100 კილომეტრის დაშორებით) შეიქმნა ასევე ფრიალო კლდეში გამოკვეთილი ბუდისტური მონასტერი აჯანტა, რომელიც 29 გამოქვაბულისგან შედგებოდა, თუმცა ელორას აგების შემდეგ ის თანდათან მიივიწყეს. დღეს კი ისიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.

წყარო – “ისტორიანი

Leave a comment

Your email address will not be published.


*