ქვის ხანის ხელოვნება ბასკეთიდან

პირენეს ნახევარკუნძულზე 14,5 ათასი წლის კედლის მხატვრობის ნიმუშები აღმოაჩინეს. სპეციალისტებმა მას უკვე უწოდეს “ყველაზე სანახაობრივი და შთამბეჭდავი”. ორმოცდაათამდე გამოსახულებას ბასკეთის ქალაქ ლეკეიტიოს ახლოს მიაკვლიეს. მათ შორის არის ცხენების, ბიზონების, თხებისა და ლომის ორი გამოსახულება, რაც ამ მხატვრობას ბისკაის პროვინციის მღვიმეებში ნაპოვნი სხვა ნიმუშებისგან მკვეთრად განასხვავებს.

გამორჩეულია რამდენიმე ნახატი. მაგალითად, ერთ–ერთი ცხენის სიგრძე 150 სანტიმეტრია.

“ეს კაცობრიობის საგანძურია”, – ამბობს ბისკაის პროვინციის ხელისუფლების წარმომადგენელი უნაი რემენტერია. მისი თქმით, აღმოჩენა არმინტექსის მღვიმეში ჯერ კიდევ მაისში გაკეთდა, თუმცა კვლევები ამ დრომდე გრძელდება.

მღვიმეს ადგილობრივები კარგად იცნობდნენ, მაგრამ 50 მეტრის სიღრმეში, სადაც კედლის მხატვრობის თითქმის 15–მეტრიან “ტილოს” მიაკვლიეს, მანამდე არავინ იყო შესული.

ცხოველების ოცდაათამდე გამოსახულებასთან ერთად ნაპოვნია ოცამდე გაურკვეველი ობიექტი, რომელიც ნახევარწრეებისა და ხაზებისგან შედგება. ისინი მეტად ჰგავს საფრანგეთის პირენეებში აღმოჩენილ ნახატებს. ამას გარდა, მსგავსი ლომების გამოსახულება და ხატვის ტექნიკაც. ამიტომ მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მხატვრობის ავტორ მონადირე–შემგროვებლებს ერთმანეთთან შესაძლოა კონტაქტი ჰქონოდათ.

ლეკეიტიოსთან, არმინტექსის მღვიმეში აღმოჩენილი მხატვრობა მკვლევართა წინასწარი შეფასებით, სულ მცირე 12 ათასი წლის წინ უნდა იყოს შექმნილი, ყველაზე დიდი კი – 14, 5 ათასი წლის წინ.

მნახველებისთვის მღვიმე ჯერ არ გაუხსნიათ. ერთ–ერთი მიზეზი მისი მიუვალობაა. ამასთან, ადგილობრივ ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ უძველეს მხატვრობას ასე დაზიანებისა და განადგურებისგან დაიცავენ და აპირებენ, რომ ახალაღმოჩენილი მხატვრობის ნიმუშები საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით გახადონ.

წყარო – “ისტორიანი”

Leave a comment

Your email address will not be published.


*