ქილა კბილის ჯაგრისისთვის… 4000 წლის აღმოჩნდა

როცა ინგლისელმა კარლ მარტინმა კბილის ჯაგრისების ჩასაწყობად ძველმანების ბაზრობაზე 4 გირვანქად ორი პატარა ქოთანი იყიდა, ვერ წარმოიდგენდა, რომ განძის მფლობელი გახდებოდა. მას უბრალოდ ლამაზი ქილების შეძენა სურდა და მათ სწორედ ამ დანიშნულებით იყენებდა ხუთი წლის განმავლობაში.

წარმოიდგინეთ მისი გაკვირვება, როდესაც პატარა ქილა ანტილოპის გამოსახულებით უძველესი არტეფაქტი აღმოჩნდა, რომელიც 4000 წლის წინ, ინდის ხეობაში მცხოვრებ პარაპას ცივილიზაციას ეკუთვნის.

კარლ მარტინი: “ქილა სააბაზანოში იდგა და მასში ჩემს კბილის პასტასა და ჯაგრისებს ვაწყობდი. რამდენიმე ადგილას პასტის კვალიც კი ეტყობა”.

საგულისხმოა, რომ მარტინი აუქციონერებთან მუშაობს და არტეფაქტები მისთვის უცხო ხილი არ არის, თუმცა არც უფიქრია, რომ შინ ნამდვილი განძი ჰქონდა.

ერთ დღესაც, როცა ანტიკვარიატის ექსპერტ ჯეიმს ბრენჩლისთან მუშაობდა და ვაგონიდან არტეფაქტებს ცლიდა, კერამიკის ჭურჭელი შენიშნა, ძალიან რომ ჰგავდა მის კბილის ჯაგრისების ქილას. მსგავსი იყო ხატვის სტილი და ცხოველთა გამოსახულებაც. ამის შემდეგ კარლმა ქილა შესაფასებლად ჯეიმს ბრენჩლისთან მიიტანა. გაირკვა, რომ ის უძველესი არტეფაქტი იყო, ინდის ხეობიდან, კონკრეტულად, თანამედროვე ავღანეთის ტერიტორიიდან და ძვ. წ. XIX ასწლეულს მიეკუთვნებოდა.

კარლ მარტინი: “არტეფაქტის მხატვრობა და ცხოველთა გამოსახულებები ისეთივე იყო, როგორიც ჩემს ქილაზე. ეს კი ნიშნავს, რომ ის 4000 წლისაა და ქრისტეს შობამდე 2000 წლით ადრე დაამზადეს. როგორ მოხვდა იგი სამხრეთ დერბიშირში, ძველმანების ბაზრობაზე, ვერასოდეს გავიგებ”.

ინდის ხეობა, ეგვიპტესთან და მესოპოტამიასთან ერთად, ცივილიზაციის ერთ–ერთი უძველესი აკვანი იყო. ის თანამედროვე პაკისტანის და ნაწილობრივ, ავღანეთის ტერიტორიას მოიცავდა. ამ ცივილიზაციის ნაშთებმა ჩვენამდეც მოაღწია ნანგრევებისა და სხვა არტეფაქტების სახით. ამიტომ არქეოლოგებს ის კარგად აქვთ შესწავლილი.

უცნობია, როგორ აღმოჩნდა ეს ქილა ძველმანების ბაზრობაზე, სადაც ის კარლ მარტინმა შეიძინა. ჯეიმს ბრენჩლი ვარაუდობს, რომ მრავალი წლის წინ, ის მოგზაურებმა იპოვეს და ინგლისში ჩამოიტანეს.

6_CATERS_TOOTH_BRUSH_HOLDER_FORTUNE-02-768x512

Leave a comment

Your email address will not be published.


*