ყალბია თუ არა ეგვიპტური “მონა ლიზა”

Без имени-1

“მეიდუმის ბატები”

 

უძველესი ეგვიპტური შედევრი, რომელსაც მკვლევართა ნაწილი ეგვიპტური მხატვრობის “მონა ლიზად” მოიხსენიებს, შეიძლება XIX საუკუნის ნაყალბევი აღმოჩნდეს.

“მეიუმის ბატებს” მეიდუმის პირამიდაში 1871 წელს მიაკვლიეს. პირამიდა, სადაც ტახტის მემკვიდრის, უფლისწულ ნეფერმატის სამარხია, ფარაონ სნეფრუს (ძვ. წ. აღ. 2610–2590 წწ.) დროს არის აგებული. სამლოცველოში ნაპოვნი ნახატი კი, სავარაუდოდ, მის მეუღლე ატეტს მიუძღვნეს. სამლოცველო თავის დროზე ლუიჯი ვასალიმ აღმოაჩინა და მანვე ჩამოხსნა ნახატი კედლიდან, რომელიც ამჟამად ეგვიპტეში, კაიროს მუზეუმში ინახება.

Egypt-geese-painting_02

ლუიჯი ვასალი

ფრანჩესკო ტირადრიტი (პროფესორი, იტალიური არქეოლოგიური მისიის ხელმძღვანელი ეგვიპტეში): “ზოგმა მეცნიერმა იგი “ჯოკონდას” შეადარა. როგორც წესი, შედევრის ორიგინალურობაში ეჭვის შეტანა შეუძლებელი ჩანს ხოლმე და ეს მტკივნეული პროცესია, მაგრამ თვეების კვლევის შემდეგ, დავასკვენი, რომ “მეიდუმის ბატების” ფალსიფიკაციის შესახებ ეჭვი ნამდვილად არსებობს”.

ტირადრიტმა გულდასმით შეამოწმა ნახატი როგორც პირადად, ისევე მაღალი გარჩევადობის ფოტოსურათების წყალობით. პირველი, რამაც სპეციალისტი ნახატის ორიგინალობაში დააეჭვა, მასზე გამოსახული ფრინველები იყო. მათგან ორს ნამდვილად ვერ შეხვდებით ეგვიპტეში.

ტირადრიტი წერს, რომ ბათქაშზე შესრულებული ნახატი ასახავს სამ სხვადასხვანაირ ბატის წყვილს. ფრინველებიდან სამი მობრუნებულია მარცხნივ და სამი – მარჯვნივ. ორი თეთრშუბლა ბატია, მარცხნივ მეკალოე ბატებია, ხოლო მარჯვნივ – წითელჩიჩახვიანი ბატის წყვილი.

მეკალოე ბატი ბუდეს ტუნდრასა და ტაიგაში იკეთებს, ხოლო ზამთარში ძალიან სამხრეთით მიფრინავს: ჩრდილოეთ ესპანეთში, საბერძნეთსა და თურქეთში. მაშინ, როცა წითელჩიჩახვიანი ბატი ტუნდრაში ბინადრობს და არასდროს მიდის ზამთარში ასე შორს, როგორიც არის თურქეთი და ეგეოსის ზღვის სანაპირო საბერძნეთში.

ფრინველის სახეობის შესახებ ინფორმაცია თავისთავად არ ამტკიცებს, რომ ნახატი ყალბია, მაგრამ ამის საფუძველზე ტირადრიტი უფრო კრიტიკულად მიუდგა მას.

ექსპერტმა სხვა საეჭვო მომენტებიც შენიშნა. მაგალითად, ზოგი ფერი ძალიან იშვიათია და არ გამოიყენებოდა ძველეგვიპტელ ოსტატთა მიერ.

ფრანჩესკო ტირადრიტი: “ზოგი ფერი, განსაკუთრებით ჩალისფერი, იშვიათია ეგვიპტური ხელოვნებისთვის. თუნდაც გრადაცია ისეთი გავრცელებული ფერისა, როგორიც არის ნარინჯისფერი და წითელი, ვერ სევადარებთ იმავე ფერებს, რაც გამოყენებულია ატეტის სამლოცველოში”.

მეცნიერის აზრით, ეგვიპტისთვის ასევე უჩვეულოა ბატის ფიგურების ერთნაირი ფორმა. ძველი ეგვიპტელები უმთავრესად სხვადასხვა ზომის ფიგურებს ხატავდნენ.

Capitolo 106

ფრანჩესკო ტირადრიტი

ტირადრიტი აღნიშნავს, რომ “მეიდუმის ბატების” ავტორი უფრო შორს წავიდა. მან ორი ბატი ისე გადახარა, რომ ყველა გამოსახულება გაწონასწორებული ჩანს კომპოზიციაში, რაც არ არის დამახასიათებელი ძველეგვიპტური ხელოვნებისთვის. ეს უფრო თანამედროვე ხელოვნების პრინციპებს შეესაბამება.

სპეციალისტთა აზრით, საეჭვოა ნახატზე არსებული ბზარებიც, რომლებიც არასწორად არის შექმნილი და არ შეესაბამება კედლიდან ჩამოხსნილი ნახატის ბზარებს.

ფრანჩესკო ტირადრიტი: “ნახატი “მეიდუმის ბატები” ტოვესბ შთაბეჭდილებას, რომ ის სხვა გამოსახულებას გადააწერეს. ფონი გადაღებულია ნაცრისფერის ლურჯ ტონად. ორიგინალს უნდა ჰქონოდა უფრო კრემისფერი ჩრდილები და ეს შესამჩნევია ნახატის ზოგ ადგილებში, განსაკუთრებით მარჯვენა ზედა კუთხეში და მარჯვნივ, ორი წითელჩიჩახვა ბატის გვერდით”.

თუ ნახატი გაყალბებულია და ტირადრიტი დაამტკიცებს ამას, მაშინ ბუნებრივია, წამოიჭრება კითხვა: ვინ დახატა იგი?

იტალიელი მკვლევარი არ გამორიცხავს, ეს თავად ლუიჯი ვასალის “შემოქმედება” იყოს. იმ მხატვრისა, ვინც სამლოცველოში ნახატი აღმოაჩინა და ჩამოხსნა. ვასალი პროფესიით მხატვარი და კაიროს მუზეუმის კურატორი იყო. ხატვა მან მილანის აკადემია დი ბრერაში ისწავლა.

ეჭვს იწვევს ისიც, რომ თავად ვასალის არასდროს არაფერი უთქვამს და დაუწერია ამ ნახატის შესახებ, რაც ძალიან უცნაურია, რადგან მას ეგვიპტეში გაკეთებულ აღმოჩენებზე მსჯელობა უყვარდა.

ფრანჩესკო ტირადრიტი: “ვასალის ხელნაწერებში არ არის “მეიდუმის ბატების” ხსენება და ეს დუმილი შეიძლება ჩაითვალოს მტკიცებულებად, რომ ნახატი გაყალბებულია. ავტორიც დიდი ალბათობით ვასალი იქნება”.

თუ ტირადრიტის ვარაუდი მართალია, ვასალის მიერ ნახატის გაყალბების მიზეზი საიდუმლოდ რჩება. ტირადრიტის სიტყვებით, შესაძლოა მუზეუმს სჭირდებოდა ნახატი საგამოფენოდ, ტურისტებისთვის ან ის ავტორმა სულაც გასართობად შექმნა.

ტირადრიტი იმედოვნებს, რომ მისი კვლევა დაეხმარება მეცნიერებს უფრო მეტად დაუფიქრდნენ და უფრო კრიტიკულად მიუდგნენ ძველი პერიოდის ხელოვნებას, განსაკუთრებით იმ ფრაგმენტებს, რაც დღეს არტბაზრობაზე იყიდება.

Leave a comment

Your email address will not be published.


*