ყალმით შექმნილი პოეზია ანუ ბოტიჩელის სევდიანი სახეები

ბოტიჩელი…

800px-Sandro_Botticelli_083

სანდრო ბოტიჩელი – “ავტოპორტრეტი”

ხელოვნების ისტორია იცნობს ამაზე ბევრის მეტყველ სახელებსაც, მაგრამ ბოტიჩელი ერთია. ასეთი ინდივიდუალიზებული მხატვარი, ასეთი ფაქიზი, თავისებური და იოლად გამოსაცნობი სტილის ოსტატი იშვიათად ოდესმე ყოფილა.

უნდა ვისარგებლოთ შემთხვევით და გავიხსენოთ სამი “ენის გასატეხი” ტერმინი, რომელთაც ხელოვნებით დაინტერესებული პირი გვერდს ვერ აუვლის. ტრეჩენტო, კვატროჩენტო და ჩინკვეჩენტო.

“ტრეჩენტო” იტალიურად “სამასს” ნიშნავს. იგულისხმება 1300 წელი. უფრო ზუსტად – XIV საუკუნის მხატვრობა; ხოლო “კვატროჩენტო” შეესიტყვება ოთხასს ანუ 1400 წელს. ესაა XV საუკუნის მხატვრობა. უფრო ზუსტად – 1420 წლიდან დაწყებული ადრეული რენესანსის მხატვართა შემოქმედება. დიდი აღორძინების მაუწყებელ ოსტატებს “კვატროჩენტისტებს”ეძახიან. ამის ანალოგიურად, “ჩინკვეჩენტო” ანუ “ხუთასი”, ე. ი. 1500 წლიდან დაწყებული, ხელოვნების დიდ პერიოდს მოიცავს, როცა მოღვაწეობდნენ მაღალი აღორძინების ტიტანები – ლეონარდო და ვინჩი, რაფაელი, მიქელანჯელო, ტიციანი… ხსენებული ტერმინები აღნიშნავს არა მარტო დროს, არამედ სტილსაც.

ამრიგად, დიდი აღორძინება, ესაა ჩინკვეჩენტო, ახალი თვისობრივი ნახტომი. მართალია, წინარე რენესანსის ჟამს დიდი სამზადისი ჩატარდა, მაგრამ მაინც ეს იყო ახალი მოვლენა, ანაზდეული და საოცარი რამ სანახაობა, თეთრი მწვერვალი, ქარიშხალი რომ ნისლებს გაფანტავს და ცალჟვარდში გამოჩნდება, სხვა მწვერვალზე აღმატებული. ფაქტიურად ის დაიწყო ლეონარდო და ვინჩის მუშაობით შუა იტალიაში.

ბოტიჩელის კვატროჩენტისტად თვლიან, მაგრამ სრულიად გამორჩეული ხერხებით, განუმეორებელი ხაზებითა და მანერებით, ნერვული მოუსვენრობით, განყენებული ფანტასტიკურობით არსებითად უარყოფს ამ ეპოქის ხელოვნების ძირითად ხასიათს: ცხოვრებისეულ უშუალობას, რეალისტური ხელწერის ერთგულებას, სამყაროს შემეცნების დაუოკებელ სურვილს.

640px-Sandro_Botticelli_054

“წმ. სებასტიანე” – 1474 წ.

მეორე მხრივ, თუ მაღალი აღორძინების დიდოსტატები, მისი თანამედროვეები, სურათში გარე სამყაროს მშვენიერებას აქსოვდნენ და ქმნიდნენ დიადი უბრალოების ნიმუშებს, ბოტიჩელი თავის ფიქრებშია ჩაკეტილი, თავისებურ შინაგან სულიერ განცდებს აძლევს მეტ გასაქანს და უმალ ლირიკოსია, ვიდრე მხატვარი, თუმცა ყალმით მუშაობს. მთელი ათი წელი იცხოვრა “ტიტანების საუკუნეში”, თუ პირობითად ასე ვუწოდებთ XVI საუკუნეს, ჩინკვეჩენტოს, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი ნაწარმოებიც არ შემონახულა, ამ ათ წელიწადში შესრულებული, რაც ბევრის მეტყველი ფაქტია.

სანდრო ბოტიჩელი – ამ სახელით იცნობს ხელოვნების ისტორია ალექსანდრო დი მირიანო ფილიპეპის. ფლორენციაში დაირწა მისი აკვანი 1445 წელს და იქვე ჩაესვენა მისი ვარსკვლავი 1510 წელს, როცა 35 წლის მიქელანჯელო და 27 წლის რაფაელი ვატიკანის გრანდიოზულ ფრესკებზე მუშაობდნენ. ბოტიჩელი ამ დროს 65 წლის იყო.

სანდროს ქმნილებაში ოქროსფერი ჭარბობს. შესაძლოა, ეს ნაწილობრივ იმითაც აიხსნას, რომ ყრმა იმ დროის გამოჩენილ ოქრომჭედელს, ვინმე ბოტიჩელის მიაბარეს, მისგან გადაიღო ზედწოდებაც და ალბათ ოქროს ფერის სიყვარულიც. მისი მოწოდების საგანი კი ადრევე გამოიკვეთა. ოქრომჭედლობაზე მეტად ფერწერა იზიდავდა. ასე მიაბარეს სახელოვან ბერს, ფრა ფილიპო ლიპის. ადრეული რენესანსის ამ ბრწყინვალე ოსტატისგან მან გადაიღო ის ვნებიანი მისწრაფება, ნათელი სიცოცხლის მგზნებარე სიყვარული, რაც ლიპის სურათებს ახასიათებთ. განიცადა ვეროკიოს, მანტენიას და სხვათა ზეგავლენაც, მაგრამ საოცარი ჰაეროვნება და ფანტასტიკის სიყვარული საკუთრივ ბოტიჩელის მონაპოვარია.

ძირითადად ფლორენციაში მუშაობდა, მედიჩებს ემსახურებოდა. 1481–1482 წლებში რომშია, ვატიკანის დამშვენებაზე მუშაობს გირლანდაიოს, პერუჯინოს და სინიორელისთან ერთად.

Portrait_de_Dante

“დანტე ალიგიერი” – 1495 წ.

ბოტიჩელის ქმნილება ფერწერული მშვენიერების ნიმუშია. ამ ოსტატმა წინ წამოსწია გრძნობიერი მხარე, გააძლიერა გამოსახვის საშუალება. ანტონინ მატეიჩეკი თავის “ხელოვნების ისტორიაში” მას უწოდებს “პირველ გრძნობიერ ოსტატს რაციონალისტებს შორის” (გერმანული გამოცემა, 362). მეტიც, ბოტიჩელი პირველი ჩამოყალიბებული პოეტია რენესანსის ოსტატებს შორის, ჯორჯონესთან ერთად. მართალია, ორივე დიდოსტატი 1510 წელს გარდაიცვალა, მაგრამ 1478 წელს, როცა ჯორჯონე დაიბადა, ბოტიჩელის უკვე შექმნილი ჰქონდა თავისი შედევრთაგანი “გაზაფხული”, ორი წლის შემდეგ კი შექმნა “ვენერას დაბადება”. ამ პოეტური ქმნილებებისათვის მისი წყაროა არა მარტო წინამორბედთა მონაპოვარი, არამედ დანტეც, აღორძინების პოეზია, რომლის ძირითადი ძირები ანტიკურ პოეზიაშია საძიებელი.

ბოტიჩელის შემოქმედებაში, როგორც ითქვა, სამი მთავარი მოტივი გამოირჩევა: ალეგორია (“გაზაფხული”), მითოლოგია (“ვენერას დაბადება”) და რელიგიური (მადონები).

1280px-Sandro_Botticelli_046

“ვენერას დაბადება” –1486 წ.

“ღვთისმშობლის დაგვირგვინება”… სურათი მრგვალი ფორმისაა. დედა ღვთისა საზეიმო ვითარებაშია. მაგრამ ეს საზეიმო იერი ვერ ფანტავს სევდის ნისლებს, ამ იდუმალ სახეებზე რომ ჩამოწოლილა. სურათზე ჩანს ის მომენტი, როცა ყრმას ცალ ხელში ბროწეული უჭირავს, მეორით კი დედას აწერინებს: “გადიდებთ უფალო”. ანგელოზები გვირგვინს ადგამენ მარიამს, სამ ყმაწვილს წიგნი და საწერელი უჭირავს. კომპოზიცია ძველებურია, ნაცადი, მაგრამ საგრძნობლად უფრო დახვეწილი და ამაღლებული. ვინკელმანის ენით რომ ვთქვათ, ესაა ნაწარმოები, რომლის ცქერისას გინდათ დაივიწყოთ ყოველივე სხვა და უცქიროთ მხოლოდ ამას. ცხადია, იგივე ხდება როცა ვუყურებთ ლაოკოონს, აპოლონ ბელვედერელს, სიქსტინის მადონას, ვენერას…

518px-Sandro_Botticelli_055

“ღვთისმშობლის დაგვირგვინება”

საქვეყნოდ ცნობილია “ივდითის დაბრუნება” (უფიცი, 1470 წ.): ფართო პანორამის ფონზე, სადაც შორეული ბატალური სცენები და კოშკები ჩანს, მოდის გამარჯვებული ივდითი, მარჯვენით ხმალი უჭირავს, მარცხენით მწვანე რტო, უკან მოახლე გოგო მოჰყვება, კალათით ოლომფრეს თავი მოაქვს… ცნობილი სურათებია “ძალის ალეგორია”, “სებასტიანე”, “მეფეთა თაყვანისცემა”, “შექმნათა” ეპიზოდები, “ვენერას დაბადება” (1480–იანი წლები), “მინერვა და კენტავრი” (1475 წ.): სიბრძნის ქალღმერთს თმაში ხელის ერთი შეხებით შეუბოჭავს, მოუთვინიერებია ველური და შფოთიანი ცხენკაცი!

ოთხმოცდაათიან წლებში ბოტიჩელი მუშაობს გრანდიოზულ ჩანაფიქრზე: დანტეს “ღვთაებრივი კომედიის” დასურათებაზე. დაახლოებით ასი ჩანახატი შესრულდა. უმეტესობა ბერლინშია. სპილენძზე შესრულებული ეს ნახატები თავისთავად მოწმობენ ბოტიჩელის გატაცებას, დანტეს სამყაროსთან კავშირს. ეს სურათები ამშვენებდნენ “ჯოჯოხეთის” 1481 წლის გამოშვებას.

ასეთია თვალის ერთი შევლებით ბოტიჩელი – ჰაეროვანი პოეტური სახეების უბადლო ოსტატი.

 

Leave a comment

Your email address will not be published.


*