ყიზილბაშობის აღდგენა აღმოსავლეთ საქართველოში

Nadir_Shah

ნადირ შაჰი

ერანში მდგომარეობა თანდათან უმჯობესდებოდა. შაჰ თამაზ ყაენის ნიჭიერმა, მამაცმა და ვერაგმა სარდალმა ნადირ ხანმა 1728 წელს ისპაანიდან ავღანელები განდევნა, ხოლო 1730 წელს მათგან მთელი სპარსეთი გაწმინდა, რის შემდეგაც თამაზ ყული ხანის (თამაზის მონა ხანი) წოდება დაიმკვიდრა. იგი მეთოდურად იბრუნებდა ერანის დაკარგულ ტერიტორიებს და ერთდროულად ხელისუფლების დასაკავებლად ემზადებოდა.

შექმნილი ვითარება ქართველმა პოლიტიკოსებმა ოსმალთა საძულველი რეჟიმის ჩამოშორებისათვის ხელსაყრელ მომენტად მიიჩნიეს და უყოყმანოდ ყიზილბაშთა მხარე დაიჭირეს. ამგვარი პოზიციით გულგამაგრებული თეიმურაზი თამამად ეახლა თამაზ ყული ხანს ერევანში, მაგრამ უკანასკნელმა იგი საკმაოდ ცივად მიიღო (სავარაუდოა, ოსმალთა ბატონობისას კახეთის მეფის პატივის გამო), შემდეგ კი მისი და მისი მეუღლის თამარ დედოფლის შეპყრობაც განიზრახა. მეფე–დედოფალმა კვლავ ფშავს შეაფარეს თავი. ერანის სარდალმა ნადირმა კახეთი დალაშქრა, შემდეგ ჭარს შეუტია, მაგრამ დიდად დაზარალებული უკან გამობრუნდა, თბილისი დაიკავა, შემდეგ მუღანს მივიდა, იქ ერანის დიდებულები დაიბარა და თავი შაჰად გამოაცხადა. ეს ნაბიჯი მან მეტად ფრთხილად მოამზადა და ჯერ 1732 წელს დიდებულებთან შეთანხმებით შაჰ თამაზი ტახტიდან გადააყენა და ყაენად (ანუ შაჰად) მისი 6 თვის ვაჟი გამოაცხადა. მუღანში ჩაფიქრებული სპექტაკლის ბოლო აკორდი გათამაშდა: ნაუროზობის დღესასწაულის დროს აქ მოვიდა ცნობა შაჰ აბას III–ის გარდაცვალების შესახებ. ვინაიდან ჩვილი შაჰ აბას III სეფიანთა დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი იყო, ნადირს ერანის ტახტზე გზა გაეხსნა და მანაც შაჰის გვირგვინი დაიდგა.

1735 წლიდან აღმოსავლეთ საქართველოში ოსმალობა ისევ ყიზილბაშობით შეიცვალა, რასაც ახალი სირთულეები: დარბევები, დაპატიმრებები, გადასახადები მოჰყვა.

ქართლ–კახეთი კვლავ აჯანყების ცეცხლმა მოიცვა.

1735 წელს ნადირმა გაითვალისწინა რა მისი ერანული ორიენტაცია, ქართლ–კახეთის მმართველობა თეიმურაზის ძმისწულს, ალექსანდრე დავითის ძეს (ალი მირზას) უბოძა, რომელიც მუღანის ყრილობას ესწრებოდა და ნადირის შაჰად გამოცხადებაში მონაწილეობდა. მუღანიდან იგი პირდაპირ საქართველოში გამოაგზავნეს ჯარით.

ქართლ–კახეთი აჯანყების ცეცხლში იყო გახვეული, მაგრამ აჯანყებულტა შეუთანხმებლობისა და დამხმარე ძალის არყოლის გამო, ბრძოლის ეფექტი დიდი არ იყო. ზვინაიდან ერან–ოსმალეთს შორის გაფორმებული ზავი მათ ურთიერთის საქმეში ჩარევას არ უშვებდა, აჯანყებულ დიდებულებს სხვა არ დარჩენოდათ გარდა იმისა, რომ დახმარება რუსეთისთვის ეთხოვათ და სულ რაღაც 2–3 წლის განმავლობაში საქართველოდან იქ რამდენიმე ელჩობა გაიგზავნა. ამ ელჩობებს შედეგი არ მოჰყოლია. სხვებისგან განსხვავებით, თეიმურაზს რუსეთისგან დახმარება არ უთხოვია, რაც მის დიპლომატიურ შორსმჭვრეტელობაზე მიუთითებს.

Leave a comment

Your email address will not be published.


*