შავი ჭირი და ლუდხანები ბრიტანეთში

შუა საუკუნეებში შავი ჭირის პანდემიამ ბრიტანეთის მოსახლეობა გაანახევრა. თუმცა, როგორც მეცნიერთა ნაწილი ამბობს, “შავმა სიკვდილმა” განსაცვიფრებელი გვერდითი ეფექტიც მოიტანა – დასაბამი მისცა ინგლისური პაბების (ლუდხანების) ინდუსტრიის განვითარებას.

david-teniers-the-younger-tavern-scene-1658

სცენა ტავერნაში (დევიდ ტენიერს უმცროსი, 1633 წ.)

კემბრიჯის უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორმა რობერტ ტომსმა საკუთარი თეორია პირველად ჩალკის ხეობის ისტორიის ფესტივალზე გაახმიანა. ლექციისას მეცნიერმა ისაუბრა, როგორ გაანადგურა შავმა ჭირმა 1348 წელს ბრიტანეთში რამდენიმე მილიონი ადამიანი და როგორ მოჰყვა მოსახლეობის შემცირებას ხელფასების ზრდა და ლუდის წარმოების განვითარება.

 

რობერტ ტომსი (ისტორიკოსი, კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი): “პანდემიამ ბუნებრივია, ადამიანებს კვალი დაამჩნია, თუმცა ხალხმა ეს ტრამვა გადაიტანა. ამ გამძლეობამ უფრო მეტი თავისუფლებისა და კეთილდღეობის შესაძლებლობა შექმნა. ფასები შემცირდა, ხელფასებმა და მუშახელზე მოთხოვნა კი, პირიქით, მოიმატა. 1300–1450 წლებში რეალურმა შემოსავალმა 250 %–ს გადააჭარბა, პიკს კი 1500 წელს მიაღწია. იმის მიუხედავად, რომ მოგვიანებით მოსახლეობის რაოდენობა კვლავ გაიზარდა, ევროპის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ინგლისში მაღალი ანაზღაურება 1880 წლამდე შენარჩუნდა”.

black-death-77

შავი ჭირით დაღუპულთა დამარხვა

მკვლევარი ამბობს, რომ მაშინ, როდესაც ქალაქებში შავი ჭირი მძვინვარებდა, ბრიტანელებმა ლუდის სმას მოუხშირეს. მით უმეტეს, რომ ამ პერიოდში სასმელი წყალი ყოველთვის სუფთა არ იყო და მას ლუდით ანაცვლებდნენ. შესაბამისად, შენობებში, სადაც ქალები ლუდს ხარშავდნენ, სტუმართა რიცხვი იზრდებოდა.

რობერტ ტომსი: “XV საუკუნის დასაწყისში უკვე გვაქვს ადგილები, სადაც პერმანენტულად დადის ხალხი ლუდის დასალევად. სწორედ ასე გაჩნდა პაბი – კონკრეტული ადგილი და არა ვიღაც დიასახლისის ლუდის სახარში შენობა, სადაც შიგადაშიგ, შემთხვევიდან გამომდინარე, დალევდი ამ სასმელს”.

ასე იქცნენ ლუდის მხარშავი ქალები სრულფასოვან ლუდის მხდელებად, მათი სახლები კი საჯარო დაწესებულებად, სადაც მსურველს ნებისმიერ დროს შეეძლო მისვლა, ჭამა და ლუდის დალევა. ამ ყოველივეს მოჰყვა ლუდის წარმოების განვითარება, გაიზარდა ტავერნებისა და ლუდხანების რაოდენობა და როგორც იტყვიან, “ინგლისური პაბიც დაიბადა”.

წყარო: ისტორიანი.

Leave a comment

Your email address will not be published.


*