“შავი ჭირი” ევროპაში 300 წელიწადს თვლემდა

ევროპაში, XIV საუკუნეში, “შავმა ჭირმა” 50 მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. თუმცა, როგორც კვლევებმა აჩვენა, ბუბონური ჭირი არც პანდემიის ეტაპის დასრულების შემდეგ გამქრალა. ის კვლავ განაგრძობდა ევროპელთა განადგურებას კიდევ რამდენიმე საუკუნის განმავლობაში, მაგრამ შედარებით მცირე მასშტაბით.

1346–1353 წლებში”შავმა ჭირმა” ევროპის მოსახლეობის ნახევარი გაანადგურა. სემდეგ პანდემიის კერები ჩაქრა, თუმცა ცენტრალურ აზიაში მღრღნელებს ბუბონის ჭირის სხვადასხვა შტამი აღმოაჩნდათ. ამ აღმოჩენამ მეცნიერები მიიყვანა დასკვნამდე, რომ მომდევნო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში “შავი ჭირის” ახალი შტამები ევროპაში სავაჭრო გზების, მათ შორის აბრეშუმის გზის მარშრუტით შევიდა და ეპიდემიის რამდენიმე აფეთქებაც გამოიწვია.

თუმცა, საფრანგეთის ქალაქ მარსელში 1722 წლის ბუბონური ჭირის მსხვერპლთა კბილებიდან აღებული დნმ–ის ბაქტერიულმა კვლევამ ახალი შტამების არსებობა არ დაადასტურა. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ მათ საქმე “შავი ჭირის” სწორედ იმ შტამთან ჰქონდათ, რომელიც XIV საუკუნეში მძვინვარებდა.

მარსელსა და მის გარეუბნებში ბუბონური ჭირის ეპიდემიამ 1720–1722 წლებში იფეთქა. მას შემდეგ, რაც 1720 წლის მაისში, ნავსადგურში სავაჭრო გემი “გრან სენ–ანტუანი” შევიდა. ამ დროს გემზე უკვე ექვსი ცხედარი იყო. ორი დღის შემდეგ კიდევ ერთი მეზღვაური გარდაიცვალა. ივლისში ქალაქში უკვე ეპიდემია დაიწყო. დაავადებულები ინფიცირებიდან 2–5 დღეში იღუპებოდნენ. აიკრძალა მარსელიდან ადამიანთა გასვლაც და ქალაქში შესვლაც. ზონას, სადაც კარანტინი გამოცხადდა, ქვის კედელი შემოავლეს. თუმცა, ამ ზომების მიუხედავად ეპიდემიამ პროვანსის სხვა ქალაქებშიც შეაღწია. შავი ჭირი პროვანსს მოედო, დაიღუპა 100 ათასამდე კაცი.

“გრან სენ–ანტუანი” საფრანგეთში სირიიდან ჩამოვიდა. მის მარშრუტში ტრიპოლი და კვიპროსი შედიოდა. ამიტომ, დღემდე მიიჩნევდნენ, რომ მარსელში “შავი ჭირი” აღმოსავლეთიდან მოვიდა. მაგრამ ახალი ნაშრომის ავტორები ამტკიცებენ, რომ დაავადების გამომწვევი ბაქტერია აღმოსავლეთიდან არ ჩამოუტანიათ. ის ევროპაში 300 წელიწადს თვლემდა.

მეცნიერებმა მარსელის ეპიდემიის დროს დაღუპული ხუთი ადამიანის კბილების პულპიდან ჭირის ჩხირის გამომწვევი ბაქტერიის 150 შტამს შეადარეს, რომლებიც სხვადასხვა დროს დედამიწის სხვადასხვა კუთხეში იყო გავრცელებული. როგორც გაირკვა, მარსელის შტამი ბუბონის ჭირის პირდაპირი შთამომავალია.

პენდრიკ პოინარი, მაკმასტერის უნივერსიტეტის უძველესი დნმ–ის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი: “ჩვენი ნაშრომი უამრავ კითხვას ბადებს: რატომ გავრცელდა ჭირი ტალღებად და შემდეგ გაჩერდა? ნიადაგმა შემოინახა შტამი თუ მღრღნელებმა. დასასრულს, რატომ გაქრა და აღარ გამოჩენილა? სამწუხაროდ, ამ კითხვების პასუხები ჯერჯერობით არ გვაქვს”.

კვლევაზე კანადელი, გერმანელი, ამერიკელი, ფრანგი და ავსტრალიელი მეცნიერები ერთობლივად მუშაობდნენ. მათი მიზანი ახლა სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გაცემაა.

წყარო – ისტორიანი

Leave a comment

Your email address will not be published.


*