შაჰ აბასის ანტიქართული პოლიტიკა

 

1590 წელს გაფორმებული ერან–ოსმალეთის ზავი ერანს, რომლის სათავეშიც შაჰ აბასი იდგა, არ აკმაყოფილებდა და ომისთვის ემზადებოდა. ეს მზადება იმ მნიშვნელოვან რეფორმებსაც შეიცავდა, რომლებიც ამ ხანებში ერანის შაჰმა განახორციელა.

Shah-Abbas_I_engraving_by_Dominicus_Custos1

შაჰ აბას I

უპირველესად მან სეპარატისტ ფეოდალებს შეუტია და ცენტრალური ხელისუფლება გააძლიერა. ამ საქმეში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ერანში ჩატარებულ სამხედრო რეფორმას, რომლის განხორციელებას ქართველი ალავერდი ხანი წარმართავდა, მისი ტექნიკური თანაშემწეები კი ინგლისელი ძმები ანტონ და რობერტ შერლები იყვნენ, რომლებიც 1598 წლიდან შაჰ აბასის სამსახურში ითვლებოდნენ.

რეფორმის შედეგად ყიზილბაშთა ლაშქარი სანახევროდ შემცირდა. სამაგიეროდ, ჩამოყალიბდა თოფებითა და ზარბაზნებით აღჭურვილი და კარგად გაწვრთნილი მუდმივი ჯარი. ერანის არმია 120 000 მებრძოლს ითვლიდა. აქედან 44 000 მუდმივ მზადყოფნაში იყო, საჭიროების შემთხვევაში კი მას 75 000–იანი ფეოდალური ლაშქარი ემატებოდა.

საფუძვლიანი მზადების შემდეგ, 1603 წელს შაჰ აბასმა ოსმალეთის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედება დაიწყო. მისი ამოცანა 1590 წელს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება და ამიერკავკასიიდან ოსმალების განდევნა იყო. 1603 წლის ზაფხულში ერანის ჯარები ერევნის ციხეს შემოადგნენ. აქ მათ დიდი წინააღმდეგობა შეხვდათ. ალყა ათი თვე გაგრძელდა და მხოლოდ 1604 წლის ზაფხულში დამთავრდა.

ერევნის ალყის დროს შაჰ აბასმა ალექსანდრე კახთა და გიორგი ქართლის მეფეები თავისთან იხმო. ქართველი ხელისუფალნი ყოყმანობდნენ, რადგან არავინ იცოდა, ორი დიდი დამპყრობლის დაპირისპირებაში ვის დარჩებოდა გამარჯვება. ბოლოს მაინც ეახლნენ ერანის შაჰს, თუმცა მათი განწყობა ერანის ,ბრძანებლისათვის გასაგები იყო. იგი განსაკუთრებით კახეთის მეფეს არ ენდობოდა, რადგან კარგად იცოდა მისი კონტაქტები რუსეთის სამეფოსთან. ამიტომ მას მისივე გამაჰმადიანებული შვილი გამოუგზავნა, საგანგებო დავალებით.

მანამდე იგი ორივე მეფეს თითქოს კეთილად შეხვდა და ჯამაგირებიც კი დაუნიშნა: კახეთის მეფეს თვეში 700 თუმანი, სამაგიეროდ კი კაკ–ენისელი (საინგილო) ჩამოართვა, სადაც სასულთნო შექმნა, რომლის მმართველად რენეგატი ქართველი თავადი დანიშნა. რაც შეეხება ქართლის მეფეს, მას ჯამაგირად თვეში 300 თუმანი დაუნიშნა და დამატებით ერანში სოფლები უბოძა. სამაგიეროდ კი ლორეს პროვინცია და დებედას ხეობა გამოსთხოვა. ლორეს პროვინციიდან სახანო შექმნა, რომლის ხანად ადგილობრივი გამუსულმანებული ფეოდალი გაამწესა.

Daud_Khan_Undiladze

ალავერდი ხანი (უნდილაძე)

აბასის ვერაგული გათვლები ადვილი ამოსაცნობი იყო. მეფეებისთვის ჯამაგირის დანიშვნით მან ხაზი გაუსვა მათ დაქვემდებარებულობას და დამოკიდებულებას ხელმწიფისადმი. მეორე მხრივ, დიდი დარტყმა მიაყენა კახეთსა და ქართლს სამხედრო სტრატეგიული თვალსაზრისით. ლორეს და დებედას ხეობა ქართლს სამხრეთიდან კეტავდა. ენისელი კი კახეთის კედელი იყო. საქართველოსთვის დიდი ნეგატიური შედეგი ჰქონდა შაჰის ბრძანებით დებედას ხეობაში თურქმანული ტომის, ბორჩალუს, ჩამოსახლებას.

აბასმა ქართველთა თავისუფლების მოყვარეობა კარგად იცოდა და მათ არ ენდობოდა.

1605 წელს კახეთის მეფე ალექსანდრე მისმა შვილმა, გამაჰმადიანებულმა და შაჰის კარზე გაზრდილმა კონსტანტინემ, მოკლა, რაც სავარაუდოა, აბასის მითითება იყო, რომელსაც სურდა რუსეთთან დაახლოებული ალექსანდრეს ნაცვლად მაჰმადიანი და მისი ერთგული კონსტანტინე გაემეფებინა. მაგრამ ამჯერად შაჰის ჩანაფიქრი ვერ განხორციელდა. კახელებმა მამის მკვლელის გამეფება არ ისურვეს და აჯანყდნენ. აჯანყებულებს ქართლელებიც მიეშველნენ და მათთან შეტაკებაში, ლონსტანტინე თავის ყიზილბაშებით დამარცხდა და კიდეც დაიღუპა. კახელების ასეთი სიმტკიცის გამო შაჰი იძულებული გახდა, აქ მეფედ ალექსანდრეს შვილიშვილი, ქრისტიანი თეიმურაზი გაემეფებინა (1606 წ.).

იმავე წელს ყიზილბაშებმა ოსმალებს ყარაბაღი წაართვეს, შემდეგ კი ლორე–დმანის–თბილისიდანაც განდევნეს.

ამ ხანებში უეცრად გარდაცვლილი გიორგის ნაცვლად შაჰმა ქართლის მეფობა მის 14 წლის შვილს ლუარსაბს უბოძა.

ამრიგად, ოსმალთა ბატონობა საქართველოში სპარსელთა ბატონობით შეიცვალა.

1612 წელს ერანსა და ოსმალეთს შორის ზავი დაიდო, რომლითაც 1555 წლის საზღვრები უნდა აღდგენილიყო. მაგრამ ამ ზავის პირობებს არცერთი მხარე არ იცავდა. ერანი წელიწადში 200 საპალნე აბრეშუმის გადახდას, რაც ზავის პირობებით იყო ნაგულისხმევი, არც აპირებდა. თავის მხრივ, არც ოსმალეთი აპირებდა ხელის აღებას ამიერკავკასიის პოლიტიკურ ერთეულებზე: სამცხე–საათაბაგოზე და ქართლ–კახეთზე.

1280px-Si-o-se-Pol

ალავერდი ხანის (უნდილაძის) ხიდი ისპაანში

XVII საუკუნის დასაწყისში ოსმალთა მიერ დაპყრობილი სამცხე–საათაბაგოს ქართველები ქედს არ უდრეკდნენ და დამპყრობთა ბატონობას არ ურიგდებოდნენ. განმათავისუფლებელ ბრძოლას სათავეში სამცხის ათაბაგის ქვრივი დედოფალი ელენე ედგა. ოსმალთა წინააღმდეგ დახმარება მან ერანის შაჰს სთხოვა, მაგრამ ამან არსებითი შედეგი არ გამოიღო. სამაგიეროდ, ქართლმა აღმოუჩინა დახმარება თანამემამულეებს და ამ დახმარებით 1609 წელს ახალციხე განთავისუფლდა. ამას ოსმალეთი არ შეეგუა და ქართლის წინააღმდეგ დიდი ლაშქრობა წამოიწყო. ქართლელებმა თადარიგი დაიჭირეს და სამეფოში შემოსასვლელები გაამაგრეს. ამის მიუხედავად, ოსმალები ქართლში მაინც შემოიჭრნენ და სწრაფი მანევრით მანგლისს მიადგნენ. მტერს ცნობა ჰქონდა, რომ ლუარსაბ მეფე მცირე ამალით ცხირეთში იმყოფებოდა და აქეთკენ (მანგლისისკენ) გაჭრას ცდილობდა. ოსმალებმა გადაწყვიტეს, მეფის ამალის სიმცირით ესარგებლათ და ქართლის მეფე დაეტყვევებინათ, ამიტომ გეზიცხირეთისკენ აიღეს. სოფელ კველთას მისულმა დამპყრობლებმა ადგილობრივი მღვდელი თევდორე დაიჭირეს და ცხირეთისკენ მეგზურობა უბრძანეს. ხუცესმა დიდი თავდადება და გმირობა გამოიჩინა, მტერი საპირისპირო გზით წაიყვანა, რათა მეფეს და მის ამალას სათანადო ზომების მიღება მოესწრო. დამპყრობლებმა თავგანწირულ მღვდელს გვიან გაუგეს ეშმაკობა და საშინელი წამებით სიცოცხლეს გამოასალმეს. სამაგიეროდ, მისმა გმირობამ მრავალი თანამემამულის სიცოცხლე იხსნა და მეფე დატყვევებას გადაარჩინა.

ცხვირეთში მეფესთან თბილისის მოურავი გიორგი სააკაძე და სარდალი ზაზა ციციშვილი იმყოფებოდნენ. მათ სასწრაფოდ შეაგროვეს ლაშქარი, მომხვდურებს სხერტის ჭალასთან უთანასწორო ბრძოლა გაუმართეს და სასტიკად დაამარცხეს.

დამარცხებული თურქ–ოსმალები სხერტის ჭალიდან ყარაღაჯის გავლით გორთან მივიდნენ, სადაც მტკვარზე ხიდით გადასვლას აპირებდნენ. მათი განზრახვა შეამჩნია ერთმა გორელმა სომეხმა, რომელმაც დიდი პატრიოტობა და თავდადება გამოიჩინა: სასწრაფოდ ხიდის ფიცრები აჰყარა და ოსმალებს მტკვარზე გადასვლის საშუალება მოუსპო, რითაც აიძულა, გადასასვლელის ძებნაშიმტკვრის ნაპირს აღმა აჰყოლოდნენ.

ქართველთა ჯარი სააკაძის მეთაურობით ახალდაბას ცავიდა, ღამე იქ გაათია, დილაადრიან კი ცხენებზე ამხედრებულმა მდინარე ცურვით გადალახეს. ახლა მტერს ახალციხისკენ გასასვლელი გზა მოჭრილი ჰქონდა. ქვემო ქართლის ჯარები გამზადებულნი სურამის ბოლოს იდგნენ. ბრძოლა გარდაუვალი იყო. ქართველთა მეთაურებმა სააკაძის გეგმა მიიღეს და სარდლობაც მას დაავალეს. ტაშისკართან დიდი ბრძოლა მოხდა.

ალიონზე დაწყებული ბრძოლა დაღამებამდე გაგრძელდა და ქართველთა ბრწყინვალე გამარჯვებით დამთავრდა. მტრის უმეტესი ნაწილი გაიჟლიტა. ქართველებმა უამრავი ტყვე და დიდძალი ქონება იგდეს ხელთ.

emam-khomeini-square01

შაჰის სასახლე

გამარჯვებულებმა დამარცხებული მტრის თავები და დატყვევებული ოსმალო ფაშები შაჰ აბასს გაუგზავნეს, გამარჯვება ახარეს და ვასალური ერთგულება დაუმტკიცეს.

1610 წელს აბასმა ქართლისა და კახეთის მეფეები თავისთან დაიბარა. ისინი დიდი ამალით ეახლნენ. შაჰმა ქართლის მეფის თხოვნა დააკმაყოფილა და თბილისის ციხე დაუბრუნა, სადაც 1601 წლიდან ერანული გარნიზონი იდგა. ამ წარმატებაში დიდი იყო გიორგი სააკაძის წვლილი.

შაჰ აბასი ოსმალეთთან ზავის დარღვევას 1612 წელსვე აპირებდა და საქართველოს მოსალოდნელ პოზიციას ამოწმებდა. მისი მიზანი ქართლ–კახეთის დამორჩილება იყო.

პროგრესულად მოაზროვნე ქართველი ფეოდალები საქართველოს გაერთიანების აუცილებლობაზე ფიქრობდნენ და ამ გზაზე თეიმურაზის და ლუარსაბის დამოყვრებას ცდილობდნენ. მაგრამ შაჰ აბასის ვერაგულმა პოლიტიკამ ეს მცდელობა ჩაშალა.

ერანის ხელისუფალს საქართველოში ძლიერი აგენტურა ჰყავდა. იგი ენერგიულად მოქმედებდა. მისთვის ცნობილი იყო კახელების რუსეთთან დამოკიდებულება.

1614 წელს შაჰი ქართველი მეფეების (განსაკუთრებით თეიმურაზის) დასასჯელად დიდი ლაშქრით წამოვიდა.

ყარაბაღთან მოსულმა ქართველ მეფეს ერთგულების ნიშნად მძევლები მოსთხოვა. კახელი თავადების რჩევით, თეიმურაზმა განრისხებულ შაჰს დედა, დედოფალი ქეთევანი, ორი ვაჟი და დიდებულთა არაერთი შვილი გაუგზავნა. აბასი ამით არ დაკმაყოფილდა და თეიმურაზის პირადი გამოცხადება ბრძანა. თეიმურაზმა უარი შეუთვალა, რითაც ვერაგ აბასს კახეთზე გამოლაშქრების საბაბი მისცა. ეს ლაშქრობა დამპყრობელმა ფართო პროპაგანდით შეამზადა. შაჰის აგენტები კახეთში ავრცელებდნენ ხმებს შაჰის კახელებისადმი კეთილგანწყობილებაზე და იმაზე, რომ აბასის ერთადერთი სურვილი თეიმურაზის დასჯა იყო. ამ ხერხმა ნავარაუდევი შედეგი გამოიღო. ხალხმა ომი არ ისურვა. თეიმურაზი იძულებული გახდა, იქაურობა მიეტოვებინა და ქართლს შეაფარა თავი.

აქ ქართველებს დიდი ბჭობა შეექმნათ. ქართლის დიდებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი აბასის მხარეს იჭერდა. სხვებმა მეფეებს ერანელებთან შებრძოლება არ ურჩია.

თეიმურაზი და ლუარსაბი იმერეთში გადავიდნენ. შაჰი ქართლში შემოვიდა, გორში გაჩერდა და იმერეთის ხელისუფალს მეფეების გადმოცემა მოსთხოვა, რაზეც კატეგორიული ური მიიღო. აბასი ოსმალეთის ხელდებულ ტერიტორიაზე გადასვლას მოერიდა. თუმცა შემდეგ საწადელი მაინც აისრულა, ლუარსაბის ხელში ჩაგდება მან ცბიერებით მოახერხა.

 

Leave a comment

Your email address will not be published.


*