შესაძლებელია თუ არა მამონტის კლონირება: იაპონიის და რუსეთის ექსპერიმენტი

როგორ უნდა დაუბრუნო სიცოცხლე 28 000 წლის წინ დაღუპულ ცხოველს.

9 წლის წინ ლაპტევების ზღვის გაყინულ სანაპიროსთან გათხარეს ახალგაზრდა მდედრი მამონტის ნეშტი. მას სახელად იუკა დაარქვეს – იაკუტიის ადგილობრივი მაცხოვრებლების იუკაგირების პატივსაცემად. სწორედ მათ იპოვეს გაყინული მუმია.

თუმცა, როგორც ირკვევა, იუკაგირები პირველები არ იყვნენ – 28 000 წლის განმავლობაში ცხოველის ლეში პირველყოფილმა ადამიანებმა და მხეცებმა იპოვეს. ადამიანებმა სხეულზე ჭდეები დატოვეს, მხეცებმა კი კბილების და ბრჭყალების კვალი.

თუ არ ჩავთვლით რამდენიმე დაკარგულ ძვალს, მამონტის სხეული იდეალურად შემოინახა. მათ შორის ტვინიც და ღია წითური ფერის ბეწვიც.

სიცოცხლეში პატარა მამონტის სიმაღლე 165 სანტიმეტრი იყო და სიგრძე 2 მეტრი (ხორთუმის და კუდის გარეშე). წონით იუკა ნახევარ ტონას იწონიდა. ის 3 ან 4 წლის ასაკში დაიღუპა. მაგრამ შემოინახა თუ არა ცხოველის დნმ–ი? ცოტა ხნის წინ იაპონელი და რუსი მეცნიერები ამის გარკვევას შეეცადნენ. იუკას კუნთოვანი უჯრედებიდან ამოიღეს ბირთვები და ყველაზე ნაკლებად დაზიანებულები თაგვის კვერცხუჯრედში გადანერგეს. შედარებისთვის ანალოგიური ექსპერიმენტი ჩაატარეს აფრიკული სპილოს უჯრედის ბირთვებით.

ზოგიერთ უჯრედში გაყოფის პროცესი დაიწყო, მაგრამ ქრომოსომების წარმოქმნა და საბოლოო უჯრედის გაყოფაც არ მოხდა. როგორც ჩანს, დნმ–ი უფრო დაზიანებულია, ვიდრე ამას მეცნიერები ელოდნენ.

ამის მიუხედავად, ცხადია, რომ ათასწლეულების შემდეგაც კი ისტორიამდელი ცხოველების ქსოვილები ცოცხალ ცილოვან კომპონენტებს ინახავენ.

“დე–ფაქტო დღესითვის ცნობილი ტექნოლოგიებით მამონტის კლონირება შეუძლებელია, მაგრამ ჩვენი მეთოდი გადაშენებული ცხოველების უჯრედებში ბიოლოგიური აქტივობის არსებობას ადასტურებს” – განაცხადეს მეცნიერებმა Scientific Reports–ის სტატიაში.

Leave a comment

Your email address will not be published.


*