შეუძლიათ თუ არა დელფინებს მიწისძვრის წინასწარმეტყველება

იაპონიაში დელფინების მასობრივი დაღუპვა დაფიქსირდა. ერთი კვირის განმავლობაში ეს ცხოველები ათეულობით გამოდიან ნაპირზე და იხოცებიან. მეცნიერებმა ამის ახსნა ჯერ ვერ შეძლეს.

კუნძულ ჰონსიუზე, იბარაკის პრეფექტურის სანაპირო ზოლის ათკილომეტრიან მონაკვეთზე 150 მსხვილცხვირა დელფინი იპოვეს (Peponocephala electra). ყველა მათგანი ცოცხალი, მაგრამ ძალიან სუსტი იყო. საშველად პროფესიონალი მაშველები მოვიდნენ. ადგილობრივი მაცხოვრებლებიც აქტიურად ჩაერთვნენ ცხოველების გადარჩენის ოპერაციაში. ვოლონტიორები დელფინებს წყალს ასხავდნენ, ახვევდნენ სველ პირსახოცებში, რათა ცხოველები გაუწყლოებისგან დაეცვათ. მიუხედავად ამდენი ძალისხმევისა, ოკეანეში 150–დან მხოლოდ სამი დელფინი დააბრუნეს.

ეს ეკოლოგიური მოვლენა ერთადერთი არ იყო: 13 აპრილს იბარაკის ნაპირზე კვლავ ნახეს რამდენიმე მომაკვდავი დელფინი. ვერცერთის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ამასთან დაკავშირებით ბიოლოგებს ახსნა არ აქვთ. ჯერჯერობით, მხოლოდ არსებობს ვერსია, რომ ცხოველი რომელიმე პარაზიტით ავადდება. ასევე არ გამორიცხავენ, რომ დელფინების ჯგუფი ადრე ოკეანეში რაიმე სტრესულ სიტუაციაში აღმოჩნდა, რამაც მათ ჯანმრთელობაზე იქონია გავლენა.

მომხდარის მიმოხილვისას, ინტერნეტის მომხმარებლებმა უცნაური კანონზომიერება დააფიქსირეს. 2011 წლის მარტში, იაპონიაში ხმელეთზე 52 დელფინი გამოირიყა, ექვსი დღის შემდეგ კი დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა, რასაც ცუნამი მოჰყვა. იმავე წლის თებერვალში მიწისძვრა მოხდა ახალ ზელანდიაში, კრაისტჩერჩში – რამდენიმე დღით ადრე აქაც სანაპიროზე მკვდარი დელფინები ნახეს, მაგრამ მეცნიერები ამ მოსაზრებას არამეცნიერებას უწოდებენ და აგრძელებენ ოკეანის ცხოველების მასობრივი თვითმკვლელობის მიზეზების ძიებას.

National Geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*