შოტლანდიაში ნეოლითის ხანის ტექსტილის კვალი აღმოაჩინეს

მათი ასაკი დაახლოებით 5000 წელია.

არქეოლოგებმა იმის საკმაო დასაბუთება იპოვეს, რომ შოტლანდიის სანაპიროსთან, ორკნეის კუნძულები ნეოლითის ხანის ჩრდილოთევროპული ცივილიზაციის მნიშვნელოვანი ცენტრი იყო. აქ აღმოჩენილი მეგალითური მონუმენტი “ბროდგარის წრე” 1999 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში მოხვდა. სოფელ ბროდგარიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს ქვებისგან აგებული ნაგებობა კაირნ მეისჰაუ, სადაც უნიკალური დასაკრძალავი კამერებია აღმოჩენილი. მათი ასაკი დაახლოებით 5000 წელია.

სკრა-ბეის დასახლებაში აღმოჩენილია სახლების ნარჩენები, რომელთა კედლები ორ ფენად იყო გაკეთებული, სავარაუდოდ, თერმოიზოლაციისთვის. იქვეა აღმოჩენილი ქვის ავეჯი – კარადები და საწოლები. ერთ-ერთ საცხოვრებელში ტუალეტიც კი არსებობდა. ითვლება, რომ ეს არის ბრიტანეთში პირველი ნიმუში.

ჰაილენდსის და აილენდის უნივერსიტეტის არქეოლოგების ახალი აღმოჩენაც დიდ ინტერესს იწვევს. მათ კერამიკული და ტვიფრული ჭურჭლის ფრაგმენტებზე ტექსტილის კვალი აღმოაჩინეს. ეს შესაძლოა იმის დადასტურება იყოს, რომ ნეოლითის ადამიანები ბრიტანეთში ტანსაცმელს მარტო მოკლული ცხოველების ტყავებისგან არ კერავდნენ, მათ ქსოვილის დამზადებაც შეეძლოთ. პირველი ასეთი კვალი ამავე ტერიტორიაზე 1966 წელს აღმოაჩინეს.

ნეს ბროდგარში აღმოჩენილი კერამიკული ქოთნის შიდა მხარეს შალის ორი ნაჭდევი ატყვია. ეს ანაბეჭდი, როგორც ჩანს, ოსტატის ტანსაცმლის ნაკვალევია სველი თიხის ნაკეთობის ზედაპირზე.

ფრაგმენტის შესასწავლად მეცნიერებმა გამომთვლელი ფოტოგრაფიული მეთოდი (RTI) გამოიყენეს, რომელიც აფიქსირებს ობიექტის ზედაპირის ფორმას და ფერს.

RTI გამოსახულების სერია გააერთიანეს კომპიუტერული პროგრამული უზრუნველყოფით და ზედაპირის დეტალური ციფრული ვიზუალიზაცია ყველა მიმართულებით გამოიკვლიეს. ტექსტილის ანაბეჭდების გაფართოება ეკრანზე გადაიტანეს და ისეთი დეტალების შესწავლა გახდა შესაძლებელი, რომლებიც შეუიარაღებელი თვალით უხილავი იყო.

არქეოლოგებმა გამოყვეს 4 სანტიმეტრი სიგრძის და 3 მილიმეტრი დიამეტრის “Z-ფენის ძაფი”. გამოსახულება იმდენად მკაფიოა, რომ ცალკეული ბოჭკოების დანახვაც კი გახდა შესაძლებელი. მკვლევარების თქმით, გამოყენებული ძაფი მცენარეული წარმოშობისაა, შესაძლოა ის სელისგან დაამზადეს.

როგორც არქეოლოგიური ობიექტის დირექტორი ნიკ კარდი აღნიშნავს, ორკნეის კუნძულებზე, ნეოლითის ადამიანების მიერ ტექსტილის დასამზადებლად რაიმე ინსტრუმენტი აღმოჩენილი არ არის. ამიტომ, მეცნიერები თვლიან, რომ ქსოვილი ხელით არის დამზადებული ან ორგანული მასალისგან დამზადებული ინსტრუმენტებით, რომლებიც დროთა განმავლობაში გაიხრწნა და მათი კვალი არ დარჩა.

abb205c1351943149692da20b69573b1.width-630

c2b9e928aa604c0f88e998e53befa19b.width-630

Leave a comment

Your email address will not be published.


*