შოტლანდიური პოეზია

ალეგზანდერ სკოტი (1520?-1582/1583 წწ.)

სიყვარულის რონდო

სიყვარული რაგვარია, –
მეხია და თავზარია,
სიხარულის გზებით მოდის,
მწუხარების საგზალი აქვს,
დღე და ღამე დარდი, შფოთი,
მიწის ძვრა და ზანზარია.

სიყვარული რაგვარია,
ცეცხლია და ღადარია,
მცირე სიტკბო, ბევრი შხამი
ერთმანეთში გამდნარია,
და სიამის ერთი წამი
დიდ სინანულს აბარია.

სიყვარული რაგვარია,
გიჟი კაცის დავთარია,
ხან თოხანი, ხან ალჩუა,
ვერც გაიგებ, რამ არია,
გიყვარდეს და შეგრჩეს ჭკუა,
სადაური ზღაპარია.

მოარიდე თავი მახეს,
ჩემი ჭირი შენად სახე,
დამიჯერე, დღეის ლხენა
გაგიხდება სავაგლახედ, –
სიყვარულით გულის ტკენა
ყველა ჭმუნვას თან გაახლებს.

უილიამ დრამონდი ჰოთორნდენდელი (1585–1649 წწ.)

ნათლისმცემლისთვის

უკანასკნელი, დიდი მაცნე ღმერთისა, მივალს,
ილტვის უდაბნოდ, წელთა მისთა – სარტყელი ტყავის,
ვიდოდის იგი შორის ბრბოთა, რიოშსა, რიალს,
ტყეთა ნადირზე მკაცრისა და უფრორე ავის.
ჰქონდა საზრდელად, – მოღებული უმანკო სკითა
თაფლი ველური, დაწმენდილი, და კიდევ – მკალი,
მოვიდა ჟამით, გან–რა–ვიდა ამა ქვეყნითა:
სხეული ხმელი, თვალები ღრმა და იდუმალი.
და ღაღადებდა:”ყველა, ვინაც ხსნას ელის ღმრთისგან,
უდაბნოს, ჩემთან, ცრემლსა ღვრიდეთ და დაუტევეთ
ცოდვანი ძველნი, დაუტევეთ და შეინანეთ!”
ვისთვის ღაღადყო, ვინ ისმინა ღაღადისისგან?

“შეინანეთო, შეინანეთ!” მორჩილად რეკდა
მარტოდენ ექო, – ქვაბურთაგან მარმარის კლდეთა.

ვუწყი, განქარდეს ყველა, რასაც დაჰყურებს მთვარე

ვუწყი, განქარდეს ყველა, რასაც დაჰყურებს მთვარე,
რასაც მოკვდავნი ამა ქვეყნად შექმნიან, იქცეს
არარაობად, დრო გავა და – უმალ დაიქცეს;
საბედისწერო ელით ჟამი მშვენიერ მხარეთ;
და ვუწყი მუზის ღვთიურ ჰანგებს, როგორც წესია,
ცხოველი გარჯით მოპოვებულთ, – ვით ამაო ხმებს,
არავინ ისმენს, თითქმის, თითქმის არავინ დაეძებს;
არარას გზნება ფუჭ ხოტბაზე უარესია.
ვუწყი ესეცა, სილამაზე მოჰგავს უღონოს
ყვავილს მეწამულს, სიცოცხლე რომ აქვს იმავ დღისა,
როცა სიკვდილიც; სიყვარულში წარმავლისა
ძალს გონებისას იმორჩილებს ვნება უგონო.

ვუწყი ყოველი, მაგრამ ვაი, არად მიჩნდეს ეს;
მაინც ისევე – უნდა ვქმნიდე, უნდა მიყვარდეს.

დაგალდ ბიუკენანი (1716–1768 წწ.)

OMNIA VANITAS      

ახდენილ ნატვრას აღარ გაჰყვება
ნატვრის ცინცხალი და სიკაშკაშე,
ვიდრე მიელტვი და გენატრება
შორი ვარსკვლავი მანამ კაშკაშებს.

მეფის გვირგვინიც რომ გერგოს წილად,
დიდებულ მამის ნაანდერძევი,
როგორც ოცნებით სახავდი წინათ
სიხარულისგან ცას არ ეწევი.

და თუ წალკოტში ვარდი დაკრიფე,
როდი შერჩება ფერი უცვლელი,
დაჰკარგავს სურნელს და სინატიფეს,
განეძარცვება ნაზი ფურცელი.

ვინ ნახა კაცი, თუნდ იყოს გლეხი
და თუნდაც დიდი მეფე სვიანი,
რომ მწუხარების ზარით და რეჩხით
არ მისცემოდეს მის გულს ზიანი.

ტორფი თავისი ნახრჩოლვით იწვის,
ტკივილს დაბადებს გრძნობა ნეტარი,
ვარდს ასევია ეკლების ხიწვი
და თაფლის მძებნელს ხვდება ნესტარი.

თუნდაც სიმდიდრის გქონდეს მადანი,
ვერ მოიშორებ ნაღველის ნიშანს, –
ისეთი წყარო ქვეყნად სად არი
ფსკერზე ნალექად არ ჰქონდეს ქვიშა.

რობერტ ბერნსი (1759–1796 წწ.)

ტოროლა

ჩიტო ტოროლა, რად გაჩუმდი, აგრე ფრთებსრად შლი,
ნუ გაფრინდები, მგალობელო, იმღერე დარჩი,
გულს უიმედოდ შეყვარებულს, დალეულს დარდში
ესალბუნება ეს სიმღერა – სიმშვიდის მგვრელი.

ჰანგი ნარნარი, მომხიბლავი, ნაზი და წმინდა
კვლავ გამაგონე, დავიხსომო, შევიტკბო, მინდა,
უსიყვარულოდ ვინც მიქცია ნათელი ბინდად,
მჯერა, მოალბობს იმის გულსაც ეგ ჰანგი მწველი.

მითხარი, ეგებ შენი სატრფო მოგექცა მკაცრად
და სიყვარულის მწველი ცეცხლი გიქცია ნაცრად;
ვის შეუძლია უიმედო ტრფიალის მსგავსად
ასე მწუხარედ, ასე მწარედ ამოკვნესება!

გაწვალებს, ალბათ, დაგუბებულ ნაღველის გესლი,
რომ სიმღერაშიც ურევია სიმწარე კვნესის,
პატარა ჩიტო, შენს ტკბილ ხმაში ჩივილი მესმის,
ნუ მრერი, კმარა, თორემ გული დარდით მევსება.

ჩემი ჯინი, ჩემი ციცა

ყველა ქარებს მირჩევნის
დასავლეთის ცელქი ქარი,
იქით ცხოვრობს ჩემი ჯინი,
მისი ბინა იქით არი.

ჩვენ გვაშორებს მთის სერები,
მდინარე და ტევრი ტყისა,
მაგრამ ფიქრით სულ მასთან ვარ,
ღამეა თუ შუქი დღისა.

ნამდაფრქვეულ ყვავილებში
მე მიცინის ჩემი ციცა
ჩიტუნების სიმღერაში
მესმის სიტკბო მისი ხმისა.

ლამაზ ყვავილს, ჩიტს ჭიკჭიკას
შენ გამსგავსებ, ჩემო ციცავ,
შენით ვცოცხლობ, გენაცვალე,
მაგ თვალების ციმციმს ვფიცავ!

თასით ღვინო და ალალი მეგობარი

თასით ღვინო და ალალი მეგობარი!
რას ინატრებს კაცი ამის უკეთესს,
ვინ რა იცის, სით დაბერავს ბედის ქარი,
ან ცხოვრება ვინ რა ოინს უკეთებს.

მაშ, ძმობილო, არ დაკარგო წამიც, თუნდა,
ნუ უყურებ სით რა ქარი ამოვა,
დამიჯერე, ბედს და იღბალს ძებნა უნდა,
მორცხვია და თავისთავად არ ამოვა.

რობერტ ლუი სტივენსონი (1850–1894 წწ.)

თოლია

ზღვის შორეული ნაპირებიდან,
სადაც ტალღების წმინდა ბროლია,
აქეთ, ხმელეთის ბაღჩა–ბაღებში
რატომ მოფრინდი, თეთრო თოლია?

თევზებს ვერ ნახავ ცისფერ ტალღებში,
აქ ყანები და მწვანე მოლია,
და შრიალებენ ქარში ხეები,
ზღვისკენ გაფრინდი, თეთრო თოლია!

ლელიანებში მოჩანს მდინარე,
მისი ტალღები მშვიდად მიდიან,
აქ ბუდობს შაშვი და ჩიტბატონა,
აქ სხვა დარი და სხვა ამინდია.

ვაი, მეზღვაურს, ზღვიდან გარიყულს,
ხმელეთზე ყოფნა მისთვის ძნელია,
ზღვისკენ გაუშვით, ზღვისკენ წავიდეს,
ზღვები სთხოვენ და ზღვები ელიან.

ზღვაში ამოზრდილ კლდეების თავზე
დაფრენს ათასი თეთრი თოლია,
აქ რა გინდოდა ბაღჩა–ბაღებში,
აქ რა ცდუნებამ აგიყოლია?!

Leave a comment

Your email address will not be published.


*