შტარლზუნდის წმინდა მარიამის სახელობის ეკლესია

პატარა ქალაქ შტარლზუნდის წმინდა მარიამის სახელობის ეკლესია, იგივე მარიენკირხე, 1549-1647 წლებში ყველაზე მაღალი ნაგებობა იყო მსოფლიოში, სანამ მისი 151 მეტრის სიმაღლის გოტიკური შპილი მეხის დარტყმამ არ გაანადგურა. თუმცა მკვლევართა ნაწილს მიაჩნია, რომ 1549 წელს (როცა ლინკოლნის ტაძრის 160-მეტრიანი შპილი შტორმმა შეიწირა), ყველაზე მაღალი გახდა არა მარიენკირხე, არამედ ტალინის წმინდა ოლაფის ეკლესია 158,4-მეტრიანი შპილით – 1625 წლის ხანძრამდე. მაგრამ მკვლევართა სხვა ნაწილი ტალინის ეკლესიის სიმაღლის მონაცემს ეჭვქვეშ აყენებს. ასეა თუ ისე, 1549 თუ 1625 წლიდან, შტარლზუნდის ეკლესია ყველა ანგარიშით იყო მსოფლიოს უმაღლესი ნაგებობა – 1647 წელს მეხის დაცემამდე, რის შემდეგაც პირველობა სტრასბურგის ტაძარს დარჩა (142 მეტრი). 

ჩრდილოეთ გერმანიის ქალაქი შტარლზუნდი მდებარეობს ბალტიის ზღვის სანაპიროზე შტარლზუნდის სრუტესთან, რომელიც გერმანიის უდიდეს კუნძულ რიუგენს კონტინენტისგან გამოყოფს. 130 ქალაქთან ერთად, შტარლზუნდი შედიოდა “ჰანზას კავშირში” – ვაჭართა გილდიების სამხედრო-სავაჭრო გაერთიანებაში, რომელიც XII-XVII საუკუნეებში სავაჭრო მონოპოლიას აწესებდა ბალტიის ზღვასა და ჩრდილოეთ ევროპაში. შტარლზუნდის ეკლესია პირველად 1298 წლიდან მოიხსენიება. ის ჩრდილოეთ ევროპის გვიანი გოტიკის შედევრად არის მიჩნეული, ამას გარდა, აგურის გოტიკის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ნაგებობაა (ქალაქ ლიუნენბურგის წმინდა მიხეილის ეკლესიის შემდეგ).

მარიენკირხე სამნავიანი ეკლესიაა ტრანსეპტით, დასავლეთ ფსევდოტრანსეპტითა და ამბულატორიით (შიდა გალერეა, ტაძრის ნავის გაგრძელება აფსიდის ირგვლივ). ის ქალაქის ყველაზე დიდი სამრევლო ეკლესიაა, მისი კოშკიდან შესანიშნავი სანახაობა იშლება ქალაქზე, მის შემოგარენსა და რიუგენის კუნძულზე. ეკლესიის სიგრძეა 96 მეტრი, ცენტრალური ნავის სიმაღლე 33, გასასვლელების სიმაღლე 15, ტრანსეპტის სიგანე 41. კოშკის დღევანდელი სიმაღლე 104 მეტრია, საერთო ფართობი კი 3523 კვმ.

ეკლესია აგებულია ქალაქ ლიუბეკის მარიენკირხეს მიხედვით, თუმცა ბევრი ელემენტი გვიანი გოტიკის შესაბამისად გადააკეთეს. გოტიკისთვის დამახასიათებელი კონტრფორსები, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, “შემალულია” შენობაში, რაც ტაძრის ექსტერიერს სიცხადესა და კომპაქტურობას ანიჭებს. ორიგინალურია მონუმენტური ტრანსეპტი და ქოროს დიზაინი ე.წ. ნახევარსარკმლებით ამბულატორიაში.

1382 წელს საძირკვლის პრობლემების გამო ჩამოინგრა ეკლესიის კოშკი, ქორო და ნავის ნაწილი. ახალი სპილენძით გადახურული კოშკის აგება 1478 წლისთვის დასრულდა. მაღალი გოტიკური შპილი 1495 წელს უძლიერესმა შტორმმა წააქცია, თუმცა კვლავ დადგეს და მისი სიმაღლე 151 მეტრამდეც გაზარდეს.

როგორც ავღნიშნეთ, მკვლევართა ნაწილის დასკვნით, მარიენკირხე 1549 წელს გახდა ყველაზე მაღალი ნაგებობა და არა 1625 წელს. ამავე კლასიფიკაციით, შტარლზუნდის ეკლესიას საფრანგეთში მშენებარე ბოვეს კათედრალმა გაასწრო 1569 წელს, თუმცა მისი 153-მეტრიანი შპილი ოთხ წელიწადში ჩამოინგრა და პირველობა მარიენკირხეს დაუბრუნდა, სანამ 1647 წელს მისი შპილი მეხის დაცემით გაჩენილმა ხანძარმა არ გაანადგურა. ამჟამინდელი სახურავი – კაპიუშონი ბაროკოს სტილში – 1708 წელს დასრულდა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*