შხამიანი გველის მოგზაურობა რეკორდს ამყარებს

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ზღვის გველი, რომელიც სულ 200 გრამს იწონის, ვეშაპის მსგავს მანძილს გადის.

ფრანგი მეცნიერები შეისწავლიდნენ ზღვის გველს, ორფეროვან პელამიდას (Pelamis platura). ამ რეპტილიის სიგრძე არ აღემატება 880 მილიმეტრს, მასა კი 100–200 გრამს აღწევს. გვერდებში შებრტყელებული მისი სხეული კონტრასტული ფერებით არის დაფარული.

ორფეროვანი პელამიდა მთელ ცხოვრებას წყალში ატარებს – ღია ზღვაში ან მიმდებარე წყლებში. ხმელეთზე არასოდეს არ გამოდის. წყალქვეშ შეუძლია გაძლოს 3 საათი. სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიაში მათ იჭერენ და საკვებად გამოიყენებენ. ეს გველები ფართოდ არიან გავრცელებული მთელ მსოფლიოში. წყნარ და ინდოეთის ოკეანეში: კეთილი იმედის კონცხიდან და ახალი ზელანდიიდან იაპონიამდე, რუსეთის წყლებში – იაპონიის ზღვაში.

ზღვის გველები კარგად შესწავლილები არ არიან. ცნობილია, რომ ევოლუციის პროცესში ისინი გაჩნდნენ სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიაში, მაგრამ შემდეგ მიგრირება მოახდინეს როგორღაც ამერიკაში და აფრიკაში. 1970–იან წლებში მათი მსოფლიო ოკეანეში გადაადგილების უკეთ შესასწავლად ასობით გველს სასიგნალო აპარატი დაუმაგრეს. ექსპერიმენტი წარუმატებელი გამოდგა, რადგან მხოლოდ ოთხი გველი დაიჭირეს.

ახალ კვლევებში ფრანგმა ზოოლოგებმა გამოიყენეს კომპიუტერული მოდელირება. მათ შექმნეს ათასობით ვირტუალური გველი. ისინი განათავსეს 28 საბინადრო ადგილას. შემდეგ “ჩართეს” ოკეანის დინება.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ორფეროვან პელამიდას შეუძლია მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა ტალღებზე დრეიფით. ისინი დინებას მიყვებიან. მარშრუტის კორექტირებას იგი ნიჩბისმაგვარი კუდით ახერხებს. ათი წლის “მოგზაურობის” შემდეგ ვირტუალური მონაწილეების 12% ცოცხალი იყო: ეს მაღალი მაჩვენებელია. ამ დროის განმავლობაში მათ დაახლოებით 32 ათასი კილომეტრი გაიარეს: ამ მანძილს გადიან ვეშაპები მთელი თავიანთი სიცოცხლის განმავლობაში.

Leave a comment

Your email address will not be published.


*