“ჩამოსულები” იმპერიის დედაქალაქში

ძველი რომი მართლაც მრავალფეროვანი და მრავალკულტურული იყო. ამ დასკვნამდე მეცნიერები მარადიული ქალაქის ნეკროპოლის შესწავლის შემდეგ მივიდნენ.

ვრცელი იმპერიის შემადგენლობაში არაერთი დაპყრობილი ქვეყანა თუ ხალხი შედიოდა. შესაბამისად, მისი დედაქალაქი მონოეთნიკური ვერ იქნებოდა.

უკეთესი ცხოვრების ძიებაში რომში ერთნი საკუთარი ნებით მიისწრაფოდნენ ევროპიდან, აზიიდან და აფრიკიდან, სხვები კი დაპყრობილი ქვეყნებიდან ჩამოჰყავდათ მონებად.

ვინ ჭარბობდა მარადიული ქალაქის მოსახლეობაში: რომაელები თუ ჩამოსულები, თავისუფალი მიგრანტები თუ უცხოეთიდან იძულებით ჩამოყვანილი მონები – ამ კითხვაზე პასუხის გაცემა კომპლექსურ კვლევებს მოითხოვს. მისი შედეგები მხოლოდ წერილობით წყაროებსა და არქეოლოგიურ მასალას კი არა, ძველრომაული ნეკროპოლის მასალების კვლევასაც უნდა ეყრდნობოდეს. მათ შორის იზოტოპურს.

ამგვარი სამუშაოს შესრულებას შეეცადა ქრისტინა კილგროუ, დასავლეთ ფლორიდის უნივერსიტეტის მკვლევარი თავის ბრიტანელ კოლეგასთან, ჟანეტ მონტგომერისთან ერთად. მათ რომის ორი ნეკროპოლის მასალები გამოიკვლიეს, სადაც I-III საუკუნის სამარხებია.

შეისწავლეს 105 სამარხი და გაირკვა, რომ მათგან 8 ადამიანი ჩავიდა მარადიულ ქალაქში ალპებიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან. ისინი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდნენ და არ არის გამორიცხული, რომ მონები ყოფილიყვნენ.

მხოლოდ გამოკვლეული მასალების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ჩამოსულთა რიცხვი არცთუ დიდი იყო. მაგრამ ეს მხოლოდ კვლევების დასაწყისია და ის კი არის პირველი “ფიზიკური” დადასტურება, რომ რომის იმპერიის დედაქალაქი მრავალეთნიკური იყო.

წყარო – “ისტორიანი”

Leave a comment

Your email address will not be published.


*