ჩილეში დაიწყეს მსოფლიოში უდიდესი ოპტიკური ტელესკოპის აგება

მისი ღირებულება მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს.

ჩილეში დაიწყეს ოპტიკური ტელესკოპის E-ELT-ის 2800 ტონიანი გუმბათის აგება. მშენებლობის დასრულების შემდეგ, E-ELT მსოფლიოში უდიდესი ოპტიკური ობსერვატორია იქნება. ეს მომავალი ათწლეულის შუა პერიოდისთვის იგეგმება.

ტელესკოპის ყველაზე ძვირი და რთული კომპონენტი მისი რეკორდულად დიდი სარკეა, რომლის დიამეტრი 39 მეტრს შეადგენს. ის აიწყობა 798 ექვსკუთხა სეგმენტისგან. თითოეულის ზომა 1,4 მეტრი იქნება.

ტელესკოპი ასევე აღჭურვილი იქნება ადაპტური ოპტიკის ინოვაციური ტექნოლოგიით, რომელიც დედამიწის ატმოსფეროში გამრუდებებს გაასწორებს. ის გამოსახულებებს უფრო მკვეთრს გახდის, ვიდრე კოსმოსიდან არის მიღებული.

ტელესკოპის საშუალებით, ასტრონომები მზის სისტემის გარეთ პლანეტების და სხვა გალაქტიკების ვარსკვლავების ფოტოგრაფირებას გეგმავენ.

ტელესკოპის განთავსებისათვის, ჩილეს გარდა, განიხილებოდა ესპანეთი, მაროკო და არგენტინა.

ჩილეს უდაბნო ატაკამა სხვადასხვა გეოგრაფიული ფაქტორების წყალობით შეირჩა – ეს არის კლიმატი, ზღვის დონიდან სიმაღლე და უდაბნოს თავზე ძალიან ბნელი ცა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*