ჩინეთის საგანძურს საფრთხე ემუქრება

OLYMPUS DIGITAL CAMERA

ჩინეთის ერთ-ერთი უდიდესი მღვიმოვანი ბუდისტური მონასტერი, მაიძიშანი ქვეყნის გარეთ ნაკლებად არის ცნობილი. ის ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარეობს, განცუს პროვინციის მაიძის რაიონში. აქ სამონასტრო ცხოვრება გვიანი ცინის დინასტიის დროს (384-417 წწ.) დაიწყო, როცა პირველი მღვიმეები გამოკვეთეს და ბერები გამოჩნდნენ. ორ ბერს – ტანჰონგასა და ჰუანგაოს, რომლებიც აქ მოწაფეებთან ერთად მედიტირებდნენ, ეკუთვნით აქაურობის წერილობითი აღწერა.

მშრალი კლიმატის წყალობით, მონასტერი ასწლეულების განმავლობაში პრაქტიკულად დაუზიანებლად შემორჩა, მაგრამ ბოლო დროს გახშირებული წვიმები, რაც ალბათ კლიმატის ცვლილებას უკავშირდება, ჩინელების სიამაყეს უპრეცედენტო საფრთხეს უქმნის.

მოწითალო ქვიშაქვით აგებული 142 მეტრი სიმაღლის კლდის სამხრეთ ფერდობზე სულ 194 მღვიმეა – 140 დასავლეთის მხარეს და 54 – აღმოსავლეთის. ისინი გამოკვეთილია კლდის ძირიდან 80 მეტრის სიმაღლეზე. მღვიმეებში არის IV საუკუნიდან XIX საუკუნემდე შექმნილი 7200-ზე მეტი ქვისა და თიხის ქანდაკება, მათგან ყველაზე მაღალი 16 მეტრია. აქ არის ფრესკები, რომელთა საერთო ფართობი 1300 კვმ-ს აღემატება. ქანდაკებების გარდა, მღვიმეებში ასევე ნაპოვნია 2000-ზე მეტი კერამიკული, რკინის, ბრინჯაოს და იასპისგან დამზადებული ნივთი, უძველესი დოკუმენტები, სურათები და კალიგრაფთა ნამუშევრები.

ერთი მღვიმიდან მეორეში მოხვედრა შესაძლებელია მხოლოდ უფსკრულის თავზე გადებული კიბეებით. თავდაპირველად ეს კიბეები მხოლოდ ხის იყო, თუმცა ახლახანს ლითონის საყრდენებით გაამაგრეს. მაიძიშანში ამჟამად მუზეუმია მოწყობილი, თუმცა ბევრი მღვიმე მნახველებისთვის დახურულია.

ქანდაკებებს შორის ყველაზე ხშირად, ისტორიული ბუდა შაკიამუნის გარდა, გვხვდება ცოდნით სრულყოფილ მოძღვარ ბოდჰისატვებსა და სხვა მომსახურეებს შორის მჯდომი ბუდა ამიტაბჰა, რომელიც სიბრძნის ბუდათა შორის ყველაზე პოპულარული და ცნობილია. ამიტაბჰას მარჯვნივ, როგორც წესი, ბოდჰისატვა ავალოკიტეშვარა, ხოლო მარცხნივ – ბოდჰისატვა მაჰასტჰამაპრატვაა გამოსახული.

ქანდაკებების უმრავლესობა დამზადებულია თიხისგან, რომლის დუღაბის მსგავსი მინარევის შემადგენლობა დღემდე უცნობია. რეგიონი მაღალი სეისმური აქტიურობით გამოირჩევა და ხშირი მიწისძვრების მიუხედავად, თიხის ქანდაკებების უმრავლესობამ დღემდე მიაღწია. კლდეში ნაკვეთი სკულპტურები, დანარჩენი ქანდაკებებთან შედარებით, გაცილებით მაღალი მხავრული ღირებულებით გამოირჩევა. აღსანიშნავია, რომ მღვიმოვანი ბუდისტური მონასტერი 12 დინასტიის განმავლობაში შენდებოდა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*