ჩიჩენ–იცას “ფენოვანი” პირამიდა

არქეოლოგებმა დაადასტურეს, რომ აღმოსავლეთ მექსიკაში, კუკულკანის უზარმაზარი, მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი პირამიდის კედლებს მიღმა, კიდევ ორი მომცრო პირამიდა აღმოჩნდა.

ყველაზე პატარა პირამიდა 10–მეტრიანია, ხოლო მასსა და დიდ პირამიდას შორის კიდევ არის 30–მეტრიანი პირამიდა. სპეციალისტთა განცხადებით, აღმოჩენა ადასტურებს, რომ კუკულკანის მშენებლობა სამ ფაზად იყოფა.

მაიას ცივილიზაციამ ცენტრალური ამერიკა დაიპყრო და პიკს მიაღწია VI საუკუნეში. ახლახან აღმოცენილი პატარა პირამიდა 550–800 წლებს შორის მონაკვეთში უნდა იყოს აშენებული.

30–მეტრიანი პირამიდა კი 1930–იან წლებში აღმოაჩინეს. ის 800–1000 წლებით თარიღდება. დიდი, კუკულკანის პირამიდა კი 1050–1300 წლებით. ის მექსიკის იუკატანის შტატში მდებარე ჩიჩენ–იცას ვრცელი კომპლექსის ერთ–ერთი ყველაზე თვალსაჩინო ნაგებობაა. მეცნიერთა აზრით, აღმოჩენები შესაძლოა გაგრძელდეს.

რენე ცავეს სეგურა, მექსიკის ეროვნული ავტონომიური უნივერსიტეტის მკვლევარი: “ის რუსულ მატრიოშკას ჰგავს, დიდი პირამიდის შიგნით ვპოულობთ სხვას და იმის შიგნით – სხვას”.

პატარა პირამიდას მეცნიერებმა სამგანზომილებიანი ელექტრორეზისტენტული ტომოგრაფიის გამოყენებით მიაგნეს. მათ იმედი აქვთ, რომ ამ აღმოჩენით მაიას კულტურის შესახებ დამატებით ინფორმაციას მიიღებენ.

ამას გარდა, შარშან მკვლევარებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ კუკულკანის პირამიდა აშენებულია ჭაზე, რომელიც მიწისქვეშა მდინარეს უკავშირდება.

ვერავინ ამბობს, იცოდა თუ არა მაიას ხალხმა ამ ჭის არსებობის შესახებ, თუმცა, მკვლევართა განცხადებით, ფაქტია, რომ პატარა პირამიდა ზუსტად მის თავზეა აშენებული და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ კუკულკანი წყლის ღმერთი იყო, სავარაუდოდ, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.

რენე ჩავეს სეგურა: “სტრუქტურა, რომელსაც ჩვენ პირამიდის შიგნით მივაკვლიეთ, კუკულკანის პირამიდის ცენტრში კი არა, პირდაპირ იქ დგას, სადაც არის ჭა. ეს მოწმობს, რომ მისი აშენებისას მაიას ხალხმა იცოდა ჭის არსებობის შესახებ”.

დღეს ჩიჩენ–იცა იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია და მას ყოველწლიურად 1 მილიონამდე ვიზიტორი ათვალიერებს.

წყარო: “ისტორიანი”

Leave a comment

Your email address will not be published.


*