ჩიჩენ-იცაში იაგუარის ტაძრის მაიას წევრები გაშიფრულია

მათ ნათელი მოჰფინეს მაიას უძველესი დინასტიის საგვარეულოს, რომელიც იუკატანის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთს მართავდა.

მექსიკელმა მეცნიერებმა მაიას უძველეს დედაქალაქ ჩიჩენ-იცაში იაგუარის ტაძრის ძველი ტექსტი გაშიფრეს. კვლევის შედეგები მკვლევარებმა წიგნში, “კოკომის სამეფო სახლი. იუკატანის ისტორია” გამოაქვეყნეს.

წიგნის ავტორებმა, ედუარდო პერეს დე ერეიდამ და პიტერ ბირომ გამომგონებლის, მუსიკოსის და მოყვარული არქეოლოგის, თეოდორ უილარდის (1862-1943 წწ.) ნაშრომები შეისწავლეს და აღმოჩენა გააკეთეს. სწორედ უილარდის ნაშრომების და იაგუარის ტაძარზე ამოკვეთილი გლიფების შეჯერება გახდა ძველი გამოცანის ამოხსნის გასაღები.

კოკომის დინასტიის დოკუმენტები უილარდმა XX საუკუნის დასაწყისში შეიძინა. ისინი თავიდან ანთროპოლოგმა, რუთ გაბლერმა 1980-იან წლებში პასადენას მუზეუმში აღმოაჩინა. ეს დოკუმენტები მაიას გლიფების გამოსახულებებს შეიცავენ, რომლებიც იაგუარის ტაძარზეა ამოკვეთილი. ტაძარი ჩიჩენ-იცაში 1000-1500 წლებშია აშენებული.

იაგუარის ტაძრის კედლების 14 სიმბოლო იდენტიფიცირებულია როგორც სახელები. მოულოდნელად, ისინი უილარდის დოკუმენტების კოკომის დიდებულების 14 პერსონაჟს დაემთხვნენ. ესპანურ ენაზე თარგმანში ისინი ნიშნავენ – ვარსკვლავს, ენოტს, ქურუმს, გველს, კბილს, მინას, ღმერთს, კაჟს, ახალშობილს, ნახშირის ბალახს, ბამბას, ჭიას, ცხოველის ტყავს და ვაჟს.

წიგნის ავტორებმა დაადგინეს, რომ 14 პერსონაჟი კოკომის დინასტიას მიეკუთვნებიან. ეს დინასტია იუკატანის ჩრდილოეთში, ქალაქ მაიაპანს 1260 წლიდან XV საუკუნის შუა ხანებამდე მართავდა. ადრე მკვლევარები თვლიდნენ, რომ მაიაპანის მმართველი დინასტიის დამაარსებელი ხუნაკ კეელი იყო, მაგრამ ახლა კვალი უფრო შორს წავიდა, მეომარ იაჯავალ ჩომდე, რომელიც ჩიჩენ-იცაში IX საუკუნეში ცხოვრობდა.

წიგნში ახსნილია, რომ კოკომების წარმოშობა კომკომის სახელმწიფოდან მოდის. მისი დედაქალაქი დღევანდელი ბუენავისტა-დელ-კაიოა ბელიზში. ორივე ტერმინი, Kokom და Komkom სინონიმები არიან და მცენარე სარსენს, იგივე ვანილს მიეკუთვნებიან.

წიგნში განხილულია კოკომების როლი მაიაპანას მმართველობაში 1441 წლის ცნობილ ჟლეტვამდე. ამ დროს ახ-შუპანმა უშმალიდან აჯანყება მოაწყო, დაამხო მმართველი ოჯახი და მმართველის ერთი ვაჟის გარდა ყველა ამოხოცა. ბედნიერი შემთხვევის წყალობით, ის სავაჭრო ექსპედიციაში წასული და ამ ხოცვა-ჟლეტის შემდეგ კოკომების ახალი სახელმწიფო დააარსა დედაქალაქით – სოტუტა. მან XVI საუკუნეში ესპანელების მიერ ამერიკის დაპყრობამდე იარსება.

წიგნში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდია აღწერილი, როდესაც 1562 წლის 12 ივნისს ესპანელმა ეპისკოპოსმა დიეგო დე ლანდამ მაიას ბელადებს ერესში დასდო ბრალი და ისინი პირადად აწამა და სიკვდილით დასაჯა. შემდეგ, მან მაიას ყველა კოდექსი და დოკუმენტი დაწვა. სწორედ იმ დღეს მაიას ცივილიზაციის ქაღალდის ისტორია ფერფლად იქცა.

დღესაც ბევრი იუკატანელი კოკომის გვარს ატარებს, რომელიც 1000-ზე მეტი წლისაა. ისინი მაიას ამ მნიშვნელოვანი შტოს შთამომავლები არიან. სწორედ ამ გვარმა ესპანელებამდელი იუკატანის ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა და მისი მემკვიდრეობა ახლაც ცოცხალია.

d38e64dfca8a4894bf99391bbcf81c71.width-630

67c7bf47afbc4df7b272716e8dd25be8.width-630

Leave a comment

Your email address will not be published.


*