ცათამბრჯენის ტარანი ბომბდამშენით

1945 წელს ემპაიერ სტეიტ ბილდინგს B-25 დაეჯახა.

ცნობილია, ტერორისტთა წრეებში როგორ გაჩნდა და მომწიფდა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის იდეა. პაკისტანელმა ხალიდ შეიხ მოჰამედმა, რომლის ანგარიშზე მრავალი სისხლიანი აქციაა, “ალ ქაიდას” მეთაურ ბინ ლადენს 1996 წელს ავღანეთში ჩააკითხა და შესთავაზა 10 თვითმფრინავის ერთდროულად გატაცება და აშშ-ში ცნობილი სამოქალაქო სამიზნეებისთვის დაჯახება. ბინ ლადენმა ჩანაფიქრი განუხორციელებლად მიიჩნია და დაიწუნა, თუმცა სამი წლის შემდეგ გადაიფიქრა და მოჰამედი ყანდაღარში მიიწვია ამ გეგმის მცირემასშტაბიანი ვერსიის შესამუშავებლად. სწორედ ამგვარად დაიგეგმა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტი.

სანამ ტერორისტი გახდებოდა, “წინა ცხოვრებაში” ხალიდ შეიხ მოჰამედმა აშშ-ში ჩრდილოეთ კაროლინის სასოფლო-სამეურნეო და ტექნოლოგიური უნივერსიტეტი დაამთავრა. სავსებით შესაძლებელია, თვითმფრინავების ცათამბრჯენებისთვის შეჯახების იდეა სწორედ 1945 წლის ინციდენტიდან განევითარებინა…

1945 წლის 28 ივლისს დილის 9 საათზე, სქელ ნისლში, ბომბდამშენი B-25 “მიტჩელი” ნიუ-იორკის ცათამბრჯენ ემპაიერ სტეიტ ბილდინგს დაეჯახა. შეჯახება მოხდა 78-ე და მე-80 სართულებს შორის, სადაც ეროვნული კათოლიკური საბჭოს ოფისები იყო განლაგებული. ავარიის შედეგად შენობაში გაჩნდა 5,5X6,1 მეტრი ზომის ხვრელი. შენობის სტრუქტურული მთლიანობა შეჯახებას არ დაურღვევია, თუმცა დაიღუპა 14 ადამიანი – ეკიპაჟის 3 წევრი და 11 შენობაში მყოფი.

ერთ-ერთმა ძრავამ გამჭოლად გაიარა ცათამბრჯენში, გახვრიტა მოპირდაპირე კედელი, იფრინა კიდევ 270 მეტრი და ახლომდებარე შენობას დაეცა, სადაც ცეცხლში განადგურდა პენტჰაუზში განლაგებული სამხატვრო სტუდია. მეორე ძრავა და შასის ნაწილი ლიფტის შახტში ჩაცვივდა. წარმოქმნილი ხანძარი 40 წუთში ჩააქრეს – ეს ერთადერთი ხანძარია ასეთ სიმაღლეზე, რომლის გაკონტროლებაც მოხერხდა. პილოტ უილიამ სმიტის ნეშტი მხოლოდ ორი დღის შემდეგ იპოვეს ლიფტის შახტის ფსკერზე. შენობის დაზიანებისა და მსხვერპლის მიუხედავად, ემპაიერ სტეიტ ბილდინგი მომდევნო ორშაბათს გაიხსნა.

სხვათა შორის, 1960-იან წლებში, როცა პროექტდებოდა მსოფლიოს სავაჭრო ცენტრის ტყუპი ცათამბრჯენი, ამ ინციდენტის გათვალისწინებით განიხილეს სცენარი, თუ ერთ-ერთ შენობას შემთხვევით ბოინგი-707 შეეჯახებოდა. თუმცა, 2001 წელს ტყუპი ცათამბრჯენი ბოინგ-767-მა იმსხვერპლა.

P.S. 2006 წლის 11 ოქტომბერს, საღამოს 18:42 საათზე ნიუ-იორკში, მანჰეტენის უბან ზემო ისტ-საიდში ერთძრავიანი მსუბუქი თვითმფრინავი (Cirrus SR20) მრავალბინიანი ცათამბრჯენის (Belaire) ჩრდილოეთ მხარეს შეეჯახა. დაიღუპა ეკიპაჟის ორივე წევრი და კიდევ 21 ადამიანი დაშავდა. რამდენიმე ბინაში წარმოქმნილი ხანძარი ორ საათში ჩააქრეს. მიზეზი პილოტის შეცდომა გახდა, თუმცა კომისიამ ვერ დაადგინა, ვინ იჯდა საჭესთან – თვითმფრინავის მფლობელი, “ნიუ-იორკ იანკიზის” ფეხბურთელი კორი ლიდლი თუ მისი სერტიფიცირებული მფრინავი-ინსტრუქტორი ტაილერ სტენჯერი…

Leave a comment

Your email address will not be published.


*