ცერერა მოსვენებას დაგვაკარგვინებს

Ceres_Dawn-pic4_zoom-1000x1000-72688

ისტორიაში პირველად კოსმოსური აპარატი ჯუჯა პლანეტის ორბიტაზე გავიდა. ეს არის ამერიკული ზონდი “Dawn”, რომელიც ცერერას მიუახლოვდა.

მარსის და იუპიტერის ორბიტებს შორის მდებარე ასტეროიდების მთავარ სარტყელში მოხდა პირველი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც 2015 წლისთვის პლანეტათაშორისი კოსმოსური მისიის სფეროში იგეგმებოდა. NASA-ს კოსმოსური აპარატი “Dawn” გავიდა სარტყელის ყველაზე იდუმალი წევრის, ჯუჯა პლანეტა, ცერერას ორბიტაზე.

ზონდმა ცერერასთან მიახლოება 2014 წლის დეკემბერში დაიწყო. NASA პერიოდულად აქვეყნებდა მიღებულ ფოტოებს.

მოყვარულები და მეცნიერები მთელი მსოფლიოდან დააინტერესა უჩვეულოდ კაშკაშა წერტილებმა ცერერას ზედაპირზე. ყველაზე დიდი ინტერესი გამოიწვია ორმა კაშკაშა წერტილმა, რომლებიც ერთად მდებარეობდნენ 100 კმ. სიგანის კრატერში. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება იყოს ყინულის ან მარილის ფენა, რომელიც ბრწყინავს არეკლილ სხივებზე.

“გუნდი ნამდვილად გაოცებულია ამ წერტილებით, რადგანაც ისინი მზის სისტემაში უნიკალურებია. მათი საიდუმლო გაირკვევა, მაგრამ ჯერჯერობით სიმართლეა ის, რაც გვაიძულებს სკამებზე ვიცმუტოთ” – ამბობს მისიის წარმომადგენელი კეროლ რეიმონდი.

მისიის ერთ–ერთი ამოცანაა ცერერას ზედაპირიდან ამოტყორცნილი წყლის ნაკადები. ეს უნიკალური მოვლენა, რომელიც მზის სისტემის მხოლოდ ოთხ სხეულზე აღინიშნება, მხოლოდ გასულ წელს აღმოაჩინეს. ამის გარდა, ზონდი ჩაატარებს პლანეტის კარტოგრაფიას და შეისწავლის მინერალოგიას და ელემენტების შემადგენლობას.

ცერერა 1801 წელს იტალიელმა ასტრონომმა ჯუზეპე პიაციმ აღმოაჩინა. თავდაპირველად მას პლანეტის კლასიფიკაცია მიანიჭეს, შემდეგ ასტეროიდად აღიარეს. თუმცა, რადგანაც ცერერას პლანეტებისთვის დამახასიათებელი ბევრი თვისება აქვს, რომლებიც ასტეროიდებს არ აქვთ, 2006 წელს ერედასთან და ყოფილ პლანეტა პლუტონთან ერთად მას ჯუჯა პლანეტის კლასიფიკაცია მიანიჭეს.

ცერერა ძველი რომაული მიწათმოქმედების ქალღმერთის პატივსაცემად დაერქვა. კრატერებს მის ზედაპირზე ძველი მითოლოგიური ნაყოფიერების ღმერთების და ქალღმერთების სახელები დაერქვა.

ზონდი “Dawn” 2011–2014 წლებში იკვლევდა სხვა ობიექტს ამავე სარტყელიდან – ასტეროიდ ვესტას. ამ ორი სხეულის გამოკვლევები იქნება ადრეულ მზის სისტემაში პლანეტების წარმოქმნის მექანიზმის გასაღები.

“ვესტაც და ცერერაც პლანეტები უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ მათი ჩამოყალიბება იუპიტერის მიზიდულობამ დაარღვია – თვლის კეროლ რეიმონდი. – ეს ორი სხეული მზის სისტემის ჩასახვის დროინდელ ნამარხებს გვანან. ისინი მოფენენ სინათლეს მის წარმოშობას”.

ცერერა და ვესტა ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ცერერა ასტეროიდების სარტყელის ყველაზე დიდი სხეულია 950 კმ–ის დიამეტრით. ვესტას დიამეტრი კი მხოლოდ 525 კმ–ია. ის სიდიდით მეორე სხეულია სარტყელში.

ეს აბსოლუტურად მშრალი ასტეროიდი ცერერაზე ადრე გაჩნდა. ცერერას 1/4 წყალი შეადგენს.

“ვესტას და ცერერას შესწავლით ჩვენ უკეთ გავიგებთ მზის სისტემის წარმოშობას. განსაკუთრებით დედამიწის ჯგუფის პლანეტების წარმოშობას. ეს სხეულები იმ სამშენებლო მასალის ნაწილებია, რომლისგანაც შეიქმნა ვენერა, დედამიწა, მარსი. მიიჩნევა, რომ ვესტას მსგავსი ობიექტებისგან ჩვენი პლანეტის ბირთვი ჩამოყალიბდა, ცერერას მსგავსი ობიექტები კი წყლის წყაროებია.” – ამბობს რეიმონდი.15-034

ასეთი რთული მოგზაურობა “Dawn”–მა მხოლოდ იონური ძრავების მეშვეობით აჩქარების უნიკალური მეთოდით შეძლო.

“ჩვენ ვერ შევძლებდით ამ ორი სხეულის ორბიტებზე გასვლას და შესწავლას იონური ძრავების გარეშე. “Dawn”–მა შეძლო ამ ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენება, რათა დიდი მეცნიერება პატარა ფულით გაეკეთებინა.” – ფიქრობს მისიის ხელმძღვანელი რობერტ მეისი.

ამ ძრავების წყალობით “Dawn” არა მარტო პირველი აპარატია, რომელიც ჯუჯა პლანეტის ორბიტაზე გავიდა, არამედ პირველი ზონდიცაა, რომელიც დედამიწის საზღვარს იქით ორი სხვადასხვა სხეულის ორბიტაზე გავიდა.

მომზადებულია gazeta.ru–ს მიხედვით

Leave a comment

Your email address will not be published.


*