ცნობილი მეკობრე ქალები

მეკობრეებზე ფიქრისას ალბათ წვერიანი ყაჩაღი ან ხისფეხა ნაძირალა გახსენდებათ, ისეთი, როგორიც “შავწვერა” ედვარდ ტიჩი (1680–1718 წწ.), ცნობილი ინგლისელი მეკობრე, რომელიც ამერიკული კოლონიების აღმოსავლეთ სანაპიროზე და ე. წ. ვესტინდოეთის, ანუ კარიბის ზღვის აუზში დათარეშობდა; ანდა ბარბოსა ან კალიკო ჯეკი. მეკობრეთა უმრავლესობა მამაკაცები იყვნენ. თუმცა ისტორიას შემორჩა ზღვის ყაჩაღი ქალების სახელები, – შეუბრალებლების, ცნობილებისა და საშიშების.

ჩენგ აი საო

鄭一嫂 (1)

ყველა დროის ერთ–ერთი ცნობილი და საშიში მეკობრე ქალი შიშის ზარს სცემდა ჩინეთის ზღვას. დაიბადა ღარიბ ოჯახში. მისი ნამდვილი სახელია ში ქსიან გუ. მეძავი იყო, როცა მეკობრეებმა დაატყვევეს. 1801 წელს ცოლად გაჰყვა ცნობილ მეკობრე ჩენგს. მისი წითელდროშიანი ფლოტი 300 ჯონკას და 50 ათასამდე მეკობრეს ითვლიდა, მაგრამ 1807 წლის 16 ნოემბერს, ჩენგის გარდაცვალების შემდეგ, ამ “იმპერიას” ნაწილებად დაშლა დაემუქრა.

ში ქსიან გუ გახდა ჩენგ აი საო, რაც ცზენის ქვრივს ნიშნავდა. ქალმა მალე მოიპოვა ქმრის თანაშემწეთა მხარდაჭერაცა და წითელდროშიანთა ფლოტის მეთაურის სტატუსიც. “იმპერიის” შენარჩუნების მიზნით, ჩენგ აი საომ დახმარება მეთევზის ვაჟს, ჩან პაოს სთხოვა, რომელიც თავის დროზე ქმართან ერთად იშვილა. მათ მტკიცე გუნდი შეკრეს და 1810 წლისათვის წითელი ფლოტი უკვე ითვლიდა 1800 ჯონკას 80 ათასი კაცით. ამ ხომალდების სამართავად, ჩენგ აი საომ საკუთარი მმართველობა, კანონები და გადასახადებიც კი შემოიღო. მათი დარღვევა თავის მოჭრით ისჯებოდა. ჩენგ აი საოს სახელმა ბრიტანეთამდეც კი ჩააღწია და ყველას შიშის ზარს სცემდა. დიდი ქონებაც დააგროვა.

1810 წელს მეკობრე ქალს სახელმწიფომ ამნისტია შესთავაზა. ამნისტიით სარგებლობა ჩენგ აი საოსთვის ხელისუფლებისთვის თავის დახრას ნიშნავდა. ქალმა მეკობრემ გამოსავალს აქაც მიაგნო – მან პაოსთან, 17 ქალსა და ბავშვთან ერთად გაემგზავრა მოხელე ჟან ბაი ლინის უწყებაში და პაოსთან დაქორწინება ითხოვა. ამის შემდეგ ჩენგ აი საო, რომელსაც მეკობრეობით ნაშოვნი ქონება შეუნარჩუნდა, ამ საქმიანობას შეეშვა. ის 1844 წელს, 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ანა ბონი

Bonney,_Anne_(1697-1720)

ნამდვილი სახელია ანა კორმაკი. დაიბადა სავარაუდოდ, 1698 წელს. ეს ირლანდიელი გოგონა წითელი თმითა და ფეთქებადი ხასიათით, მეკობრეობის ოქროს ხანის (1650–1730 წწ.) სიმბოლოდ იქცა.

მას შემდეგ, რაც ნაკლებად ცნობილ მეკობრე ჯეიმს ბონიზე დაქორწინდა, მამამ, რომელსაც საზოგადოებაში კარგად იცნობდნენ და პატივს სცემდნენ, შეუფერებელი ქორწინების გამო შვილი უარყო. ანა და მისი მეკობრე მეუღლე გადავიდნენ ბაჰამის კუნძულებზე, რომელსაც მეტსახელად მეკობრეთა რესპუბლიკა ერქვა და ყაჩაღთა ერთგვარ ნავთსაყუდელს წარმოადგენდა, მაგრამ ბონების ოჯახის ბედნიერება ხანმოკლე აღმოჩნდა.

წყვილი გაიყარა და მალე ქალი დაუახლოვდა კალიკო ჯეკ რეკჰემს. 1720 წლის ოქტომბერში, ბრიტანეთის ჯარის შემოტევისას, ბონის და მისი ახლო მეგობრის, მერი რიდის თავდაუზოგავი მცდელობის მიუხედავად რეკჰემის ეკიპაჟის ნაწილი დაატყვევეს. ბონიმ მომხდარში რეკჰემი დაადანაშაულა. უკანასკნელი სიტყვები, რომლითაც ჯეკს საპატიმროში მიმართა იყო: “ვწუხვარ რომ აქ გხედავ, მაგრამ მამაკაცივით რომ გებრძოლა, ძაღლივით ვერ ჩამოგახრჩობდნენ”.

ჯეკი ჩამოახრჩეს, მაგრამ ბონის გაუმართლა. ორსულად აღმოჩნდა და უმკაცრესი სასჯელი გადაუვადეს, რომელიც სავარაუდოდ, აღარც მოუყვანიათ სისრულეში. მკვლევართა ნაწილი ვარაუდობს, რომ ანა ბონი გავლენიანმა მამამ გამოიხსნა. თუმცა, წყაროები დუმან მეკობრე ქალის შემდგომ ბედზე.

მერი რიდი

A_contemporary_engraving_of_Mary_Read (1)

მერი რიდი ანა ბონის საუკეთესო მეგობარი იყო – წარმოშობით ინგლისელი და ზღვაოსნობის კაპიტნის ქვრივის უკანონო შვილი. თუ ბონის სამოსი ისე ეცვა, რომ ქალურ ნაკვთებს არ მალავდა, რიდი მამაკაცივით გადაცმული დადიოდა. ჯერ კიდევ ბავშვობაში დედამისი აცმევდა მას გარდაცვლილი უფროსი ძმის სამოსს, რომ ბებიას შვილიშვილის სიკვდილის შემდეგ დახმარება არ შეეწყვიტა. მოგვიანებით მან ბრიტანეთის არმიაში დაიწყო სამსახური მარკ რიდის სახელით. აქ ფლამანდელი ჯარისკაცი შეუყვარდა, მაგრამ ის მალე გარდაიცვალა, ამიტომ მერი ვესტინდოეთში გაემგზავრა. გზაზე მისი გემი მეკობრეებმა ჩაიგდეს ხელში. ამის შემდეგ მერიც მეკობრეთა რიგს შეუართდა.

მამაკაცად გადაცმული რიდი შეხვდა ანა ბონისა და კალიკო ჯეკს ხომალდ Revenge-ზე 1720 წელს. ზოგიერთი წყაროს ცნობით, მხოლოდ ბონიმ და ჯეკმა იცოდნენ, რომ რიდი ქალი იყო, ხოლო ეკიპაჟმა მოგვიანებით იეჭვა, როცა დაინახეს, როგორ გააბა ფლირტი ვიღაც “მარკთან”.

როცა ბრიტანელმა ჯარისკაცებმა მეკობრეთა გემ Revenge–ს შეუტიეს, ის ანა ბონისთან ერთად იბრძოდა. მეკობრეზე მონადირე კაპიტანმა ჯონათან ბარნეტმა და მისმა გუნდმა დაატყვევეს. სიკვდილით დასჯისგან მერი რიდიც ფეხმძიმობამ იხსნა, თუმცა პატიმრობაში დიდხანს აღარ უცოცხლია. ციებცხელება შეეყარა და 1721 წლის 28 აპრილს საპატიმროში გარდაიცვალა. ჩანაწერი არ შემორჩენილა ბავშვის დაკრძალვასთან დაკავშირებით. ზოგი მკვლევარი ეჭვობს, რომ რიდი მშობიარობას გადაყვა.

 

Leave a comment

Your email address will not be published.


*