“ცოცხალი ფოტოსურათები” მეომრებისთვის

საუკუნის წინ, ყოველგვარი კომპიუტერული პროგრამებისა თუ პიქსელების გამოყენების გარეშე, მოხეტიალე ფოტოგრაფმა არტურ მოულმა და მისმა კოლეგა ჯონ თომასმა საინტერესო მეთოდი გამოიყენეს მასობრივი “ფოტოგრაფიული სპექტაკლების” სერიის გადასაღებად. მოული მათ “ცოცხალ ფოტოსურათებს” უწოდებდა. ამგვარ ფოტოებს მსოფლიო ომში მონაწილე თანამემამულეების გასამხნევებლად იღებდნენ.

მასობრივი კომპოზიციების შესაქმნელად ათობით ათასი ჯარისკაცი, რეზერვისტი თუ სხვა ადამიანი გახდა საჭირო. მოული და თომასი იყენებდნენ 24 მეტრი სიმაღლის სათვალთვალო კოშკზე დაყენებულ 28X35 სანტიმეტრიან კამერას, რომლის მინაზე სასურველი გამოსახულების სქემა გადაჰქონდათ. კამერიდან გახედვისას ფოტოგრაფი სქემატურ “კვალს” კოშკის წინ მოედანზე ხედავდა, შემდეგ კი კოშკიდან, მეგაფონითა და დიდი ჯოხით შეიარაღებული მეწყვილეს და მის დამხმარეებს კარნახობდა, სად და როგორ გაენაწილებინათ ადამიანები… ყოველი “ცოცხალი ფოტოსურათის” გადაღებისთვის მომზადებას რამდენიმე კვირა სჭირდებოდა, უშუალოდ ადამიანების დაყენებას კი სულ რამდენიმე საათი.

პერსპექტივის გათვალისწინებით, ფოტოგრაფებს შორ მანძილზე გაცილებით მეტი სტატისტი სჭირდებოდათ, ვიდრე ახლოს. მაგალითად, აიოვაში, კემპ-დოჯში 1918 წლის ივლისში თავისუფლების ქანდაკების “ცოცხალი ფოტოსურათის” გადაღებისას, 18 000 ადამიანიდან “ჩირაღდნის” შესაქმნელად 16 000 გახდა საჭირო, დანარჩენი “ქანდაკება” კი სულ 2000 ადამიანისგან შეადგინეს. გადაღებისას, მაღალი სიცხის გამო, მატყლის ფორმაში გამოწყობილმა მრავალმა სამხედრომ გონება დაკარგა… თავისუფლების ქანდაკების “ცოცხალი ფოტოსურათი” სამხედრო ობლიგაციების გაყიდვის ხელშეწყობისთვის იყო გათვალისწინებული, თუმცა ამ მიზნით არასოდეს გამოუყენებიათ.

Leave a comment

Your email address will not be published.


*