ძაღლი და ისტორია

ძაღლი ადამიანის ისტორიის განუყოფელი ნაწილი იყო უძველესი დროიდან. მრავალ კულტურაში მას მნიშვნელოვანი როლი ეკისრებოდა. ძაღლის მოშინაურების ყველაზე ადრინდელი მატერიალური დადასტურება აღმოჩნდა ათასწლეულების წინანდელ სამარხებში, დღევანდელი ისრაელის ტერიტორიაზე. აქ იპოვეს ლეკვებისა და ძრდასრული ძაღლების ჩონჩხები, რომელთაც ადამიანების გვერდით მარხავდნენ.

ინდურ ეპოს “მაჰაბჰარატაში” მეფე იუდჰიშტირა სამოთხის კარიბჭესთან უარს ამბობს იქ შესვლაზე, რადგან მასთან ერთად მის ძაღლსაც არ უშვებენ. როცა იუდჰიშტირა ერთგული და კეთილშობილი არსების გამო მზად არის მიწაზე დაბრუნდეს ან ჯოჯოხეთშიც კი ჩავიდეს, მას აუწყებენ, რომ ესეც გამოცდა იყო და ცხადია, სამოთხეში შესვლა თავის ძაღლთან ერთად შეუძლია. ზოგიერთ ვერსიაში ეს ძაღლი საერთო ღმერთი ვიშნუ აღმოჩნდება, რომელიც მეფეს მთელი ცხოვრება აკვირდებოდა.

ეგვიპტეში ძაღლებს დიდი პატივით მარხავდნენ ღმერთი ანუბისის ტაძარში, რომელიც ძაღლის ან ტურის თავით გამოისახებოდა. შემორჩენილია ძაღლების მუმიებიც. აღსანიშნავია, რომ მუმიფიცირება ყველა წესის დაცვით არის შესრულებული. ეგვიპტელები მათ ოჯახის წევრებად მიიჩნევდნენ და პატივსაც შესაბამისად მიაგებდნენ.

არსებობს ფარაონის ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია კუნძულ მალტაზე დიდი ხნის წინ. ბოლო წლების გენეტიკური ანალიზით არ დადასტურდა გავრცელებული მითი ამ ჯიშის ეგვიპტესთან კავშირის შესახებ.

ძველი ბერძნებისთვის ძაღლი იყო ადამიანის კომპანიონი, დამცველი და მონადირე. რომაელებს ძაღლი ოჯახის მცველად მიაჩნდათ. რომაულ კანონში ძაღლი სმოხსენიებულია, როგორც სახლისა და პირუტყვის დამცველი. საინტერესოა, რომ ჩინეთშიც ძაღლი დიდი ხნის წინ მოათვინიერეს. მათ იყენებდნენ ნადირობისას, მაგრამ ასევე საკვებადაც და სამსხვერპლოდ მკითხაობისთვის. ძაღლის სისხლი მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო დაფიცებისას ან დაწყევლისას – ეს ცხოველიცა და მისი სისხლიც ღმერთის საჩუქრად მიაჩნდათ.

პლატონი ძაღლს იხსენებს, როგორც “სწავლის მოყვარულსა” და “გაოცების ღირს ცხოველს”. დიოგენე სინოპელს მოსწონდა ძაღლების ცხოვრების უბრალოება და მათი მიბაძვისკენ მოუწოდებდა. ისტორიის განმავლობაში მეტ–ნაკლებად იცვლებოდა ადამიანის დამოკიდებულება სხვა მოშინაურებული ცხოველების მიმართ, ძაღლი კი მუდამ იყო და დღესაც არის ადამიანის საუკეთესო მეგობარი და დამცველი. ამის დამამტკიცებელი საბუთი არ სჭირდება არც ერთ ადამიანს დღევანდელ მსოფლიოში, ვინც ძაღლის პატრონია და მის ერთგულებას ყოველდღე ხედავს.

ძაღლის სხეული ყველა წესის დაცვით არის მუმიფიცირებული

Leave a comment

Your email address will not be published.


*