ძველეგვიპტელი ქურუმი ძვირფასი ნიღბით

ეგვიპტეში, საქარას ნეკროპოლისის ტერიტორიაზე აქამდე უცნობი სამარხების კომპლექსს მიაკვლიეს, რომელიც რამდენიმე კამერისგან შედგება. კომპლექსის შუაგულში კი აღმოჩნდა ტალახის აგურისა და კირქვისგან აგებული სპეციალური ნაგებობა, სადაც გარდაცვლილთა სხეულების მუმიფიცირება ხდებოდა. შენობა მოიცავს ორ ვრცელ აუზს, გარს კი ტალახის აგურით ნაგები კედლები აკრავს. სწორედ აუზებს იყენებდნენ, სავარაუდოდ, ცხედრების მუმიფიცირებისთვის. ამისთვის საჭირო ქირურგიულ ინსტრუმენტებს, ჭურჭელს, ზეთებს ბალზამირებისთვის და სხვა ნივთებს მიწის 30–მეტრიანი ფენა ფარავდა.

ეგვიპტურ–გერმანული ექსპედიციის წევრებმა სარკოფაგსაც მიაგნეს, რომელიც, წარწერის მიხედვით, ქალღმერთ მუტის ქურუმს ეკუთვნოდა. თუმცა მისი სახელის დადგენა ვეღარ შეძლეს, რადგან თაბაშირის ის ნაწილი, რომელზეც მისი სახელი უნდა ყოფილიყო ამოტვიფრული, გატეხილია. ჯგუფმა მხოლოდ იმის გარკვევა შეძლო, რომ ქურუმის სახელი მოიცავს ღვთაება ნეიტის სახელსაც და ის XXVI დინასტიის პერიოდში, ძვ. წ. 664–404 წლებში ცხოვრობდა.

ქურუმის მუმიას სახე მოოქრული ვერცხლის ნიღაბი უფარავდა. თვალების ადგილი ამოვსებული იყო კალციტით, ობსიდიანითა და შავი ქვით, რომელიც შესაძლოა ონიქსი იყოს. ამ ტიპის ნიღაბი არქეოლოგებს 1939 წლის შემდეგ აღარ აღმოუჩენიათ. არტეფაქტები ექსპედიციის წევრებმა 3D ლაზერით სკანირების მეთოდით შეისწავლეს.

რამდან ბადრი ჰუსეინი, ექსპედიციის ხელმძღვანელი: “ამ ნიღბის აღმოჩენას თამამად შეიძლება სენსაცია ეწოდოს. ძვირფასი ლითონის ნიღბები ძალიან ცოტაა შემორჩენილი, რადგან ეგვიპტურ სამარხთა უმეტესობას უძველეს ხანაშივე ძარცვავდნენ. ამას გარდა ხელთ გვაქვს ზეთების შესანახი ლარნაკები და ასარწყავი თასები. ყველა მათგანი ეტიკეტირებულია. ახლა უკვე შეგვიძლია ამ ზეთების ქიმიური შემადგენლობაც კი გავარკვიოთ”.

Leave a comment

Your email address will not be published.


*