ძველი დიდების ნაშთი შოტლანდიაში

შოტლანდიის ქალაქ სენტ-ენდრიუსში წმინდა ანდრიას სახელობის ტაძრის ნანგრევებია, რომელიც 1158 წელს აიგო. ეს იყო უდიდესი ტაძარი, რომელიც შოტლანდიაში აგებულა და წარმოადგენდა საკათედრო ტაძარს, სადაც თავის დროზე წირავდა სენტ-ენდრიუსის არქიეპისკოპოსი. შუა საუკუნეებში ტაძარი შოტლანდიის კათოლიკური ეკლესიის ცენტრად იქცა. ის XVI საუკუნეში დაინგრა, რეფორმაციის პერიოდში მომხდარი არეულობისას.

ლეგენდის თანახმად, საბერძნეთის ქალაქ პატრაში, ბერძენ ბერ რეგულუსს (ძველირლანდიურად რიაგალი) ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა, რომ მას მოციქულ ანდრია პირველწოდებულის წმინდა ნაწილები პატრადან ქვეყნის დასალიერში უნდა წაეღო. ბერი გემით გაემგზავრა, რომელიც შოტლანდიის ნაპირებთან ჩაიძირა. რეგულუსი გადარჩა, ხოლო სოფელს, სადაც გემი დაიღუპა, წმინდა ანდრიას სახელი უწოდეს. მოგვიანებით მოციქული ანდრია შოტლანდიის მფარველად აღიარეს, ხოლო სოფელში ააგეს კანონიზებული ბერის წმინდა რეგულუსის ეკლესია.

XII საუკუნის შუა წლებისთვის წმინდა რეგულუსის ეკლესია ვეღარ იტევდა გაზრდილ მრევლს და მის ადგილას დიდი ტაძრის აგება გადაწყდა. მოციქულის ნაწილების შესანახად და ღვთისმსახურების უწყვეტად გასაგრძელებლად ძველი ეკლესიისგან დატოვეს 33 მეტრი სიმაღლის კვადრატული კოშკი, რომელიც დღესაც დგას. ახალი ტაძრის აგება 1158 წელს დაიწყო რომანულ სტილში და თითქმის 150 წელიწადს გაგრძელდა. ცენტრალური კოშკის გარდა, მას კიდევ 6 კოშკი ჰქონდა. ნანგრევებიდან ჩანს, რომ ტაძრის სიგრძე 119 მეტრი ყოფილა. 1272-1279 წლებში აღადგინეს და გადააკეთეს უძლიერესი ქარიშხლით დაზიანებული ტაძრის დასავლეთი ნაწილი. ტაძრის კურთხევას 1318 წლის 5 ივლისს შოტლანდიის მეფე რობერტ I ბრიუსი ესწრებოდა. ტაძარი ძლიერ დააზიანა 1378 წლის ხანძარმა, მისი აღდგენა-შემკობა 1440 წლისთვის დასრულდა.

1559 წელს რელიგიურმა რეფორმატორმა – პრესვიტერიანული ეკლესიის ფუძემდებელმა ჯონ ნოქსმა სენტ-ენდრიუსში ანტიკათოლიკური ქადაგება დაიწყო. ორატორული ნიჭით დაჯილდოებული ნოქსის ერთ-ერთი ქადაგების შემდეგ, აგრესიული მრევლი პირდაპირ წმინდა ანდრიას ტაძრისკენ გაემართა და ყველაფრის ნგრევა დაიწყო, რაც მათი აზრით, რეფორმატორულ ტრადიციებს არ შეესაბამებოდა. რამდენიმე დღეში აქაური ბერები და მღვდელმსახურებიც გარეკეს, მაშინ როცა სხვა ეკლესიები თითქმის არ დაზიანებულა. 1560 წელს პრესვიტერიანული დოქტრინა დაამტკიცა შოტლანდიის პარლამენტმა, ხოლო 1567 წელს პრესვიტერიანელობა შოტლანდიის ოფიციალური რელიგია გახდა.

მიტოვებული დიდებული საკათედრო ტაძარი XVII საუკუნის ბოლოსთვის თითქმის მთლიანად დანგრეული იყო, მის ქვებს სენტ-ენდრიუსში სხვა მშენებლობებისთვის 1826 წლამდე იყენებდნენ, მერე კი როგორც იქნა, ტაძრის მოვლა დაიწყეს.

დღეს გადარჩენილია მხოლოდ დასავლეთის კედლის ნაწილი და ტაძრის ერთ-ერთი ნავი, მოზრდილი ტერიტორია უჭირავს ძველ სასაფლაოს. ნანგრევები შოტლანდიის კულტურული მემკვიდრეობის თვალსაჩინო ძეგლს წარმოადგენს და არც ტურისტის სიმრავლე აკლია.

Leave a comment

Your email address will not be published.


*