ძველ ადამიანებს შეეძლოთ ღრმა ძილს მისცემოდნენ, რათა ცივი ზამთრები გადაეტანათ

თუმცა ეს ბევრ დაავადებასთან იყო დაკავშირებული, რაც D ვიტამინის ნაკლებობით იყო გამოწვეული.

ბერძენმა ანთროპოლოგმა ანტონის ბარციოკასმა და მისმა ესპანელმა კოლეგამ, ხუან ლუის არსუაგამ, წამოაყენეს იდეა, რომ ნახევარი მილიონი წლის წინ, გამყინვარების პერიოდის ყველაზე ცივ ეტაპზე, ჰომინიდები იძულებული გახდნენ, ანატომიური ადაპტაცია განეცადათ და 50 ათასი წლის მანძილზე ყოველი ზამთარი ღრმა ძილში გაეტარებინათ.

ასეთი ვერსია ჩრდილოეთ ესპანეთში გამოქვაბულში აღმოჩენილი ნაშთების შესწავლის შემდეგ გაჩნდა. გამოქვაბულს “ძვლების ორმო” შეარქვეს (საიმა-დე-ლოს-უესოსი). ეს ადამიანის ევოლუციის შესწავლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია მსოფლიოში. გასულ წლებში აქ 7500-ზე მეტი ძვალია აღმოჩენილი. ისინი 29 უძველეს ადამიანს ეკუთვნის – ჰეიდელბერგელ ადამიანს.

მეცნიერებმა ყურადღება ერთ დეტალს მიაქციეს. ის ადრეულ კვლევებში ყურადღებიდან გამორჩათ. გამოქვაბულის ადამიანებს მთელი რიგი დაავადებები აწუხებდათ. მათ შორის – თირკმლის უკმარისობა და რაქიტი. ეს D ვიტამინის ნაკლებობასთან არის დაკავშირებული. D3 ვიტამინის პროვიტამინი – დიჰიდროქოლესტერინი ცხოველურ პროდუქტებშია, ასევე კანში. ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით ის პროვიტამინიდან ვიტამინად გადაიქცევა – ქოლეკალციფეროლად. მზის სხივების ნაკლებობა კი D ვიტამინის დეფიციტს იწვევს.

ანთროპოლოგები აღნიშნავენ, რომ თირკმლის უკმარისობა სისხლის შრატში პარატიროიდული ჰორმონის მაღალი დონით ხასიათდება (ჰიპერნაცია). ამ თეორიის შესამოწმებლად მეცნიერებმა გაქვავებული ძვლების მორფოლოგია შეისწავლეს. მათ მიკროფოტოგრაფია, მიკროსკოპია, ჰისტოლოგია და კომპიუტერული ტომოგრაფია გამოიყენეს. ანთროპოლოგებმა ნიშნების მთელი რიგი აღმოაჩინეს, რითაც იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ჰეიდელბერგელ ადამიანს ჰიბერნაცია ცუდად გადაჰქონდა.

ბარციოკასი და არსუაგა აღნიშნავენ, რომ მათი იდეა ჯერ საბოლოოდ დადასტურებული არაა, თუმცა მიუთითებენ, რომ ფიზიოლოგიის თვალსაზრისით, ამაში შეუძლებელი არაფერია.

მაგალითისთვის, მათ ჩვენი შორეული ნათესავები – პრიმატები მოჰყავთ – რუხ თაგვისებურ ლემურებს შეუძლიათ რამდენიმე დღე ძილქუშს მისცენ თავი.

Leave a comment

Your email address will not be published.


*