ძველ ჩინურ სამარხში ნაპოვნია “უკვდავების ელექსირი”

ქალაქ ლოიანთან ახლოს სამარხის გათხრების დროს აღმოჩენა მოხდა.

გასულ წელს არქეოლოგები გათხრებს აწარმოებდნენ ქალაქ ლოიანთან. ქალაქი მდებარეობს ჩინეთის პროვინცია ხენიანში.

სხვა არტეფაქტებს შორის აღმოჩენილი იქნა ჰერმეტულად დახურული ბრინჯაოს ჭურჭელი. მასში 3,5 ლიტრი ნახევრად გამჭვირვალე სითხე აღმოჩნდა. სითხეს ღვინის სუნი ასდიოდა. მხოლოდ ახლახანს გახდა ცნობილი, თუ რა სითხეა ეს.

ადრე, მსგავს სამარხებში, მეცნიერები პოულობდნენ სორგოსგან და ბრინჯისგან დამზადებულ ალკოჰოლურ სასმელებს. ამჯერად აღმოჩენა სენსაციური აღმოჩნდა. ლაბორატორიულმა ანალიზმა აჩვენა, რომ სითხის შემადგენლობაში შედის კალიუმის ნიტრატი და ალუნიტი. ეს ელემენტები ნახსენებია დაოსურ “უკვდავების ელექსირის” რეცეპტში. დამზადების წესები ცნობილია უძველესი მანუსკრიპტებიდან, მაგრამ ეს მითიური სასმელის არსებობის პირველი პრაქტიკული დადასტურებაა.

უკვდავების ელექსირები მრავალი კულტურისთვის არის დამახასიათებელი. ჩინეთში დაოსელი ბერები საუკუნეების განმავლობაში ცდილობდნენ მის მიღებას იმპერატორებისთვის. განსაკუთრებით ცნობილია პირველი იმპერატორი ცინ ში ხუანდი, რომელიც ამ იდეით შეპყრობილი იყო. მან ექსპედიციაც კი მოაწყო ლეგენდარულ კუნძულზე ჯადოსნური სითხის ჩამოსატანად.

ძველ ჩინეთში ელექსირი სხვადასხვა უჩვეულო ინგრედიენტისგან შედგებოდა – კალიუმის ნიტრატის გარდა, მასში შედიოდა ოქრო, ნეფრიტი, ვერცხლისწყალი, დარიშხანი და სხვა შეუთავსებელი, ან შხამიანი მინერალები.

“სიტხეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს უკვდავების შესახებ ძველი ჩინური თეორიისა და ჩინური ცივილიზაციის ევოლუციის შესწავლის საქმეში” – ამბობს არქეოლოგიის და კულტურული რელიქვიების ინსტიტუტის დირექტორი.

ცნობილი არ არის, სვამდა ამ სითხეს ვინმე, თუ ის მხოლოდ მიცვალებულისთვის შესაწირია. ცნობილია, რომ გარდაცვლილი დიდგვაროვანი იყო და ცხოვრობდა ხანის ეპოქაში – ახ. წ  202–8 წლებში.

სამარხში ასევე აღმოჩნდა მრავალი არტეფაქტი: შეღებილი თიხის ქოთნები, ნეფრიტის და ბრინჯაოს საგნები. სამარხი საკმაოდ მოზრდილია – მას 210 კვადრატული მეტრი უკავია.

Leave a comment

Your email address will not be published.


*