წმინდა ქალაქი სრული სახელით

ისრაელის სიძველეთა სამინისტროს სპეციალისტებმა, დენიტ ლევის ხელმძღვანელობით, მიაკვლიეს უძველეს ნაკვეთ წარწერას ქვაზე, რომლის ასაკი 2000 წელია. მას კერამიკულ სახელოსნოში მიაგნეს.

უფრო ადრეულ წარწერებში იერუსალიმი იხსენიება როგორც “ერუშალემი” (წარმოითქმის “იე–რო–შა–ლა–იემ”, როგორც ეს დღეს ივრითზე იწერება).

ახლად ნაპოვნი წარწერა შესრულებულია არამეულ ენაზე და გვამცნობს: “ანანია დედალოსის ძე იერუსალიმიდან”.

ისტორიული წარწერა სპეციალისტებმა იერუსალიმის საერთაშორისო საკონფერენციო ცენტრთან, გზის მშენებლობისას იპოვეს. აქ გამოჩნდა ძველი რომაული ნაგებობის საძირკველი და ქვის სვეტები. სწორედ ერთ–ერთი სვეტის ცილინდრული ფორმის ქვაზე, რომელიც ჰეროდეს დროინდელი ადრეული ნაგებობიდან იყო აღებული, აღმოჩნდა ეს წარწერა.

“იერუსალიმის სრული სახელწოდება, რომელსაც დღეს ვიყენებთ ცნობილი იყო მხოლოდ რომის წინააღმდეგ ებრაელთა დიდი აჯანყების დროინდელი წარწერით”, – ამბობს ჰაიფას უნივერსიტეტის პროფესორი რონი რაიხი. მისი განმარტებით, “თვით ბიბლიაშიც, რომელშიც იერუსალიმი 660–ჯერ იხსენიება, ასეთი სახით იგი მხოლოდ ხუთჯერ არის დაწერილი და ხუთჯერვე შედარებით გვიან არის ჩამატებული”.

მეცნიერთა აზრით, წარწერაში მოხსენიებული მხატვარ–კერამიკოსი ანანია უნდა ყოფილიყო შვილი ასევე კერამიკოსი მხატვრისა, რომელსაც ბერძენთა მითოლოგიური გმირის სახელი ერქვა. “ასეთი ვარაუდის საფუძველს ის გვაძლევს, რომ შენობა კერამიკოსთა კვარტალში მდებარეობდა, – განმარტავს დენიტ ლევი, – უბანი მოიცავდა გამოსაწვავ ღუმლებს, აუზებს თიხის მოსამზადებლად, სათავსებს თიხის ნაკეთობათა გასაშრობად და შესანახად”. იერუსალიმი 70 წელს დაეცა, როცა ქალაქში რომის X ლეგიონი შევიდა. ანანიას სახელოსნომ კი მუშაობა მცირე მასშტაბით II საუკუნის დასაწყისში განაახლა, როცა კერამიკული პროდუქცია რომაელებსაც დასჭირდათ.

წყარო: “ისტორიანი”

Leave a comment

Your email address will not be published.


*