ხაზარებს იუდაიზმი არ მიუღიათ?!

1280px-Chasaren

ხაზართა სახაკანოს ტერიტორია.

 

დიდი ხნის განმავლობაში ხაზარებს, რომლებიც წარმოშობით ცენტრალური აზიიდან იყვნენ, იუდაიზმის მიმდევრებად მიიჩნევდნენ, მაგრამ თანამედროვე კვლევათა საფუძველზე ჩანს, რომ ისინი არასდროს მოქცეულან ამ რელიგიაზე.

იერუსალიმის უნივერსიტეტის პროფესორი შაულ სტამპფერი აღნიშნავს, რომ ხაზარებს – შავი და კასპიის ზღვის ჩრდილოეთით მოსახლე მომთაბარე ხალხს, გადაწყვეტილი ჰქონდათ იუდაიზმის მიღება, რის შესახებაც ცნობები IX საუკუნის მეორე ნახევრის ისლამურ წყაროებში მოიპოვება. ასევე არსებობს X საუკუნის ორი ებრაული წყაროც. მას შემდეგ, რაც 969 წელს კიევის დიდმა მთავარმა სვიატოსლავმა ხაზართა იმპერია ფაქტობრივად გაანადგურა, ხაზართა ხსენება ისტორიიდან შეიძლება ითქვას, გაქრა.

VII–დან X საუკუნემდე ხაზარები განაგებდნენ იმპერიას, რომელიც გადაჭიმული იყო კასპიისა და შავ ზღვას შორის. მათ კულტურასა და საზოგადოებაზე ძალიან მწირი ცნობები მოიპოვება. მათ არ დაუტოვებიათ ლიტერატურული მემკვიდრეობა, არც არქეოლოგიური მონაცემებია მდიდარი. ცნობამ მათ მიერ იუდაიზმის მიღების შესახებ დიდი ინტერესი გამოიწვია და სამეცნიერო წრეებში ფართოდ გავრცელდა.

220px-ריהל_ראלי

იეჰუდა ჰალევის (XI-XII საუკუნეების ესპანელი ებრაელი ფიზიკოსი, პოეტი და ფილოსოფოსი) ძეგლი კესარიაში.

ამბავი განსაკუთრებით პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც ებრაელმა მოაზროვნემ და პოეტმა იეჰუდა ჰალევიმ ის თავის წიგნში “ხაზარები” (იგივეა, რაც “ქითაბ ალ ხაზარი”, ანუ ხაზარების წიგნი) გამოიყენა. XX საუკუნემდე ხაზართა შესახებ ებრაულ წყაროებს ნაკლები ყურადღება ექცეოდა, მაგრამ 1932 წელს უკრაინელმა მკვლევარმა აჰათანელ კრიმსკიმ გამოაქვეყნა ხაზართა ისტორიის ექვსტომეული, რომელშიც ბევრი მნიშვნელოვანი წყარო მიმოიხილა მათი ისტორიის შესახებ. ჰენრი გრეგუარმა, ბიზანტიის ისტორიის ცნობილმა მკვლევარმა ამ წყაროების სკეპტიკური კრიტიკა დაწერა, მაგრამ 1954 წელს დუგლას მორტონ დანლოპმა კვლავ დააბრუნა ისინი ისტორიული მეცნიერების წიაღში და გამოაქვეყნა “ებრაელ ხაზართა ისტორია”. არტურ კესტლერის ბესტსელერმა “მეცამეტე ტომმა” დასავლური საზოგადოების ყურადღება მიიქცია და დაიწყო მსჯელობა აღმოსავლეთ ევროპელი აშკენაზი ებრაელების ხაზარული წარმოშობის შესახებ. ბევრი სამეცნიერო კვლევა დაიწერა ამის შემდეგ, მაგრამ საკითხი არააკადემიურ წრეებშიც გახდა პოპულარული. მაგალითად, შლომო სანდის 2009 წლის ბესტსელერი “ებრაელი ხალხის გამონაგონი”, რომელიც მიჰყვება ვერსიას აღმოსავლეთ ევროპელი ებრაელების ხაზარული წარმოშობის შესახებ. ამგვარი ინტერესის მიუხედავად, თემის სისტემური კრიტიკა თითქმის არ არსებობდა, გარდა თელ–ავივის უნივერსიტეტის მეცნიერის მოშე გილის ძალიან მოკლე და ზოგადი სტატიისა.

შაულ სტამპფერი აღნიშნავს, რომ მეცნიერები, რომლებიც ამ საკითხზე მსჯელობდნენ, ძალიან მწირი ტექსტობრივ და ნუმიზმატიკურ მასალას ეყრდობოდნენ. არქეოლოგებმა, ხაზართა ყოფილ ტერიტორიებზე გათხრებისას, ებრაული სიმბოლოთი თითქმის ვერანაირ არტეფაქტს ან საფლავის ქვას ვერ მიაკვლიეს. სტამპფერი მიმოიხილავს ყველა მნიშვნელოვან წერილობით დოკუმენტსაც, მათ შორის არაბულ და სხვა ენებზე, ასევე ესპანელი ებრაელების ლიდერის, ჰასდაი იბნ შაპრუტისა და ხაზართა მეფე იოსების მიმოწერას, რომელსაც სამეცნიერო წრეებში ხშირად კემბრიჯის დოკუმენტს ან შეხტერის დოკუმენტს უწოდებენ.

Bulgar_warrior

ხაზარი მეომარი ტყვით (VI-X სს.)

ყველა ამ მასალის შეჯერების შემდეგ სტამპფერი დაასკვნის, რომ ეს წყაროები წარმოგვიდგენს მრავალი თვალსაზრისით ურთიერთსაწინააღმდეგო, დამახინჯებულ, ანომალიური შინაარსის ცნობებს. წყაროების გულდასმით გამოკვლევით გამოჩნდა, რომ ზოგიერთი მათგანი არ ეკუთვნოდა იმ ავტორს, რომლის დაწერილადაც მიიჩნეოდა მანამდე, ნაწილი კი არასაიმედო და არადამაჯერებელია. უმეტესობა ყველაზე დამაჯერებელი წყაროებისა, როგორიცაა სალამ განმმარტებლის (IX საუკუნის მოგზაური) დეტალური მოხსენება მითიური ალექსანდრეს კედლის ძებნის შესახებ, გაგზავნილი ხალიფა ჰარუნ ალ–ვასიკისთვის 842 წელს და კონსტანტინეპოლის პატრიარქ ნიკოლოზის წერილი, დაწერილი 914 წელს, რომელშიც ხაზარებზე გვხვდება ცნობები, არანაირ მინიშნებას არ გვაძლევს ხაზართა იუდაიზმზე მოქცევის შესახებ.

იმოწმებს რა ყველა სანდო წყაროს ხაზართა იუდაიზმზე მოქცევის ამბის შესასწავლად, სტამპფერის თქმით, მარტივი და ყველაზე ლოგიკური ახსნა არის ის, რომ ხაზართა მიერ იუდაიზმის მიღება უბრალოდ ლეგენდაა, რომელსაც ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნია. არასდროს მოქცეულან ხაზარი მეფე (ხაკანი) ან ხაზარი დიდებულები ამ რელიგიაზე, – ამბობს მკვლევარი. ამთემაზე სტამპფერი წლების განმავლობაში მუშაობდა. ის წერს: “ჩემი ნაშრომის დიდი ნაწილი ეხება იმის კვლევას, რა მოხდა წარსულში რეალურად. წარმოუდგენლად ძნელია დამტკიცება, რომ რომელიმე ფაქტი (რომელიც აქამდე რეალურად მიიჩნეოდა) სინამდვილეში არ მომხდარა… არსებობს ბევრი მიზეზი, რატომაა სასარგებლო და საჭირო რეალური ფაქტის მოგონილისგან გარჩევა. ეს სწორედ ერთ–ერთი ასეთი შემთხვევაა”.

შაულ სტამპფერის დასკვნით, ხაზართა იუდაიზმზე მოქცევის ეჭვქვეშ დაყენება და მისი ფაქტობრივი უარყოფა გამოიწვევს რუსეთის, ხაზარებისა და ებრაელთა ისტორიის ზოგიერთი ფურცლის ხელახლა გადაწერას. თუ ხაზარები იუდაიზმზე არ მოქცეულან, განსჯის საგნად უნდა იქცეს ადრეულ რუსეთზე ებრაული გავლენის საკითხიც.

 

Leave a comment

Your email address will not be published.


*