“ჰაბლმა” ახალი ვარსკვლავისგან წარმოქმნილი ღამურას ფორმის ჩრდილი აღმოაჩინა

უჩვეულო მოვლენა მნათობის გარშემო არსებული გაზისა და მტვრისგან შემდგარი დისკით არის გამოწვეული.

რამდენიმე წლის წინ კოსმოსურმა ტელესკოპმა “ჰაბლმა” გველის ნისლეულში უჩვეულო მოვლენა დააფიქსირა – ღამურას ფორმის უზარმაზარი ჩრდილი. შემდგომმა დაკვირვებებმა აჩვენეს, რომ ეს ჩრდილი “ფრთებს იქნევს”. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ეს ვარსკვლავ HBC 672-ის მახლობლად მდებარე ეკზოპლანეტით უნდა იყოს გამოწვეული.

მეცნიერები თვლიან, რომ უცნაური ჩრდილი გაზისგან და მტვრისგან შემდგარი გიგანტური დისკისგან წარმოიქმნება, რომელიც ვარსკვლავ HBC 672-ს აკრავს გარს. ამასთან, ასეთი ჩრდილი რომ წარმოიქმნას, დისკი ბრტყელი კი არ უნდა იყოს, არამედ გამრუდებული, რომელიც ვარსკვლავს აბაჟურივით აფარია. სინათლე ვარსკვლავიდან თავისუფლად ვრცელდება ზემოთ და ქვემოთ, სხვა მიმართულებებით კი მას დისკის შემადგენელი ნივთიერებები ბლოკავენ. ამის შედეგად, ჩრდილი იმ ობიექტებზე ფორმირდება, რომლებიც დედამიწიდან უფრო შორს მდებარეობენ, ვიდრე თვითონ ვარსკვლავი მდებარეობს.

ვარსკვლავს აკრავს დისკი, და ეს დისკი არ ჰგავს სატურნის რგოლებს – ის ბრტყელი არ არის. ის იბერება. ეს ნიშნავს, რომ თუ ვარსკვლავიდან წამოსული სინათლე პირდაპირ ზემოთ მიდის, ის არაფრით არ არის ბლოკირებული. მაგრამ, თუ ის დისკის სიბრტყის გავლას შეეცდება, ვერ გაივლის მას და ჩრდილს გამოტყორცნის.

HBC 672 დედამიწიდან, დაახლოებით 1300 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. მასთან ახლოს წარმოქმნილი პლანეტა დისკის სიბრტყისკენ არის დახრილი, რაც იწვევს გამრუდებას.

მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ეს პლანეტა თავისი ვარსკვლავის გარშემო ბრუნვას 180 დღე ანდომებს. მათი შეფასებით, ის ისეთივე მანძილითაა დაშორებული ვარსკვლავისგან, რამდენითაც დედამიწაა დაშორებული მზისგან.

კლაუს პონტოპიდანი და მისი ჯგუფი ჩრდილს რამდენიმე ფილტრის დახმარებით 13 თვე აკვირდებოდნენ. როცა მათ ძველი და ახალი გამოსახულებები გააერთიანეს აღმოჩნდა, რომ ჩრდილი თითქოს გადანაცვლებულია. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ჩრდილის ზომა მზის სისტემის ზომაზე 200-ჯერ დიდია.

Leave a comment

Your email address will not be published.


*