“ჰაბლმა” “ფსევდორგოლებიანი” სპირალური გალაქტიკა გადაიღო

ცნობილი ტელესკოპის კოსმოსური ფოტონადირობის ახალი ნადავლი – NGC 2273.

ერთი შეხედვით გამოსახულებაზე ჩვეულებრივი სპირალური გალაქტიკაა, გაზისა და ვარსკვლავებისგან შემდგარი ორი განტოტებით. სინამდვილეში, ამ სპირალური ტოტების შიგნით არის რგოლები: სპრალები სპირალებში.

გალაქტიკის წყობის ასეთი ტიპი ცნობილია, როგორც მრავალრგოლიანი სტრუქტურა. კონკრეტულად, NGC 2273-ს აქვს შიდა რგოლი და ორი გარეგანი “ფსევდორგოლი”. როგორც ჩანს, ისინი ჩამოყალიბდნენ მაშინ, როცა ჩახვეული სპირალის ორი ტოტი შეერთდა. რგოლების ასეთი რაოდენობა ძალიან იშვიათია, ამიტომაც ეს გალაქტიკა იშვიათ მოვლენას წარმოადგენს.

თუმცა ეს, NGC 2273-ის ერთადერთი საინტერესო თავისებურება არ არის. ის მიეკუთვნება სეიფერტულ გალაქტიკებს, ანუ გალაქტიკებს, რომლებსაც ძალიან აქტიური და ძლიერად მანათობელი ბირთვი აქვთ. ენერგია სუპერმასიური შავი ხვრელიდან მოდის. ეს გალაქტიკის ცენტრს საშუალებას აძლევს, რომ ძალიან მკვეთრად იკაშკაშოს. ეს სიკაშკაშე ზომით ჩვენი გალაქტიკის, ირმის ნახტომის მსგავს გალაქტიკას საერთოდ ჩრდილავს.

NGC 2273 ფოცხვერის თანავარსკვლავედში მდებარეობს. დედამიწიდან მანძილი 95 მილიონი სინათლის წელიწადია. ეს სპირალური გალაქტიკა 1867 წელს შვედმა ასტრონომმა ნილს დიუნერმა აღმოაჩინა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*