ჰამბურგის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია

ჰამბურგის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია, ყოფილი წმინდა ნიკოლოზის მთავარი ტაძარი, თავისი 147,3 მეტრი სიმაღლის შპილით 1874-1876 წლებში ყველაზე მაღალი ნაგებობა იყო მსოფლიოში.

დღეს ის ერთ-ერთია ჰამბურგის ხუთი ლუთერანული ეკლესიიდან და ამავე დროს არის წმინდა ნიკოლოზის მემორიალიც. ტაძრის ისტორია 1195 წლიდან იწყება, როცა რეგიონში ნავსადგურების გაჩენის შემდეგ აქ აიგო მეზღვაურთა მფარველი წმინდა ნიკოლოზისადმი მიძღვნილი ხის ეკლესია. ის 1335 წლიდან შეცვალეს აგურით ნაგები ჩრდილოეთ გერმანული გოტიკური სტილის დიდი ეკლესიით. მისი კოშკი ხანძრების გამო რამდენჯერმე აღადგინეს – ბოლოს 1644 წელს და ახალი, 122 მეტრი სიმაღლის კოშკი ქალაქის სავიზიტო ბარათიც გახდა. 1842 წლის ჰამბურგის დიდი ხანძრის დროს, მრევლის დიდი მცდელობის მიუხედავად, როცა ვერ მოხერხდა დიდ სიმაღლეზე წყლის მიწოდება, ჩამოქცეული კოშკი დაეცა ნავს, რომელიც მთლიანად დაიწვა.

ტაძრის აღდგენა დაევალა გოტიკური სტილის არქიტექტორსა და შუა საუკუნეების ეკლესიების რესტავრაციის ცნობილ ექსპერტს, ინგლისელ ჯორჯ გილბერტ სკოტს. 1846 წელს მშენებლობა ძველი ეკლესიისგან ოდნავ მოშორებით დაიწყო. 1863 წლისთვის შესანიშნავი ახალი ეკლესია უკვე აკურთხეს, ხოლო 1874 წელს დასრულდა 147,3 მეტრი სიმაღლის კოშკის აგებაც. შედეგად, იმ მომენტისთვის ჰამბურგის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია გახდა ყველაზე მაღალი შენობა მსოფლიოში, რუანის საკათედრო ტაძრის დასრულებამდე 1876 წელს.

მეორე მსოფლიო ომის დროს კი, 1943 წელს “ოპერაცია გომორას” მიმდინარეობისას, ჰამბურგის დამანგრეველი დაბომბვების დროს, ეკლესიისგან სასწაულებრივად მხოლოდ ეს კოშკი გადარჩა. ნანგრევები აღარც აღუდგენიათ და ეკლესია ამიტომ ცნობილია, როგორც მეორე მსოფლიო ომის მემორიალი. კოშკის მახლობლად მომცრო მუზეუმია კოშკის ისტორიის შესახებ. 2005 წლიდან კი კოშკზე ლიფტს დამთვარიელებლები აჰყავს ბაქანზე შპილის ქვეში, 75 მეტრ სიმაღლემდე, საიდანაც მთელი ქალაქის ხედი ჩანს. თუ სატელევიზიო ანძას არ ჩავთვლით, ის დღესაც ყველაზე მაღალი ნაგებობაა ჰამბურგში.

Leave a comment

Your email address will not be published.


*