ჰერკულესის კოშკი

ჰერკულესის კოშკი დღესაც მოქმედი შუქურაა ესპანურ გალისიაში, ქალაქ ლა-კურუნიასთან. რომაულ ეპოქაში აგებული კოშკი წარმოადგენს მსოფლიოს ყველაზე ძველ მოქმედ შუქურას და იმავდროულად, მსოფლიოს ერთადერთ მოქმედ ძველრომაულ შუქურასაც. 2009 წლიდან ჰერკულესის კოშკი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს.

ლა-კურუნიას ემბლემად ქცეული 56 მეტრიანი ნაგებობა დღეს სიმაღლით მეოთხეა ესპანეთის შუქურებს შორის. ატლანტის ოკეანის კლდოვანი ნაპირის სიმაღლე, რომელზეც ის დგას ბეტონის ყურეში, 57 მეტრია. რომამდე პირენეს ნახევარკუნძულის ჩრდილო-დასავლეთი მხარე კელტების ბრიგანტიის სამეფოს ეკუთვნოდა, ქალაქი ბრიგანტია კი ბრიტანეთის კუნძულებთან ვაჭრობის ცენტრს წარმოადგენდა. მრავალი საუკუნის განმავლობაში რომაული შუქურა სწორედ “ბრიგანტიის კოშკის” სახელით იყო ცნობილი.

პირენეს ნახევარკუნძულზე რომაელების მოსვლამდე არსებობდა ბრიგანტიის სამეფო, რომლის დედაქალაქი თანამედროვე ბეტანსოსი იყო. ბრიგანტია მსხვილი სავაჭრო ცენტრი იყო ბრიტანეთის კუნძულებთან და აქ რამდენიმე საგუშაგო კოშკი იყო აგებული. ძველრომაული შუქურა ერთ-ერთი ასეთი კოშკის ადგილზე აშენდა და დიდი ხნის მანძილზე „ბრიგანტიის კოშკის“ სახელით იყო ცნობილი.

1050 წელს დაწერილ ირლანდიის დაპყრობის წიგნში ნახსენებია ლეგენდა – კელტების მეფე ბრეოგანმა დაარსა ქალაქი ბრიგანტიუმი და ბრეოგანის კოშკი ააგო. ბრეოგანის შვილებმა იტმა და მილმა შეკრიბეს არმია და მიწების დასახლება დაიწყეს. ამ მიწას კი ირლანდია დაარქვეს. მანძილი გალისიამდე 900 კილომეტრია.

რაც შეეხება გალისიურ ვერსიას, 900-1000 წლებში დაიწერა. ამ ვერსიით, ბერმა ტრეზენზინიუსმა ზღვაში შორეული ლამაზი მიწა დაინახა და ბრეოგანის შვილების მსგავსად მის შესასწავლად წავიდა.

1208 წელს მეფე ლეონა ალფონსო IX-მ პორტი ქალაქ კრუნიაში გადაიტანა. ამით ბრიგანტიასთან შუქურას კავშირი გაწყდა. მას უბრალოდ შუქურას ან ძველ ციხეს უწოდებდნენ.

ჰერკულესის კოშკის მშენებლობა II საუკუნით თარიღდება, იმპერატორ ტრაიანეს პერიოდში (98-117 წწ.). მისი არქიტექტორი გაიუს სერვიუს ლუპუსი იყო, რომელიც წარმოშობით ლუზიტანიის ქალაქ აემინიადან იყო. სამწუხაროდ მის შესახებ მეტი ცნობა არ არის შემორჩენილი. კოშკი რომაული ომის ღმერთის, მარსის პატივსაცემად ააგეს. ამის შესახებ წარწერა კოშკის ძირში ქვაზეა ამოტვიფრული.

407 წელს რომაელებმა დატოვეს გალისია. ისტორიკოსი პავლე ოროზიუსი ბრიგანტიის კოშკს თავის წიგნში მოიხსენიებს. ის აღნიშნავს, რომ გალისიურ ბრიგანტიაში დგას ძალიან მაღალი შუქურა, რომელიც ბრიტანეთისკენ იყურება. სწორედ ეს ფაქტი მეტყველებს ბრიტანეთთან სავაჭრო კავშირებზე.

შუა საუკუნეებში კოშკმა შუქურას მნიშვნელობა დაკარგა და სიმაგრედ იქცა. ძველი სავაჭრო კავშირები არაბების და საქსების შემოჭრებმა შეაჩერეს.

შემდგომ ეს სანაპირო ვიკინგების სათარეშო ადგილად იქცა. 844 წელს ვიკინგების 150 ხომალდი თავს დაესხა გალისიას და ბრიგანტია გაძარცვეს. რეიდი ასტურიის მეფე რამირო I-მა შეაჩერა. მან ახალი სათვალთვალო კოშკები ააგო და ბრიგანტიის შუქურა საომარ მიზნებში გამოიყენეს. მიუხედავად ამისა, 1015 წელს სკანდინავიურმა ფლოტმა ოლაფ ჰარალდსონის მეთაურობით ბრიგანტია მიწასთან გაასწორა.

რაც შეეხება ჰერკულესთან კავშირს, XIII საუკუნეში მეფე ალფონსო X-მ შეთხზა ახალი ისტორია, რომელიც თავის ქრონიკაშია აღწერილი. მან აღწერა ჰერკულესისმეათე გმირობა, რომლის დროსაც, ალფონსოს თანახმად, ჰერკულესმა გალისიაში სამდღიან უწყვეტ ბრძოლაში დაამარცხა გოლიათი გერიონი, რის აღსანიშნავადაც მაღალი კოშკი ააგო. ამ ლეგენდას ესპანეთში მრავალი საუკუნის განმავლობაში იქამდე უწევდნენ პროპაგანდას, სანამ ხალხმაც შუქურას ჰერკულესის კოშკი არ შეარქვა. ამ სახელის ოფიციალურად დარქმევას მხარი დაუჭირა ფილოლოგმა, ისტორიკოსმა და ესპანეთის სამეფო აკადემიის წევრმა რამონ მენენდეს პიდალმა.

XVII საუკუნეში ინგლისთან და ფლანდრიასთან ომების შედეგად ვაჭრობა ისევ დაეცა და შუქურა კვლავ მიატოვეს.

1682 წელს არქიტექტორ ამარო ანტუნეს შუქურას აღდგენა დაევალა. მან კოშკის შიგნით ხის კიბე ააგო და ორი პატარა კოშკურა დაამატა სასიგნალო სინათლისთვის.

1788 წელს მეფე კარლ III-მ შუქურას რემონტის ბრძანება გასცა, რომელიც 1791 წელს დასრულდა. სამუშაოები არქიტექტორმა ეუსტაკიო ჯიანინიმ შეასრულა და კოშკს კლასიკური იერი მისცა. ხოლო ხის კიბე ქვის კიბით შეიცვალა, რომაული ნაგებობის მოპირკეთება მოხდა, ხოლო ნახევრადმრგვალი სახურავის ადგილას კიდევ ერთი სართული დაემატა.

1799-1806 წლებში ნახშირის ლამპა მბრუნავი გახდა და ზეთის ლამპით შეიცვალა. 1861 წელს კოშკის გარშემო პლატფორმა აიგო. ხოლო 1927 წელს შუქურას ელექტროენერგია მიეწოდა.

1994-1995 წლებში ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები, რა დროსაც აღმოაჩინეს ძველრომაული და X-XII საუკუნის ნანგრევები. ასევე აღმოაჩინეს კოშკის გარე კედლის ნაშთებიც, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია.

Leave a comment

Your email address will not be published.


*