ჰერმესი – ფილიპე II მაკედონელის მეგზური სულეთში

საბერძნეთში იპოვეს მოზაიკა, რომელზეც, მკვლევართა ვარაუდით, ალექსანდრე მაკედონელის მამა, ფილიპე II არის გამოსახული.

მოზაიკა თეთრი, შავი, ცისფერი, წითელი, ყვითელი და ნაცრისფერი ქვებით არის შესრულებული. მასზე ორი მამაკაცია – ერთი, თეთრ ცხენებშებმულ ეტლზე ზის და თავზე დაფნის გვირგვინი ადგას. ცხენებს კი წინ ჰერმესი მიუძღვის, ღმერთი, რომელიც ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, გარდაცვლილთა სულებს მიწისქვეშა სამეფოში აცილებდა.

დოროთი კინგი, არქეოლოგი: “მოზაიკაზე აშკარაა ჰერმესის გამოსახულება, ზუსტად იმ სტილში, როგორადაც მას ძველ ბერძნულ და მაკედონიურ იკონოგრაფიაში გამოსახავდნენ, მაგრამ ვინ არის მამაკაცი რომელიც ეტლს მართავს და რომელსაც ჰერმესი წინ მიუძღვის? ვვარაუდობთ, რომ ის ფილიპე II მაკედონელი უნდა იყოს, რომელიც პროფილითაა გამოსახული და სახის მარჯვენა მხარეს მალავს. მან თავის დროზე ოლიმპიურ თამაშებში გაიმარჯვა, მაგრამ მარჯვენა თვალი დაკარგა”.

მოზაიკის ცენტრალური ნაწილი დაზიანებულია თუმცა, სპეციალისტებს იმედი აქვთ, რომ მის აღდგენას შეძლებენ.

ძვ.წ. IV საუკუნის მოზაიკის ზომებია 3 X 4,5 მეტრზე. მას უძველეს ქალაქ ამფიპოლისში სამარხის გათხრისას მიაკვლიეს. ქალაქი საბერძნეთის ჩრდილოეთში, თესალონიკიდან 100 კილომეტრში მდებარეობს.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სამარხი ალექსანდრე მაკედონელის ოჯახის რომელიმე წევრს ეკუთვნოდა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*