13 ნოემბერს კოსმოსური ნაგავი დედამიწაზე ჩამოიყრება

კოსმოსური ნაგვის ამოუცნობი ნამსხვრევი დედამიწაზე 13 ნოემბერს დაეცემა. ასტროფიზიკოსები ობიექტს 2013 წლიდან აკვირდებიან, მაგრამ დღემდე ვერ დაადგინეს რა წარმოშობის არის ის.

კოსმოსური ნაგვის ნამსხვრევი დარეგისტრირებულია WT1190F–ის სახელწოდებით. პირველად იგი 2013 წლის 18 თებერვალს დააფიქსირეს, შემდგომ ის დაიკარგა. იმავე წლის ნოემბერში იგი ისევ გამოჩნდა. 2015 წლის ოქტომბრისთვის, მეცნიერებმა მისი ტრაექტორია განსაზღვრეს. აღმოჩნდა, რომ ეს არის დედამიწის ხელოვნური თანამგზავრი, რომელიც ძლიერ გაწელილ ელიფსურ ორბიტაზე მოძრაობს. მიღებული მონაცემების მიხედვით, 13 ნოემბერს დედამიწას დაეცემა, შრი–ლანკისგან სამხრეთით, 65 კილომეტრში. მისი დიდი ნაწილი ატმოსფეროში დაიწვება. ცაზე შესაძლოა კაშკაშა კვალი გამოჩნდეს.

ასტროფიზიკოსებისთვის მთავარ გამოცანად რჩება WT1190F–ის წარმოშობა. მისი სიგრძე 2 მეტრს არ აღემატება. ის არ წარმოადგენს რაიმე ბუნებრივ წარმონაქმნს. მისი დაბალი სიმკვრივე ადასტურებს მის ხელოვნურ წარმოშობას. ჰარვარდელი ასტროფიზიკოსი ჯონათან მაკდაუელი ვარაუდობს, რომ ეს შეიძლება იყოს ამერიკული პროგრამა “აპოლონის” დროინდელი დეტალების ნარჩენები.

კოსმოსური ნაგვის ყველა შედარებით მსხვილი ნაწილები შეტანილია შესაბამის ბაზაში. ამიტომ, 2013 წელს “არსაიდან” გამოჩენილი WT1190F ნამდვილი სიურპრიზი აღმოჩნდა მეცნიერებისთვის. ისინი, მის მოახლოებას დიდი ინტერესით ელიან: მეცნიერებისთვის ცნობილია სულ 20–მდე მსგავსი ობიექტი, რომლებიც დედამიწის შორეულ ორბიტებზე არიან, თუმცა მხოლოდ ეს იდუმალი ნაგვის ნარჩენი ერთადერთია, რომლის ტრაექტორიის დიდი სიზუსტით განსაზღვრა გახდა შესაძლებელი.

National geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*