13 წლის ბიჭმა დანიის მეფის საგანძურს მიაკვლია

ბალტიის ზღვაში, გერმანიის კუნძულ რიუგენზე, 13 წლის ბიჭმა და მოყვარულმა არქეოლოგმა, მისმა მასწავლებელმა, ვიკინგების ხანის უიშვიათესი განძი აღმოაჩინეს. განძი ყელსაბამებს, მარგალიტებს, სამაჯურებს, ბეჭდებსა და 600–ზე მეტ ვერცხლის მონეტას მოიცავს და სულ მცირე, ათასი წლისაა. მისი ერთი ნაწილი დანიის მეფე ჰარალდ გორმსონს ეკუთვნის, რომელმაც ქვეყანაში ქრისტიანობა შეიტანა. ფერშეცვლილი კბილების გამო ჰარალდს ლურჯკბილას სახელით იცნობდნენ.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ სახელმწიფო არქეოლოგიური ოფისის მოხალისე არქეოლოგმა რენე შონმა, რომელიც განძს საკუთარ მოსწავლესთან, 13 წლის ლუკა მალაშნიჩენკოსთან ერთად ლითონდეტექტორით ეძებდა, მოულოდნელად ალუმინის ნამტვრევის მსგავსი ნივთი იპოვა. როცა ის სახელმწიფო ოფისში მიიტანეს, გაირკვა, რომ ეს იყო ვერცხლის მონეტა, რომელიც ვიკინგების ხანის სავაჭრო დასახლება ჰედებიუს ეკუთვნოდა.

სახელმწიფო ოფისმა მოზარდსა და მოყვარულ არქეოლოგს სთხოვა, გათხრებამდე აღმოჩენა საიდუმლოდ შეენახათ. ამ ეტაპზე უკვე გათხრილია 400 კვმ და აღმოჩენილია საკმაოდ დიდი ოდენობის განძი.

გერმანიის მიწის, მეკლენბურგ–წინა პომერანიის სახელმწიფო არქეოლოგიურ ოფისში განმარტავენ, რომ ეს ამ სახის მონეტების უდიდესი საგანძურია სამხრეთ–აღმოსავლეთ ბალტიაში.

მეცნიერთა შეფასებით, ახალაღმოჩენილი მონეტები ამ რეგიონში ლურჯკბილას მეფობის პერიოდს ეკუთვნის. მათ შორის ყველაზე ძველი მონეტა, დამასკოს დირჰამი 714 წლით თარიღდება, ყველაზე ახალი პენი კი 983 წლით.

ლურჯკბილას ეპოქასთან დაკავშირებულ საგანძურს ამ ზონაში ადრეც მიაკვლიეს. მათ შორის კუნძულ ჰიდენზეეს განძს, რომელიც ქრისტიანულ ოქროს ჯვრებთან ერთად, ვიკინგების ღმერთ თორის ჩაქუჩის სიმბოლოებსაც მოიცავს.

ჰარალდ გორმსონი დანიას 910–987 წლებში მართავდა. სიცოცხლის მიწურულს, ხანშიშესულ ლურჯკბილას საკუთარი ვაჟი, სვენი აუჯანყდა და ტახტიდან ჩამოაგდო. ლურჯკბილა ბალტიის ზღვის გავლით ჩრდილო–აღმოსავლეთ გერმანიაში, პომერანიაში გაიქცა და იქ გარდაიცვალა.

წყარო: “ისტორიანი”

Leave a comment

Your email address will not be published.


*