1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატი და მაჰმადიანური სამყარო

Heraclius_II_of_Eastern_Georgia

ერეკლე II

1783 წლის 24 ივლისს რუსულ ციხესიმაგრე გეორგიევსკში, ერთი მხრივ, გენერალმა პაველ პოტიომკინმა, მეორე მხრივ კი თავადებმა იოანე მუხრან–ბატონმა და გარსევან ჭავჭავაძემ ხელი მოაწერეს რუსეთსა და საქართველოს შორის მფარველობით ხელშეკრულებას, რომელიც ისტორიაში “გეორგიევსკის ტრაქტატის” სახელით შევიდა და რომელმაც საქართველოს ცხოვრებაში ახალ ეტაპს დაუდო საფუძველი.

1783 წლის 2 ნოემბერს თბილისში ტრაქტატით გათვალისწინებული ორი რუსული ბატალიონი შემოვიდა.

თბილისელები მათ აღფრთოვანებით შეხვდნენ, რადგან მათში მშვიდობიან ცხოვრებას, მტრის თავდასხმებისგან დაცვას და სამართლიანობის გარანტიას ხედავდნენ.

მაგრამ ზეიმი ჩქარა დამთავრდა და ქართველებმა იგრძნეს, თავისი არჩევნის საზღაურად რა განსაცდელის გადატანა ელოდათ წინ.

გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმებამ სულთნის კარი და გარემომცველი მაჰმადიანური სახანოები უკიდურესად შეაშფოთა. რუსის ჯარის საქართველოში შემოსვლა და აქ ფეხის მოკიდება მათთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენდა. თურქეთის კარზე კარგად იცოდნენ, რომ ყირიმისა და ყუბანის შემოერთების წინა ხანებში რუსეთში მუშავდებოდა ე. წ. საბერძნეთის პროექტი, რომელიც თურქეთის სრულ მოსპობას და მის ნანგრევებზე დიდი საბერძნეთის და სომხეთის სახელმწიფოთა აღდგენას ითვალისწინებდა. გაფორმებული დოკუმენტით თურქეთს რუსეთის პირისპირ კიდევ ერთი ბარიერი ეშლებოდა. საჭირო იყო ენერგიული კონტრზომების განხორციელება და აქ მისაღებად ჩათვალეს თურქეთის გავლენიანი და ძლიერი მოხელის, სულეიმან ფაშას (ჯაყელის) გეგმა: საქართველოს საწინააღმდეგო გამუდმებული მოქმედებით ეს ქვეყანა ისე დაესუსტებინათ, რომ მას რუსეთთან კავშირში თურქეთის საწინააღმდეგო მოქმედების თავი არ ჰქონოდა საქართველოს დასამხობად მოქმედება სულთანმა სულეიმან ჯაყელს მიანდო. ეს მოქმედება კი ლეკთა და აზერბაიჯანულ სახანოთა საქართველოზე პერმანენტული გამანადგურებელი შემოსევებით და სხვა ღონისძიებებით უნდა განხორციელებულიყო.

“დაწყევლილმა რუსებმა – სწერდა სულთნის სახელით ახალციხის ფაშა – კავკასიაზე გზა გაიყვანეს, ახლა წამოვა არტილერია და ჯარები, შეიჭრებიან სპარსეთში და თურქეთში და ყველაფერს ჩაყლაპავენ”.

p1000977

გეორგიევსკის ტრაქტატი

ლეკთა ყაჩაღური შემოსევების აღსაკვეთად რუსეთმა საქართველოში ორი ბატალიონი შემოიყვანა ს. დ. ბურნაშოვის მეთაურობით, მაგრამ ამან უკუშედეგი გამოიღო, რადგან გაავებულმა მაჰმადიანურმა გარემოცვამ საქართველოს წინააღმდეგ მოქმედება გააათკაცა. მით უმეტეს, რომ აქედან გარდა ტრადიციული ნადავლისა, სულთნის კარი მათ ჯამაგირებს, სურსათსა და ახალციხეში ყოფნის ფასსაც კი აძლევდა. უნდა აღინიშნოს, რომ მათ წინააღმდეგ რუსული შენაერთები თავგამოდებით, შეუსვენებლად იბრძოდნენ, კიდევ უფრო გააძლიერა ბრძოლა ქართულმა ლაშქარმაც ერეკლეს მეთაურობით, მაგრამ მოწინააღმდეგის ჭარბ ძალებს და ქურდულ, პარტიზანულ ტაქტიკას ვერაფერს უხერხებდნენ. ქვეყანა უკიდურესად დასუსტდა, რუსული შენაერთები დაიღალნენ, შველა არსაიდან იყო მოსალოდნელი.

1785 წლისთვის მტერმა ავართა ომარ ხანის მეთაურობით საქართველოს სრულ გასანადგურებლად გენერალური შეტევა დაგეგმა.

18 აგვისტოს მიიღეს ცნობა, რომ ომარ ხანის ჯარები ალაზნისკენ დაიძრნენ. მეფემ ლაშქრის შეკრება ბრძანა და ისე განალაგა, რომ მტერს ქვეყნის მთავარ პუნქტებში შემოჭრის შესაძლებლობა მოსპობოდა.

catherine_ii_and_potemkin_modern_collage

რუსეთის იმპერატორი ეკატერინე II და გენერალი პოტიომკინი

13 სექტემბერს ბურნაშოვი რუსული ასეულებით და ერეკლე ქართული ცხენოსანი ჯარით სიღნაღში შეიყარნენ. მეორე მხრიდან ალაზანს ომარ ხანიც მოადგა 20 000–იანი ლაშქრით. მათ პირისპირ 150 რუსი სალდათი და 5 000 ქართველი მოლაშქრე იდგა. ვერც ერთი მხარე ბრძოლის დაწყებას ვერ ბედავდა. ბოლოს ომარ ხანმა, 17 სექტემბერს, ალაზანი გადმოლახა, მტკვრის მარჯვენა ნაპირს აუყვა და ბორჩალოსკენ აიღო გეზი. ქართულ–რუსული რაზმები უკან დაედევნენ, მაგრამ უშედეგოდ. მტერმა მარნეულთან ალგეთი გადმოლახა. რაკი გაირკვა მტრის მოძრაობის მიმართულება, ქართულმა ლაშქარმაც იქითკენ აიღო გეზი და 20 სექტემბერს მარნეულში იყო, მაგრამ დაიგვიანა, ამასობაში ომარ ხანმა ააოხრა ბორცალოს სოფლები, წაიყვანა მძევლები და დებედას ხეობით ვერცხლის მადნებისკენ გაემართა. 21 სექტემბერს ერეკლე ბორჩალოში მივიდა, მაგრამ მტერმა გაასწრო და ხეობას შეაფარა თავი. ხეობაში არტილერიით და აღალით მოძრაობა შეუძლებელი იყო. მოკავშირეთა შეფერხებამ ომარ ხანს საშუალება მისცა, აეფეთქებინა ახტალის დიდებული ციხე, გაეძარცვა და გაენადგურებინა ოქროსა და ვერცხლის ქარხნები, დაენგრია ეკლესია; გზად ყველა სოფელი ააოხრა, დახოცა 640 დამხვდური, 860 ტყვედ წაიყვანა და ახალციხეში გადავიდა. იმერეთში გადასვლაც დააპირა, მაგრამ ვერ გაბედა. თურქეთისაგან ჯამაგირი, სურსათი, ფურაჟი, თავშესაფარი მიიღო და ახალციხეში გამოიზამთრა. 1786 წლის გაზაფხულზე ახალციხიდან ომარ ხანის შემოსევები განახლდა. ერეკლემ მასთან მოლაპარაკება გადაწყვიტა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა: “ვიდრე რუსის ჯარი საქართველოში იქნება, მე ნაბრძანები მაქვს, საქართველოს წინააღმდეგ მოქმედება არ შევანელო”.

ამრიგად, 1785–1786 წლებში საქართველოში უმძიმესი ვითარება შეიქმნა, ქვეყანა დასუსტდა, ხაზინა დაცარიელდა, ვერცხლის ქარხნების განადგურება აუნაზღაურებელი დანაკლისი იყო. ხალხი სასოწარკვეთილებას მიეცა, რადგან რუსეთთან კავშირმა ქვეყნის მდგომარეობა უკიდურესად დაამძიმა. ერეკლეს შინაურები თუ დიდებულები მისი პოლიტიკით უკმაყოფილებას ვერ მალავდნენ.

ამასობაში რუსეთ–თურქეთის ომი დაიწყო და ახალციხის ფაშა ერეკლეს დაუტკბა, რადგან მის ბატონს ( სულთანს) საქართველოდან ფრონტის გახსნა არ აწყობდა. ერეკლე მძიმე მდგომარეობაში იყო და ერთადერთი გამოსავალი ახალციხესთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება ჩანდა. გარკვეული წინააღმდეგობის შემდეგ ახალციხესთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება მოხერხდა.

დიდი მატერიალური ხარჯი მოითხოვა ომარ ხანის ახალციხიდან გაშვებამ, რაც ერეკლეს მისთვის გარკვეული (თვეში 500 მ.) ჯამაგირის დანიშვნად დაუჯდა.

1787–1789 წლების ომის საბაბით რუსეთმა საქართველოდან თავისი ჯარები გაიყვანა და ქვეყანამ რამდენადმე შეღავათი მიიღო.

Leave a comment

Your email address will not be published.


*