1918 წლის 11 ნოემბერს დასრულდა I მსოფლიო ომი

1918 წლის 11 ნოემბერს, 11 საათზე დასრულდა I მსოფლიო ომი. გერმანიამ, რომელმაც დიდი დანაკარგი განიცადა, ხელი მოაწერა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას. I-მა მსოფლიო ომმა 9 მილიონი ჯარისკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო 21 მილიონი დაიჭრა. ომში მონაწილე ქვეყნებმა – გერმანიამ, რუსეთმა, ავსტრია–უნგრეთმა, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა, თითოეულმა მილიონზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა. გარდა ამისა, სულ მცირე 5 მილიონი მშვიდობიანი მოქალაქი დაიღუპა შიმშილისა და სხვადასხვა დაავადებებისგან.

Gavrilo_Princip_captured_in_Sarajevo_1914

გავრილო პრინციპის დაპატიმრება

 

1914 წლის 28 ივნისს, ერცჰერცოგი ფრანც ფერდინანდი, რომელიც ავსტრია–უნგრეთის იმპერიის მემკვიდრე იყო, მის მეუღლესთან ერთად ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში მოკლეს. ეს მოვლენა ფართოდ განიხილება, როგორც ომის დაწყების ერთ–ერთი მთავარი მიზეზი. თავდაპირველად დაგეგმილი იყო ფრანც ფერდინანდი ბომბის აფეთქების შედეგად მოეკლათ, მაგრამ ეს გეგმა ვერ განხორციელდა. 1914 წლის 28 ივნისს, 18 წლის სერბმა მოსწავლემ გავრილო პრინციპმა მოახერხა ახლო მანძილზე მიახლოებოდა ფერდინანდის მანქანას და რამდენიმე ტყვია ესროლა მისთვის და მისი მეუღლე სოფიასთვის. ისინი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალნენ. ავსტრია–უნგრეთმა მოსთხოვა სერბეთის მთავრობას ტერაქტის დამგეგმავთა გაცემა და ულტიმატუმი წაუყენა მას, რომლის გასვლის შემდეგ 1914 წლის 28 ივლისს ავსტრია–უნგრეთის იმპერიამ სერბეთის სამეფოს ომი გამოუცხადა. რუსეთმა მხარი სერბეთს დაუჭირა. გერმანიამ გააფრთხილა რუსეთი, თუ კი ისინი მობილიზაციას გამოაცხადებდნენ გერმანია მათ ომს გამოუცხადებდა.

1280px-Austrians_executing_Serbs_1917

ავსტრია–უნგრეთის ჯარისკაცები ხვრეტენ სერბ ტყვეებს

 

29 ივლისს ავსტრიულმა არტილერიამ დაბომბა სერბეთის დედაქალაქი, ბელგრადი.სერბეთის მოკავშირე რუსეთმა კი ბრძანება გასცა, ავსტრია–უნგრეთის წინააღმდეგ ჯარების მობილიზაციის შესახებ. 1 აგვისტოს რუსეთის მოკავშირე საფრანგეთმა მობილიზაცია გამოაცხადა. 3 აგვისტოს, გერმანიამ მასაც ომი გამოუცხადა. დიდი ბრიტანეთი თავდაპირველად ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც 3–4 აგვისტოს ლუქსემბურგის გავლით გერმანიის ჯარები ბელგიაში შევიდნენ, ბრიტანეთიც ომში ჩაება.

Alfred_von_Schlieffen_1906

გრაფი ალფრედ ფონ შლიფენი

მეტწილად ევროპელი ხალხი მიესალმა ომის გაჩაღებას. გერმანელები შესანიშნავად აცნობიერებდნენ, რომ ორ ქვეყანასთან ერთდროულად ომი ძალიან რთული იქნებოდა. ისიც კარგად იცოდნენ, რომ ფრანგები ძალიან სწრაფად მოახდენდნენ მობილიზაციას, ამიტომ გადაწყვიტეს, საფრანგეთისთვის სწრაფად მიეყენებინათ ძლიერი დარტყმა. გეგმა, რომლითაც გერმანელები ხელმძღვანელობდნენ ცნობილია, როგორც “შლიფენის გეგმა”. ეს გეგმა ეკუთვნის გერმანიის გენერალური შტაბის უფროსს, გრაფ ალფრედ ფონ შლიფენს. გერმანელებს მიაჩნდათ, რომ ფრანგები უპირველესად ეცდებოდნენ 1870 წელს დაკარგული ელზსის და ლოტარინგიის დაბრუნებას, ამიტომ გერმანელებმა ჯარები ჩრდილოეთიდან – ბელგიიდან შეიყვანეს და განიზრახეს ფრანგებისთვის ზურგიდან შეეტიათ. ეს იყო შლიფენის გეგმა.

შლიფენის გეგმა თითქმის წარმატებული იყო, მაგრამ საფრანგეთმა სექტემბრის დასაწყისში, მარნეში, პარიზთან ახლოს სისხლიან ბრძოლაში შეაჩერა გერმანელთა წინსვლა. 1914 წლის მიწურულს, სხვადასხვა ეროვნების მილიონზე მეტი ჯარისკაცი უკვე დაღუპული იყო და თან ომს ბოლო არ უჩანდა.

Hospital_ward

ბრიტანეთის ჰოსპიტალი დასავლეთის ფრონტზე

1915 წელს, ზამთარში, მოკავშირეთა სამხედრო ხელმძღვანელობა ცდილობდა შეემუშავებინა რაიმე გეგმა, რომლითაც მოახერხებდნენ შექმნილი ვითარებიდან გამოსვლას. გადაწყდა საომარი მოქმედებების დარდანელებზე დაწყება, რათა თურქეთი ომიდან გამოეყვანათ. მაგრამ გაზაფხულზე ეს კომპანიაც ჩიხში შევიდა. 1916 წლის დასაწყისში, გერმანიამ და ბრიტანეთმა განახორციელეს დიდი თავდასხმები დასავლეთის მხრიდან, თუმცა ვერცერთმა მოახერხა გამარჯვების მოპოვება. აღმოსავლეთით გერმანია უფრო წარმატებული იყო და დეზორგანიზებულმა რუსეთის არმიამ განიცადა უდიდესი დანაკარგი, რამაც ხელი შეუწყო რუსეთში, 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციას. 1917 წლის მიწურულს ბოლშევიკებმა რუსეთში ძალაუფლება მოიპოვეს და მაშინვე დაიწყეს მშვიდობიანი მოლაპარაკება გერმანიასთან. 1918 წლის 11 ნოემბერს, როდესაც დასავლეთის ფრონტზე არტილერია მძვინვარებდა, კოპიენის ტყეში რკინიგზის ვაგონში გერმანიამ ხელი მოაწერა ზავს.

I მსოფლიო ომი ცნობილია, როგორც “ყველა ომის დასრულების ომი”, იმის გამო, რომ მან დიდი ხოცვა–ჟლეტა და ნგრევა გამოიწვია. 1919 წელს მიღებულ იქნა სამშვიდობო შეთანხმება, რომელმაც ოფიციალურად დაასრულა ომი.

history.com-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*