1921 წლის თებერვალი

zhordania

ნოე ჟორდანია

1921 წლის იანვრის ბოლოს ვლადიმერ ილიას ძე ლენინი დემოკრატიულ საქართველოსთან ურთიერთობის გაუარესებისგან ჯერ კიდევ თავს იკავებდა. ამავე დროს, ლენინის მითითებით საგარეო საქმეთა კომისარი ჩიჩერინი საპროტესტო ნოტებს უგზავნიდა ნოე ჟორდანიას და ბრალს სდებდა საბჭოთა სომხეთის სატრანსპორტო ბლოკადაში. ამასთან, 1921 წლის 26 იანვარს რკპ ცკ მიიღო ლენინის მიერ დაწერილი დადგენილება: “… შევეკითხოთ კავკასიის ფრონტს, რამდენად მომზადებულნი არიან ჩვენი არსებული სამხედრო ძალები საქართველოსთან დაუყოვნებლივ ან მოახლოებული ომისთვის… საქართველო საშინლად გათავხედდა…”

ვის უნდა განეხორციელებინა ეს აშკარა აგრესია? ამ იდეის ხორცშესხმა დაივალა სომხეთის ახლად გასაბჭოებულმა სახელმწიფომ, რომელიც იმედოვნებდა შეესრულებინა სამხრეთ კავკასიაში “პროლეტარული რევოლუციის” დამრტყმელი ძალის ფუნქცია და მიეღო რეალური დივიდენდები”ბურჟუაზიული” საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული წარმატებული აგრესიით.

ლორეს ნეიტრალურ ზონაში, რომელიც ძირითადად სომხური მოსახლეობით იყო დასახლებული, სომხეთის კომუნისტურმა პარტიამ გაშალა აგენტურული ქსელი. პროვოკაციის დაწყების პირველ ეტაპზე, სტრატეგიული თვალსაზრისით, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა შაგალის ხიდს, რომელიც ქართულმა მხარემ დანაღმა და მას მკაცრად იცავდნენ. სომეხმა კომუნისტებმა მოახერხეს მოტყუებით ხიდის დაცვის ნეიტრალიზება და 11 თებერვალს ამბოხებაც დაიწყეს. მოულოდნელმა დარტყმამ ქართველები დააბნია, მაგრამ მათ სწრაფად აღადგინეს წონასწორობა. განსაკუთრებით იყოჩაღეს ვორონცოვკას მიდამოებში გამართულ ბრძოლაში. მაგრამ უკვე ამ დროს, 13 თებერვალს, ლორეში შემოვიდნენ რუსეთის XI არმიის საჯარო ნაწილები, რამაც რადიკალურად შეცვალა ვითარება.

საქართველოს ხელისუფლებამ სცადა ვითარების გამოსწორება მხედართმთავრის შეცვლით. დაინიშნა ახალი სარდალი, გენერალი გიორგი კვინიტაძე, მაგრამ მან უკვე ვეღარ შეძლო წინა ხელმძღვანელობის მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორება და უკან დაიხია. 1921 წლის 15 თებერვალს სტალინმა დეპეშა გამოუგზავნა სერგო ორჯონიკიძეს: “ახლავე შეუტიე, დასტურია, აიღე ქალაქი”.

vladimir-lenin_9-t

ვ. ი. ლენინი

1921 წლის 16 თებერვალს შულავერდში შეიქმნა საქართველოს რევოლუციური კომიტეტი, რომლის ხელმძღვანელად გამოცხადდა ფილიპე მახარაძე, რომელიც იმჟამად მოსკოვში იმყოფებოდა. რევკომში შევიდნენ: მამია ორახელაშვილი, შალვა ელიავა, ბორის კვირკველია, გიორგი ელისაბედაშვილი, არტემ ნაზარეტიანი. ისინი შემოუძვნენ საქართველოში კომუნისტური რუსეთის XI არმიას. საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ რევკომის წევრები კანონგარეშე გამოაცხადა.

საქართველოს რეგულარულმა არმიამ 18–22 თებერვალს შემოჭრილ მტერს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია კოჯრის მიდამოებში, აქ გმირულად დაეცნენ ქართველი იუნკერები. ამასთანავე, საქართველოს ხელისუფლებამ სამხედრო დახმარებისათვის თურქეთს მიმართა. რუსეთის არმიას კი რეზერვი ემატებოდა, ფსოუდან მოძრაობა დაიწყო დ. ჟლობას ცხენოსანმა დივიზიამ.

საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა თბილისის დატოვება და დასავლეთ საქართველოში გადასვლა, რომ ხელსაყრელი პირობები შეერჩია გენერალური ბრძოლისათვის.

1921 წლის 25 თებერვალს ქართველი კომუნისტები რუსული ხიშტის დახმარებით თბილისში შევიდნენ.

თბილისის თავზე კომუნისტური ინტერნაციონალის წითელი დროშა აფრიალდა. რუსეთის რეგულარული სამხედრო შენაერთები თბილისში განლაგდნენ. თვითმხილველი აღნიშნავდა: “სიცოცხლის ძარღვი გადაუჭრეს მთელ საქართველოს, გულები შედგნენ, სამარის სიჩუმე დამყარდა. ქართველები ლანდებად გადაიქცნენ. ხანდახან გაისმოდა თითქოს საიქიოდან მოსული და შოეს მგზავრობით დაღლილი ხმა მათი”.

რუსეთის ხიშტზე დაფუძნებული საქართველოს კომუნისტური ხელისუფლება მეფისნაცვლის ყოფილ სასახლეში დამკვიდრდა. უმაღლესი ხელისუფლება საქართველოს რევოლუციური კომიტეტის ხელში გადავიდა, რომელმაც შეაჩერა დემოკრატიული საქართველოს ყველა საკანონმდებლო გადაწყვეტილება და შექმნა აღმასრულებელი ხელისუფლება – საქართველოს სახალხო კომისართა საბჭო. სულ ჩამოყალიბდა 15 სახალხო კომისარიატი. შეიქმნა კონტრრევოლუციასა და საბოტაჟთან მებრძოლი შტაბი – საქართველოს საგანგებო კომისია (“ჩეკა”). ადგილებზე ჩამოყალიბდა რევკომები – ფაქტობრივად საოკუპაციო ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები.

საოკუპაციო სამხედრო ჯარები, თავის ქართველ თანამოძმეებთან ერთად, თბილისში არ შეჩერებულან. ისინი დასავლეთ საქართველოში დაედევნენ კანონიერ ხელისუფლებას.

Red_Army_in_Tiflis_Feb_25_1921

წითელი არმია თბილისში

ბათუმში თავშეფარებული საქართველოს დემოკრატიული ხელისუფლება აშკარად უმძიმეს ვითარებაში აღმოჩნდა – აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან მოიწევდა რუსეთის რეგულარული საოკუპაციო არმია, სამხრეთიდან კი – “დასახმარებლად” შემოსული თურქეთის სპეციალური სამხედრო შენაერთები. თურქები შეეცადნენ ბათუმისა და მისი ოლქის მიერთებას. ეს კი არ შედიოდა არც საქართველოს კანონიერი ხელისუფლების გეგმებში და, რა თქმა უნდა, არც რუსეთის ხელისუფალთა სტრატეგიულ ინტერესებში, რომლებიც ვერანაირად ვერ შეელეოდნენ ბათუმს – უმნიშვნელოვანეს ფორპოსტს შავ ზღვაში.

17–18 მარტს ქუთაისში მოხდა შეთანხმება საქართველოს დაპირისპირებულ მხარეთა შორის. შეთანხმების საფუძველზე დემოკრატიული მთავრობის მომხრე სამხედრო ძალებმა შეწყვიტეს წინააღმდეგობა და ბათუმში შეუშვეს საბჭოთა ჯარის ნაწილები, რომლებმაც სწრაფად დაიკავეს მთელი ოლქი და იქიდან გააძევეს თურქი ასკერები.

მოსკოვში 1921 წლის მარტის რუსეთ–თურქეთის ხელშეკრულების ძალით, თურქეთმა ოფიციალურად უარი თქვა ბათუმზე და მის ოლქზე, თუმცა შეინარჩუნა საქართველოს ისტორიული მიწები (კოლა–არტაანი, ოლთისი და ა. შ.). მოსკოვის ხელშეკრულება გაიმეორა ყარსის (1921 წლის ოქტომბერი) ხელშეკრულებამ, რომელიც დაიდო თურქეთსა და ამიერკავკასიის “დამოუკიდებელ” რესპუბლიკებს შორის.

საქართველოს დემოკრატიული ხელისუფლება ემიგრაციაში – საფრანგეთში გაიხიზნა და თან გაიყოლა ქართველი ხალხის ეროვნული განძეული – საისტორიო და სამუზეუმო ფასეულობა. მათი დაცვა დაევალა ცნობილ ქართველ მეცნიერს ექვთიმე თაყაიშვილს.

Leave a comment

Your email address will not be published.


*