20 ხელუხლებელი სარკოფაგი: ფასდაუდებელი აღმოჩენა ეგვიპტეში

ეგვიპტის სიძველეთა დაცვის სამინისტრომ აღმოჩენას უკანასკნელი წლების ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი უწოდა.

თებეში, ნილოსის დასავლეთ სანაპიროზე, ელ-ასასიფის ნეკროპოლში, არქეოლოგებმამნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთეს: ერთდროულად 20 იდეალურ მდგომარეობაში მყოფი ხის სარკოფაგი იპოვეს. ასეთი აღმოჩენები ძალიან იშვიათია, რადგან სიძველეებზე მონადირეები სამარხებს ათწლეულებია აცარიელებენ.

სარკოფაგები დიდ სამარხში ორ წყებად იყო დალაგებული. მათზე გარკვევით ჩანს ნახატები და ამოჭრილი ფიგურები. საღებავებს ფერი პრაქტიკულად არ დაუკარგავთ. არქეოლოგებს სარკოფაგები ჯერ არ დაუთარიღებიათ.

ელ-ასასიფი მეფეთა ველტან ახლოს მდებარეობს და ახალი სამეფოს ფარაონების ნეკროპოლია. სამარხების უმეტესობა გვიან პერიოდს ძვ. წ. 664-332 წლებს მიეკუთვნება.

აქ ასევე არის XVIII დინასტიის (1550-1292 წ.) სამარხები. ეს ახალი სამეფოს პირველი დინასტიის ფარაონების სამარხებია. ამ დინასტიას ეკუთვნოდნენ იახმოს I, ხატშეფსუტი, თუთმოს III, ამენხოტეპ III, ეხნატონი და ტუტანხამონი.

ოქტომბრის თვე ეგვიპტელი არქეოლოგებისთვის ნაყოფიერი გამოდგა: წინა კვირას ლუქსორში უძველესი “სამრეწველო” ზონა აღმოაჩინეს: სათავსოები და სახელოსნოები, სადაც სამეფო სამარხებისთვის სხვადასხვა საგნები მზადდებოდა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*