5000 წლის “სარეკლამო ბილბორდი”

არქეოლოგებმა ეგვიპტეში, უძველეს ქალაქ ელკაბთან, კლდეებზე დიდ დაფას მიაკვლიეს, რომელზეც ამოკვეთილ იეროგლიფებსაც “ბილბორდის წარწერა” უწოდეს. სიმბოლოების სიმაღლე 70 სანტიმეტრს აღწევს, მათი ასაკი კი, სულ მცირე, 5200 წელია. ერთ–ერთი იეროგლიფი სარზე წამოცმული ხარის თავია – ეს სიმბოლო სხვა ეგვიპტურ წარწერებშიც გვხვდება. ექსპედიციის ხელმძღვანელი, იელის უნივერსიტეტის პროფესორი ჯონ დარნელი განმარტავს, რომ იგი ეგვიპტური სახელმწიფოს ჩამოყალიბების ეტაპზე სამეფო ძალაუფლებას აღნიშნავდა.

სარზე წამოცმული ხარის თავი, ისევე როგორც სხვა იეროგლიფები, დაფაზე შორიდან კარგად ჩანს და მათ ქალაქში მიმავალი მგზავრები მკაფიოდ ხედავენ.

ჯონ დარნელი, იელის უნივერსიტეტის პროფესორი: “ელკაბის მახლობლად კლდეზე განთავსებული წარწერა ერთ–ერთი უძველესი და უდიდესია, რომელიც კი იეროგლიფურ დამწერლობაში შეუქმნიათ. ეს დაფა გვიჩვენებს, როგორ შექმნეს ძველმა ეგვიპტელებმა საკუთარი დამწერლობა”.

ექსპედიციამ, რომელსაც ჯონ დარნელი ეგვიპტის სიძველეთა სამინისტროსთან ერთად ხელმძღვანელობდა, სხვა ნახატებიც აღმოაჩინა, მათ შორის, სპილოების გამოსახულებით. ერთ–ერთი სპილოს მუცელში პატარა სპილოა ჩახატული – სავარაუდოდ, ძველი ეგვიპტელი მხატვარი მაკე სპილოს ამგვარად გამოსახავდა. ნახატები ძვ. წ. 4000–3500 წლებშია შექმნილი.

კიდევ ერთი ნიშანი ერთმანეთთან ზურგით მდგომი წეროებია, რომელთა შუაშიც იბისია (ეგვიპტური ყანჩა) გამოსახული. მეცნიერთა აზრით, ნიშანი წერო–იბისი–წერო გამოხატავს მზის ციკლს და ყველა იეროგლიფი ერთად შესაძლოა სამყაროზე სამეფო ხელისუფლების აღმატებაზე მიანიშნებდეს. სპეციალისტებს იმედი აქვთ, რომ ეს აღმოჩენა მათთვის გახდება გასაღები უძველესი ეგვიპტური იეროგლიფების საიდუმლოს ამოსახსნელად.

დიდი ზომის იეროგლიფები, სავარაუდოდ, მგზავრს სამეფო ძალაუფლების შესახებ შორიდანვე აცნობებდა

Leave a comment

Your email address will not be published.


*