84 მილიონი წლის წინ, პოლუსების გადანაცვლების გამო, დედამიწა გვერდზე გადაიხარა

შემდეგ კი, 5 მილიონი წლის განმავლობაში ის საწყის მდგომარეობაში დაბრუნდა.

იტალიაში, მეცნიერებმა აღმოაჩინეს კირქვის ქანები, რომლებიც ადასტურებენ, რომ 84 მილიონი წლის წინ დედამიწის პოლუსები 12º-ით გადაინაცვლეს.

ასეთი ცვლილება შეიძლება უმნიშვნელოდ მოგვეჩვენოს, თუმცა ეს ასე არ არის. კოსმოსიდან ეს მოვლენა ისე გამოჩნდებოდა, თითქოს დედამიწა გვერდზე გადაბრუნდა, თუმცა სინამდვილეში მხოლოდ მთელი პლანეტის კლდოვანი საფარველი შემობრუნდა – მყარი მანტია და ქერქი.

მეცნიერებმა სკალია როსას ვარდისფერი კირქვის პალეომაგნიტური მონაცემები შეისწავლეს. ის 145,5-65,5 მილიონი წლის წინ, ცარცულ პერიოდში ჩამოყალიბდა. იმ პერიოდში დედამიწაზე ცნობილი ტი-რექსი და სხვა დინოზავრები ბინადრობდნენ.

შესწავლილ ნიმუშებში მაგნეტიტის მრავალი მიკროსკოპული კრისტალი აღმოაჩინეს. მათში უძველესი მაგნიტური ველის კვალია დარჩენილი. ამის წყალობით, შესაძლებელია, ველის დაძაბულობისა და პოლუსების მდებარეობის გაგება სხვადასხვა წლებში.

მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ 84 მილიონი წლის წინ, ე.წ. “პოლუსების ჭეშმარიტი ხეტიალი” მოხდა – დედამიწის ქერქი პლანეტის ბრუნვის ღერძთან მიმართებაში გადაადგილდა.

განედის გადანაცვლება, რომლის კვალს კირქვის ფენა ინახავს, აჩვენებს, რომ იტალიამ 84 მილიონი წლის წინ ეკვატორისკენ გადაინაცვლა. ასეთი გადახრა შესაძლოა წყნარი ოკეანის ფილის კურსის ცვლილებას გამოეწვია. ეს დედამიწის ყველაზე დიდი ტექტონიკური ფილაა. 84 მილიონი წლის წინ, ფილამ მიმართულება იცვალა და დასავლეთით სხვა ფილის ქვეშ დაიწყო “დამალვა”. შემდგომი 5 მილიონი წლის განმავლობაში კი, ის საწყის მდგომარეობაში დაბრუნდა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*