Homo sapiens-ის სახეობა 100 000 წლით უფრო ძველი აღმოჩნდა

მაროკოს ტერიტორიაზე გაკეთებულმა ახალმა აღმოჩენამ მოაზროვნე ადამიანის წარმოშობის დრო და ადგილი შეცვალა.

კვლევები მაქს პლანკის ევოლუციური ანთროპოლოგიის ინსტიტუტის სპეციალისტების საერთაშორისო ჯგუფმა ჩაატარა. შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალ Nature–ში.

აღმოჩენა მაროკოს დასავლეთში ჯებელ–ირხუდში გაკეთდა. XX საუკუნის 60–იანი წლებიდან აქ გათხრები ტარდება. აქ ფასდაუდებელი მასალები იქნა აღმოჩენილი. მაგრამ 2004–2011 წლებში ჩატარებული გათხრები მეცნიერებს აიძულებს, რადიკალურად შეცვალონ მოაზროვნე ადამიანის წარმოშობის ისტორია. აღმოჩნდა, რომ ადამიანის ეს სახეობა უკვე 300 000 წლის წინ არსებობდა.

აქამდე Homo sapiens-ის 195 000 წლის წინანდელი ნაშთები ეთიოპიაშია აღმოჩენილი. ჩრდილოეთ აფრიკაში ნაპოვნი ნიმუშები ადასტურებს, რომ ევროპაში გადანაცვლებამდე Homo sapiens-ი აფრიკის კონტინენტს აქტიურად ითვისებდა.

მაროკოში აღმოჩენილი ფრაგმენტები – თავის ქალის ნაწილი, ქვედა ყბა, ზედა ყბის ნაწილი, ექვსი კბილი და კიდურების რამდენიმე ნაწილი – ეკუთვნოდა სამ მოზრდილს, მოზარდს და ბავშვს.

მეცნიერებმა თანამედროვე Homo sapiens-ის წარმომადგენლებთან შედარებით რამდენიმე განსხვავება იპოვეს: კერძოდ, წაგრძელებული და ქვემოთ დაშვებული თავის ქალის უკანა ნაწილი. ანთროპოლოგების აზრით, ეს იმაზე მეტყველებს, რომ 300 000 წლის წინ ეს სახეობა უკვე საბოლოოდ ჩამოყალიბდა და მხოლოდ მისი ტვინის განვითარება გრძელდებოდა.

Leave a comment

Your email address will not be published.


*