InSight-მა მარსზე მიწისძვრის პირველი პირდაპირი დადასტურება მიიღო

წითელი პლანეტა სეისმურად ბევრად უფრო აქტიურია, ვიდრე აქამდე ითვლებოდა.

NASA-ს ზონდმა InSight-მა მარსზე სეისმური აქტივობის პირველი ნიშნები ჯერ კიდევ 2019 წლის აპრილში დააფიქსირა. სამი დეტექტორისგან შემდგარი ინსტრუმენტი SEIS, გრუნტის რყევებს მაღალ და დაბალ სიხშირეებზე აფიქსირებს.

ზონდის მონაცემების დამუშავებას მეცნიერებმა თითქმის წელიწადი მოანდომეს. ახლა კი, მათ შრომის შედეგები Nature-ს სპეციალურ გამოშვებაში გამოქვეყნდა.

მარსი სეისმურად აქტიური პლანეტაა. მისი წიაღი მთვარისაზე უფრო აქტიურია, მაგრამ უფრო მშვიდია, ვიდრე დედამიწის.

235 მარსული დღის მანძილზე აპარატმა 174 ბიძგი დააფიქსირა. მათგან 150 მაღალი სიხშირის იყო, დანარჩენი 24 კი – დაბალი სიხშირის. ისინი 20-30 კილომეტრის სიღრმეში წარმოიშვნენ და მათი სიძლიერე 3-4 მაგნიტუდა იყო. ასეთ ბიძგებს ადამიანი იგრძნობდა, თუ ის მარსზე ეპიცენტრის მიდამოებში იქნებოდა.

ეს 24 ბიძგი დაბალსიხშირიანია და სპექტრული ფორმით იმავე კანონებს და მასშტაბებს ექვემდებარება, რასაც ბიძგები დედამიწაზე და მთვარეზე. ეს გვაფიქრებინებს, რომ მათ ტექტონიკური წარმოშობა აქვთ.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ორი ყველაზე ძლიერი ბიძგი ცერბერის შვერილებზე მოხდა. ეს ბზარების და ნაპრალების ერთობლიობაა მარსის ეკვატორთან ახლოს. ცერბერის შვერილები მარსის ყველაზე ახალგაზრდა გეოლოგიურ რაიონად ითვლება, ვულკანური აქტივობის თვალსაზრისით. ბოლო ამოფრქვევა აქ, დაახლოებით 10 მილიონი წლის წინ მოხდა.

ეს ფაქტი, შეიძლება მარსზე თანამედროვე ტექტონიკური და მაგმური აქტივობის გაჩენას ნიშნავდეს, თუმცა ეს პლანეტის ვულკანური და გეოლოგიური ევოლუციის თანამედროვე წარმოდგენებს ეწინააღმდეგება.

კოსმოსური ზონდი InSight 2018 წლის მაისში გაუშვეს და მარსზე 2018 წლის 26 ნოემბერს დაეშვა, სადაც სეისმომეტრი SEIS-ი დააყენა. გასული წლის თებერვლის ბოლოს აპარატმა პირველად გაბურღა მარსის გრუნტი. მისია კიდევ ერთ წელიწადს გაგრძელდება.

Leave a comment

Your email address will not be published.


*