Y–ქრომოსომა გამრავლებისთვის საჭირო არ არის

ბიოლოგების ახალი აღმოჩენა მთელ კაცობრიობას მომავლის იმედს აძლევს.

კაცობრიობის ძლიერი ნახევარი Y ქრომოსომის გარეშე ვერ იარსებებს: ის საჭიროა მამრობითი ორგანიზმის ფორმირებისთვის და შეიცავს უნიკალურ გენს, რომელიც “მამრის” ევოლუციურ თვისებებზე აგებს პასუხს, მათ შორის განაყოფიერებაზე,

მაგრამ, ახლა მეცნიერები მზად არიან იდავონ –Y ქრომოსომა შთამომავლობის შექმნისთვის საჭირო არ არის.

ორი წლის წინ ჰავაის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა საინტერესო აღმოჩენა გააკეთა: მათ აღმოაჩინეს, რომ Y ქრომოსომის 86 გენიდან გამრავლებაში მონაწილეობს მხოლოდ ორი – Sry, საკვერცხეების მუშაობის მარეგულირებელი და Eif2s3y – სპერმის წარმომქმნელი.

წელს მეცნიერებმა მუშაობა განაგრძეს მარსელის უნივერსიტეტის ბიოლოგებთან ერთად. მათ გამოიყვანეს მამალი თაგვები, რომლებსაც Y ქრომოსომა საერთოდ არ აქვთ, რათა გაარკვიონ მათი გამრავლების უნარი.

მეცნიერებმა Sry გენი შეცვალეს Sox9–ით, რომელიც მე–11 ქრომოსომაშია, Eif2s3y კი შეცვალეს მისი ქალური ექვივალენტით – Eif2s3x–ით. ამ ექსპერიმენტული დნმ–ის მქონე მამრებით ჩაატარეს ხელოვნური განაყოფიერება და შედეგად დაიბადა ახალი და რაც მთავარია გამრავლების უნარის მქონე თაობა.

ბიოლოგების აზრით, ეს აღმოჩენა ოპტიმიზმს აჩენს. ჯერ ერთი – იგი ამტკიცებს, რომ ჩვენს გენომს შეუძლია ახალ პირობებთან ადაპტირება. მეორეც – იგი აძლევს მომავლის იმედს კაცობრიობას. ცნობილია, რომ დღეისთვის Y ქრომოსომას დაკარგული აქვს თავისი პირველყოფილი გენების 90% და ამას ახლაც აგრძელებს. მისი მუტაციის რისკი დნმ–ის სხვა უბნებთან შედარებით 5–ჯერ მეტია. სამყარო Y ქრომოსომის მატარებლების გარეშე მომავალში სავსებით რეალური შეიძლება გახდეს. მთავარია იმის ცოდნა, რომ ადამიანს ასეთ პირობებშიც შეეძლება გამრავლება.

National Geographic-ის მიხედვით.

Leave a comment

Your email address will not be published.


*