რატომ აქვთ ურანს და ნეპტუნს ლურჯის სხვადასხვა ელფერი?

ცოტა ხნის წინ მეცნიერებმა ამ კითხვას პასუხი გასცეს.

ურანი და ნეპტუნი – მზის სისტემის ყინულის გიგანტები არიან, რომლებიც ლურჯი ნათების სხვადასხვა ელფერს ასხივებენ. მეცნიერებმა უკვე გაარკვიეს, რატომ არის ურანი ბაცი ცისფერი, ხოლო ნეპტუნს აქვს უფრო მუქი კობალტისფერი შეფერილობა.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა განაცხადეს, რომ პასუხი ატმოსფეროს გარკვეულ ფენაში იმალება, რომელიც ურანს ორჯერ სქელი აქვს. ამ ფენას “აეროზოლ-2”-ს უწოდებენ: ის ტალღის ხილულ დიაპაზონში თეთრად ჩანს და ურანის ნათებას განაპირობებს. სწორედ მის გამო აქვს მზის სისტემის მეშვიდე პლანეტას უფრო ბაცი ლურჯი ფერი, ვიდრე ნეპტუნს.

ორივე ყინულის გიგანტი ატმოსფეროში შეიცავს წყალბადს, ჰელიუმს და მეთანს. თუმცა, ამ პლანეტებს სხვა ქიმიური ნივთიერებებისგან წარმოქმნილი ნისლის ფენაც აკრავს. ურანზე და ნეპტუნზე, ასევე, არსებობს წყლისგან, მეთანისგან და ამიაკის ყინულისგან შემდგარი ოკეანეები.

ღრუბლების და ქარების ზოლები ურანის ეკვატორის პარალელურად არიან გადაჭიმული. მათ პლანეტის სწრაფი ბრუნვა აკონტროლებს და არა მზის სითბო. მიუხედავად იმისა, რომ ნეპტუნი მზის სინათლის მცირე რაოდენობას ღებულობს, პლანეტის ატმოსფერო ძალიან აქტიური და დინამიურია: იქ ფიქსირდება ძლიერი შტორმები და მაღალი სიჩქარის ქარები. ყინულის გიგანტების ფერს მეთანი განსაზღვრავს. მეთანი შთანთქავს სპექტრის წითელ ნაწილში მდებარე 600 ნანომეტრი სიგრძის ტალღებს და წინაღობის გარეშე ირეკლავს ლურჯ ფერს (მზის სისტემის ყველა პლანეტის არეკლილი სინათლე).

მეცნიერებმა ტელესკოპ “ჰაბლის” და “ვოიაჯერ-2”-ის გამოყენებით ურანის და ნეპტუნის ატმოსფეროების მოდელები შექმნეს. ორივე პლანეტას, დაახლოებით, ერთნაირი ატმოსფერო აქვს ერთნაირი ტემპერატურის ტროპოსფეროთი. მაგრამ მოდელირებამ აჩვენა, რომ ურანს უფრო მკვრივი ატმოსფერო აქვს, ვიდრე ნეპტუნს. ამიტომაც ჩანს ის უფრო მკრთალი ცისფერი.

Leave a comment

Your email address will not be published.


*